ხელისუფლების მორიგი შავი პიარი ვეღარ ჭრის

ხელისუფლების მორიგი შავი პიარი ვეღარ ჭრის

ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილსა და მისი კოალიციის წევრებს რუსეთუმეებს და ქვეყნის გამყიდველებს უწოდებს. ცნობილი ხდება, რომ ივანიშვილის შესახებ პროვოკაციული ფილმი მზადდება და მასზე ხელისუფლების საკმაოდ მაღალი რანგის წარმომადგენლები მუშაობენ. „შავი პიარის“ ახალი ტალღის აგორების შესახებ facebook-ის საკუთარ გვერდზე კახი კალაძეც წერდა. იგივე თემაზე აქვეყნებს სტატიას გაზეთი „რეზონანსი“, რომელსაც ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრის, ელისო ჩაფიძის კომენტარი მოჰყავს.

„უახლოეს დღეებში ძალიან ბევრი სიურპრიზის მოწმეები გავხდებით. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ისინი ძალიან ბინძურ ფილმებს ამზადებენ და ბევრ სხვა რაღაცასაც. დარწმუნებული ვარ ეს ბიძინა ივანიშვილის და კახი კალაძის წინააღმდეგ იგეგმება, იმიტომ, რომ ეს ადამიანები გამოიკვეთნენ, როგორც ყველაზე მაღალრეიტინგული ლიდერები.

ვინ მოამზადა 7 ნოემბერთან დაკავშირებით კლიპი?

- აღიარა კიდეც თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ ეს დანაშაული იყო, მაგრამ არავინ დასჯილა. კონკრეტული სახელები და გვარების დასახელება გამიჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იგივე გუნდი აკეთებს ამ სიბინძურეს. ეს იქნება პრეზიდენტთან დაახლოებული რამდენიმე კაციანი საბჭო, რომელთა წევრებიც ძალიან ბევრ ბინძურ რამეს კადრულობენ წინასაარჩევნოდ. მათ მანამდეც სცადეს ქალბატონ მანანა კობახიძესთან დაკავშირებით აეგორებინათ რაღაც სისულეები, მაგრამ ვერაფერი აღმოუჩინეს. ყველა ჩვენგანი კარგად აცნობიერებს იმას, რომ ვართ დარტყმის ქვეშ, მაგრამ ჩვენს მომხრეებს ასეთი სიბინძურეების არ სჯერათ“, - აცხადებს „რეზონანსის“ კორესპონდენტთან საუბრისას ელისო ჩაფიძე.

ამის პარალელურად საკმაოდ პროვოკაციულ ინფორმაციას ავრცელებს „სამეგრელოს მედიაორგანიზაცია“. მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოფიციალურად დაიწყო ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო PR-კამპანია.

„იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტები აფხაზებთან ერთად პატრულირებენ და ქართველებს „საზღვრის“ გადაკვეთის გამარტივებას ჰპირდებიან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს და მის წინა დღეებში, იმ პირობით, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის კოალიციას მისცემენ ხმას. ადგილობრივები შესაძლო პოლიტიკურ გარიგებაზე მიანიშნებენ და აცხადებენ, რომ გალში, სოხუმსა და აფხაზეთში ადგილობრივი მარიონეტული ხელისუფლება რუს ოკუპანტებთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა აფხაზეთში მცხოვრებმა ქართველებმა არჩევნებზე მხარი სწორედ ბიძინა ივანიშვილს დაუჭირონ. მათივე თქმით, რუსი ოკუპანტები და აფხაზი მარიონეტები ადგილობრივებს გზის გახსნას და თავისუფალ გადაადგილებას სექტემბრის შუა რიცხვებიდან ჰპირდებიან“, - წერს სამეგრელოს მედიაორგანიზაცია.

აქვე ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებების თანახმად, საჭიროა აფხაზური და ოსური მხარეების აღიარება კონფლიქტის მხარეებად და მათთვის ბოდიშის მოხდა.

„საკუთარი გუნდის წარდგენის დროს, 2012 წლის თებერვალში, გარემოცვის ერთ-ერთი წევრის გურამ ოდიშარიას წარდგენისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:

„გურამ ოდიშარია – ცნობილი სოხუმელი მწერალი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებში“, - ნათქვამია სამეგრელოს მედიაორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ეს ის ორგანიზაციაა, რომლის ჟურნალისტებიც ტელეკომპანია „მეცხრე არხისა“ და სააგენტო „ინფო9“-ს ჟურნალისტებს დასდევენ და მაპროვოცირებელ კითხვებს უსვამენ. თავისუფალი მედია-საშუალებები კი ამ ორგანიზაციას ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებენ.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე სამეგრელოს მედიაორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაციას და აბსურდს უწოდებს, ხოლო თავად ამ მედიაორგანიზაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფად მოიხსენიებს.

„საერთოდ გაურკვეველია, ეს რა ორგანიზაციაა, რომელიც დესტრუქციულ ქმედებებშია შემჩნეული. მისი წარმომადგენლები დადიან და ჟურნალისტებს ავიწროვებენ. დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელოს მედიაორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს რაღაც ქვედანაყოფია. თუკი გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს რუსები და აფხაზები საზღვარზე გადმოსვლის გამარტივებას ჰპირდებიან იმ პირობით, რომ ისინი არჩევნებში ბიძინა ივანიშვილს დაუჭერენ მხარს, მსგავსი ინფორმაცია შეიძლება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მიერ იყოს გავრცელებული, სწორედ იმისთვის, რომ სეპარატისტებთან, ან თუნდაც რუსებთან გარიგება დაგვაბრალონ.

აქვე აღვნიშნავ, რომ აფხაზები არიან ჩვენი ძმები, რომლებთანაც კავშირის აღდგენა გვინდა. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ აფხაზები და ასევე აფხაზეთის ტერიტორია. ჩვენ კონფლიქტი გვაქვს რუსებთან და არა აფხაზებთან, ან ოსებთან“, - აცხადებს მანანა კობახიძე.

აქვე იგი დასძენს, რომ თუკი აფხაზებს გაუჩნდათ სურვილი, რომ მათ კავშირი დაამყარონ ახალ ძალასთან, რომელსაც საქართველოს ჩიხიდან გამოყვანა სურს, ანუ „ქართულ ოცნებასთან“, ამაში ცუდი არაფერია.

„ჩვენ სწორედ ამას ვამბობთ, რომ ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან აღვადგენთ ურთიერთობას. ამაში ცუდი არაფერია, მათთან ურთიერთობის გარეშე ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. პირიქით, თუკი „ქართულ ოცნებაში“ დაინახეს ის ძალა, რომელთან ურთიერთობაც მათ სურთ, ეს მისასალმებელია. აქ რუსეთი არაფერ შუაშია. ეს ყველაფერი უბრალოდ შავი პიარია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ეწევა, თითქოს ის რუსეთთან არის გარიგებული, მაგრამ ხალხმა ძალიან კარგად იცის ყველაფერი და ამ ხელისუფლებას არაფერი გამოუვა“, - ამბობს კობახიძე.

„ქართული ოცნების“ წევრი, მწერალი გურამ ოდიშარია ამბობს, რომ არსებობს ინფორმაცია, აფხაზეთის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებების შესახებ, - ისინი ამბობენ: საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან ვერ ვითანამშრომლებთ და სხვა ხელისუფლება თუ მოვიდა ქვეყნის სათავეში, მასთან დიალოგს გავმართავთო. ხოლო რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს იქ ვინმე ადგილობრივ მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, ასეთი რამ ოდიშარიას არ სმენია. ზოგადად კი იგი ამბობს, რომ აფხაზეთის მოსახლეობა ძალიან ჭრელია.

„იქ არიან ადამიანები, ვისაც საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის გაგონებაც კი არ სურთ. ამასთანავე, არიან ადამიანებიც, ვინც თვლის, რომ ქართველებთან უნდა ისაუბრონ, რადგან დიალოგი ჯობია ომს. არიან ისინიც, ვინც აფხაზეთში რუსების გაძლიერებით შევიწროებულები და შეწუხებულები არიან და ამიტომ, ცდილობენ ქართველებთან დიალოგის რაიმე გზა გამონახონ. ჩვენთანაც სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებაა აფხაზეთთან, ასევე იმ ომთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ ვგავართ აფხაზებს, საუკუნეების განმავლობაში ტყუილად არ ვიყავით ერთად“, - აცხადებს გურამ ოდიშარია.

სამეგრელოს მედიაორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კი მწერალს საბჭოთა კავშირის დროინდელ პროპაგანდას ახსენებს, როდესაც ამბობდნენ, როგორი ცუდია კაპიტალიზმი, როგორი ცუდია ამერიკა და რომ კარგები მხოლოდ კომუნისტები არიან. აქვე ოდიშარია იხსენებს, რომ ამ პროპაგანდას ზუსტად იმის საპირისპირო შედეგი მოჰქონდა, რასაც მაშინდელი ხელისუფლება გეგმავდა.

„ამ პროპაგანდის წყალობით ჩვენ უფრო გვაინტერესებდა, ვინ არიან ამერიკის პრეზიდენტები, ვუსმენდით იქაურ მუსიკას, ვიცვამდით ამერიკულ ჯინსებს და ამერიკულ საღეჭ რეზინს ვღეჭავდით. იმის თქმა მინდა, რომ სამეგრელოს მედიაორგანიზაციის პროპაგანდა პრაქტიკულად არის გუშინწინდელი დღე, საბჭოთა ჟურნალისტიკის გამოძახილი. რა თქმა უნდა, მათ სპეციალურად აძლევენ ასეთ დავალებებს. სჯობს იმაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ ყველა სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის ენერგომატარებლები და წყლის მომწოდებელი ორგანიზაციებიც რუსეთისთვის გვაქვს მიყიდული. ამაზე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, რადგან ჩვენს სამშობლოს ასეთი უსახური ქმედებები უბრალოდ არ ეკადრება, რასაც ეს ორგანიზაცია აკეთებს“, - ამბობს მწერალი.

აქვე იგი აღნიშნავს, რომ ვინაიდან ის სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატია, მუდმივად ხვდება ადგილობრივ მოსახლეობას და ამდენად, იქაურ განწყობას კარგად იცნობს. ამაზე დაყრდნობით, გურამ ოდიშრია აცხადებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობაზე ვერ ჭრის სახელისუფლებო პროპაგანდა, რადგან ინფორმაცია უკვე ყველას აქვს იმის შესახებ თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და რა სიკეთე აქვს მას ქვეყნისთვის გაკეთებული.