ზუგდიდში, კრილოვის ქუჩაზე, ფარითა და ხელკეტით აღჭურვილი ასამდე ადამიანის საიდუმლო წვრთნას გადის.
ჟურნალისტ ნანა ფაჟავას მიერ გადაღებული კადრები ადასტურებს, რომელიც შსს-მ რატომღაც გეგმიურ წვრთნებს დაუკავშირა და ამაში ვერაფერი სენსაციური ვერ დაინახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ ტელეკომპანია „მაესტროზე“ გასული სიუჟეტის კომენტირებისას განაცხადა, რომ, თუ ტელევიზიის მიერ გავრცელებული კადრები ნამდვილად ზუგდიდის სამმართველოს ტერიტორიაზეა გადაღებული, მასზე ასახული იქნება სამართლადამცველების გეგმიური წვრთა, რადგან პოლიციელებს ფიზიკური მომზადება სისტემატურად სჭირდებათ და მათ გარკვეული პერიოდულობით ნორმატივები აქვთ ჩასაბარებელი.
ჯერ კიდევ გასულ წელს სამეგრელოში უკანონო სამხედრო შენაერთების შექმნის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა და მაშინვე მიუთითა, რომ ამ შენაერთებს სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებით უკმაყოფილო ხალხის წინააღმდეგ გამოიყენებდა. ამავე ინფორმაციას კარგა ხნის მანძილზე ავრცელებდა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთ ლიდერი კახა მიქაია.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ზუგდიდში გადაღებული კადრებით ვლინდება, რომ გაურკვეველი დაჯგუფებები მართლწესრიგის დაცვის რამდენიმე ვარჯიშს ასრულებენ. კერძოდ, თადარიგის ოფიცერი ზვიად ჩხაიძე აცხადებს, რომ ეს გახლავთ მღელვარე მასისგან გარკვეული კვადრატის დაცვისთვის გამიზნული ვარჯიშები, ასევე, - ადამიანების დაკავების ვარჯიშები, რაც ახალ კვადრატში გადანაცვლებული მღელვარე მასის გაუვნებელყოფას გულისხმობს. თუმცა ექსპერტისთვის გაურკვეველია, რატომ არ აცვიათ ამ ადამიანებს სპეციალური ფორმები?!
ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები უნიფორმებს არ ატარებენ, დამაფიქრებლად მიაჩნია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარეს კახა კუკავას. მისი თქმით, ეს სპეციალური კონტინგენტია, რადგან იმავე 26 მაისის გამოცდილება ადასტურებს, რომ სამოქალაქო სამსახურში მყოფი პირები, საპატრულო სამსახური, შედარებით ლოიალობას იჩენდა დასარბევი ხალხის მიმართ, ვიდრე შინდისფერ ე.წ. „ნაკიდკიანი“ ტანსაცმლით შემოსილი ხალხი, რომელთა სახითაც პირდაპირ მკვლელები ჰყავდათ მიყვანილი. რაც შეეხება 7 ნოემბერს, კახა კუკავა იხსენებს, რომ, მართალია, ჯარი იყენებდა წყლის ჭავლსა და სხვა იარაღს, მაგრამ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ კრიმინალური ბანდფორმირებისგან შექმნილი ე.წ. ჯინსიანი ფორმირებები.
სამხედრო ექსპერტ გიორგი მელითაურს ეჭვი ეპარება, რომ ეს ადამიანები ბანდფორმირებებს წარმოადგენდნენ.
როგორც მან For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, კადრები ნანახი არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შესახებ აქამდე გავრცელებულ ინფორმაციასაც დასაბუთება არ მოჰყოლია. მეტიც, დაახლოებით იმავე პერიოდში კახეთშიც ჩატარდა რეზერვისტების გადამზადების პროცესი.
„არა მგონია, ამ ადამიანებს ბანდფორმირებებთან რაიმე საერთო ჰქონდეთ. თუ ეს ადამიანები ზუგდიდის მეორე სამმართველოსთან ვარჯიშობდნენ, ამაში გასაკვირი არაფერია. პოლიციის შენობაში პოლიციის თანამშრომლები ატარებდნენ ვარჯიშს, რადგან სამმართველო ან პოლიციის სტრუქტურას წარმოადგენს, ან უშიშროების სამსახურის სტრუქტურას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ვარჯიში, ფორმით ან უფორმოდ, ამ სტრუქტურასთან თანამშრომლობას ადასტურებს. რაც შეეხება ზვიად ჩხაიძის კომენტარს, მის კომპეტენციას ვენდობი და ის წვრთნა, რომელსაც ეს ხალხი გადიოდა, ჩვეულებრივი ვარჯიშია, რომელსაც საბრძოლო მომზადების გეგმის თანახმად (რაც თავდაცვის გარდა, შსს-საც გააჩნია და უშიშროებასაც), ასრულებს შინაგან თუ თავდაცვის სამინისტროები. ჩვენი სამხედროებიც, რომლებიც სხვადასხვა სამხედრო მისიებში მიემგზავრებოდნენ, გადიოდნენ ამ წვრთვნებს საქართველოშიც და უცხოეთშიც, რათა მასობრივი არეულობის დროს შეიარაღებული ძალები გამოეყენებინათ. ნაკლებად სავარაუდოა, ესენი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ყოფილიყვნენ, რადგან თავდაცვის სამინისტროს საკუთარი ბაზები გააჩნია, სადაც ფორმაში ჩაცმულები გააგრძელებდნენ სპეცმომზადებას“, - აცხადებს გიორგი მელითაური.
მომხდართან დაკავშირებით For.ge კახა მიქაიას ესაუბრა.
- გუშინდელ ამბავს რაც შეეხება, თვენახევრის წინ პირდაპირ დავასახელე ის ადამიანები, რომლებიც ამას კოორდინაციას უწევდნენ. კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აკეთებს ამ ყველაფერს, ბაჩო ახალაია პირადად ხელმძღვანელობს ამ პროცესს, ხელისუფლებასთან ერთად. ადამიანებს მიტინგების დასარბევად ამზადებენ, ამ დაჯგუფებების კონტინგენტი შედგება როგორც პოლიციელებისაგან, ისე ზონდერებისაგან, სამოქალაქო პირებისგან, ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის წარმომადგენლებისგან. კადრებში ნათლად ჩანს, რა სამზადისი მიმდინარეობს. პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს მიტინგების დასარბევი სამზადისია. დიდი ხანია, ზუგდიდში საუბრობენ მომავალი მიტინგის დარბევაზე. ხელისუფლება აპირებს ჯერ პროვოკაცია მოაწყოს მიტინგის შიგნით და შემდეგ დაარბიოს კოალიციის მიერ სექტემბრისთვის დაგეგმილი მიტინგი. საინტერესოა, რისთვის მზადდება ეს ხალხი, გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება ამ ჯგუფებს იმ მიტინგის დასარბევად, რომლის ჩატარებასაც ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია აპირებს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნანა ფაჟავას კადრები, რომელმაც ჩემს მიერ თვენახევრის წინ გაჟღერებული ინფორმაცია დაადასტურა. თუ
საქართველოში ჩატარდება გამჭვირვალე დემოკრატიული არჩევნები, აუცილებლად დამარცხდება სააკაშვილი. ეს სააკაშვილმა ჩვენზე უკეთ იცის. სამეგრელოს მაგალითზე გეტყვით, რომ, რატომღაც თვლიან, ამ კუთხეში თითქოსდა მიხეილ სააკაშვილს უჭერენ მხარს, რომ სამეგრელოში ტერორით ამაგრებს სააკაშვილი თავის ხელისუფლებას. მიუხედავად ამისა, ამ ტერორისა და შიშის პირობებშიც, აქაურ ხალხში ისეთი განწყობაა, რომ, თუ ჩატარდა გამჭვირვალე, თავისუფალი არჩევნები, სააკაშვილი სამეგრელოშიც წააგებს. რა თქმა უნდა, ოპოზიციამ უნდა იაქტიუროს, მარტო იმის იმედად, რომ ხალხს ცვლილება უნდა, ეს არ გამოვა. რა თქმა უნდა, იცის რა ხალხის განწყობა, სააკაშვილი არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. მან იცის, რომ ხალხი არ დათმობს გაყალბებას, ამიტომაც ამზადებს და წვრთვის ამ ჯგუფებს და მათ მიტინგის დარბევას ასწავლის. იგი შიშითაა შეპყრობილი.
ხელისუფლებას ამ შემთხვევაშიც არ გაუჭირდება არგუმენტის მოპოვება და იტყვიან, რომ ესენი რეზერვისტები არიან, რომლებიც კონფლიქტური რეგიონებიდან მომავალი საფრთხის ასაცილებლად სჭირდებათ.
- ეს ბანდფორმირებებია. მე არ გამკვირვებია, როცა არა მარტო ჩემს, არამედ ირაკლი ალასანიას გაჟღერებულზე რომ თქვეს, ესენი რეზერვისტები არიანო. ახლაც ამავეს იტყვიან. გუშინ შსს-მ განაცხადა, თითქოს აქ არაფერი ახალი არ არის და ეს გეგმიური წვრთვნაა. დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რას იტყვის ხელისუფლება. მთავარი ფაქტი ისაა, რომ ზუგდიდში, მეტწილად, სამოქალაქო პირები გადიან წვრთვნას მიტინგის დასარბევად.
ამ კადრებში თქვენ კონკრეტული პირები ამოიცანით?
- ამ წვრთნების ერთ-ერთი ხელმძღვანელი არის გიორგი სამუშია, რომელიც ამოცნობილია. სამუშია არის ის ადამიანი, რომელმაც 2007 წლის ოქტომბერში აქტიური მონაწილეობა მიიღო ზუგდიდში ოპოზიციის მიტინგის დარბევაში. მან ხელი დაარტყა ერთ პიროვნებას, გარდა ამისა, ნაცემი იყო ლაშა ჩხარტიშვილი, ბიძინა გუჯაბიძე. ეს კაცი ამ პროცესის, ამ წვრთვნების ერთ-ერთი მთავარი წარმმართველია.
1 %-ითაც არ უშვებთ შანსს, რომ აფხაზეთი მტკივნეული რეგიონია და ხელისუფლება ემზადება დაპირისპირების ასაცილებლად სწორედ ამ ე.წ. ზონდერების მეშვეობით?
- აფხაზეთის მტკივნეული საკითხის გადაწყვეტა ზონდერით, ბანდფორმირებებით, სამოქალაქო პირებითა და ნებაყოფლობითი რეზერვით შეუძლებელია. აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა ასეთი კონტინგენტით არ შეიძლება. თუ ხელისუფლებაში ვინმე ასეთნაირად ფიქრობს ამ პრობლემის გადაწყვეტას, ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.