ეკა ბესელია: „ხელისუფლებას ვადას ორშაბათამდე ვაძლევ“

ეკა ბესელია: „ხელისუფლებას ვადას ორშაბათამდე ვაძლევ“

„ხელისუფლების გაუაზრებელი და უსამართლო გადაწყვეტილების გამო გადამზიდავი კომპანიების მძღოლებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ“,- ამ შინაარსის განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარმა კანდიდატმა ეკა ბესელიამ გადამზიდავი კომპანიების „გეო-ტრსნსის“, „ოშიანეთ ჯორჯიას“ და „გლობალ ლინკის“ მძღოლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ბესელიამ აღნიშნა, რომ გადამზიდავები მონოპოლისტური ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე ბოლო ორი თვეა გაჩერებულები არიან და ვერ მუშაობენ. მძღოლები ელოდებიან გადაწყვეტილებას, როდის მისცენ მუშაობის უფლებას.

„ხელისუფლება პირდება მოსახლეობას, რომ პირველ რიგში, სამუშაო ადგილებს შექმნის და გადაჭრის უმუშევრობის პრობლემას. ამის სანაცვლოდ ყოველდღიურად იზრდება უმუშევართა რიცხვი. ჩვენ კვირის ბოლომდე ვაძლევთ ვადას, რათა გადაწყდეს ეს პრობლემა და მძღოლებს მისცენ საშუალება კეთილსინდისიერი შრომით არჩინონ ოჯახები. თუ ორშაბათისთვის კონკრეტული დადებითი პასუხი არ იქნება, ჩვენ დავგეგმავთ საპროტესტო ღონისძიებებს, მანიფესტაციებს“, - განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა ეკა ბესელიამ. 

დეპუტატობის კანდიდატს აინტერესებს, სად არიან შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც თავად ხედავენ, რომ ფოთში ამ რაოდენობის გადამზიდავი მანქანა არის გაჩერებული და მძღოლებს სამუშაო არ ეძლევათ. ეკა ბესელიას თქმით, ყველა კომპანიას მისცეს გაფრთხილება, არ მოხდეს ტვირთების ავტომანქანებით გადაზიდვა.

ბესელიამ, კოალიცია „ქართული ოცნების“ სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა მძღოლებს და დასძინა, რომ პრობლემის გადაწტვეტა უსწრაფესად შეიძლება, მით უმეტეს, საარჩევნო პროცესში.

„გუშინდელი საპროტესტო აქციის შემდეგ გარკვეული კომპანიებიდან იყო მცდელობა დაწყებულიყო მოლაპარაკება. თუ პრობლემა მოგვარდება, ვინც უნდა, იმან დაიბრალოს მიღწეული შედეგი. ხელისუფლებას უნდა ეყოს კეთილგონიერება და ეს პრობლემა მოაგვაროს. თუ არა და 1 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ მოვაგვარებთ. მე, პირადად მზად ვარ ბოლომდე მხარში დავუდგე ამ პრობლემის გადასაჭრელად ყველა მძღოლს. მაინტერესებს, თუ თურქებისთვის, სომხებისთვის და აზერბაიჯანალებისთვის არ არის აკრძალული საქართველოში ტვირთების გადაზიდვა, ქართველი გადამზიდავები რატომ გააჩერეს?! აშკარაა, რომ საქმე გვაქვს მონოპოლისტურ ბიზნესთან“, – დასძენს ბესელია.

რაც შეეხება თავად გადამზიდავებს, ისინი გარმარტავენ, რომ თუ რკინიგზამ ტვირთების ნაწილი მაინც არ დათმო, ისინი ისევ უმუშევრად დარჩებიან.  

„გვეუბნებიან, ტვირთები რკინიგზამ უნდა გადაზიდოს, რკინიგზა უნდა დავტვირთოთო. გასაგებია, მაგრამ ჩვენც გვინდა მუშაობა ოჯახები რომ ვარჩინოთ. მძღოლების 80%-ს გადამზიდი მანქანები კრედიტებით აქვთ ნაყიდი. ბანკებში პროცენტები იზრდება და ზოგმა ჩვენგანმა უკვე დაკარგა ბინა. მანქანები გაჩერებულია, გაჭედილია სადგომი.  აზერბაიჯანელები მუშაობენ, სომხები მუშაობენ, თურქები მუშაობენ და მხოლოდ ქართველები ვართ გაჩერებული. ყოფილა შემთხვევა, რომ „პერეგრუზკაზე“ ქართველებს აჯარიმებენ, აზერბაიჯანელებს არა“, - აცხადებენ გადამზიდავები, რომლებმაც საპროტესტო აქციები დაიწყეს და გაჩერებას მანამდე არ აპირებენ, სანამ ხელისუფლება გადამზიდავებისადმი დამოკიდებულებას არ შეიცვლის და მათ მუშაობის საშუალებას არ მისცემს.

ეკა ბესელიამ ხელისუფლებას პრობლემის გადაჭრის ვადა ორშაბათამდე მისცა.