რა დოკუმენტაციას აგზავნის სოზარ სუბარი გაეროში?

რა დოკუმენტაციას აგზავნის სოზარ სუბარი გაეროში?

"14 აგვისტოს შეხვედრა გვაქვს დიპლომატიურ კორპუსთან, სადამკვირვებლო მისიებთან და იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობენ საქართველოში. შესაბამისად, რაღაც ნაწილი მზად არის. სრულყოფილი ვარიანტი უკვე კვირის ბოლოს გვექნება, რომლებსაც გადავუგზავნით გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისარს, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ევროპულ სტრუქტურებს, ეუთოს, ასევე ევროპისა და ამერიკის სამთავრობო სტრუქტურებს, რომლებთანაც ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობს "ქართული ოცნება", აცხადებს - კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა დოკუმენტაციას აგზავნის სოზარ სუბარი გაეროში?

"საუბარი იქნება საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც აბსოლუტურად არადემოკრატიულია და ერთი კონკრეტული ადამიანისა და ერთი ორგანიზაციის წინააღმდეგაა მიმართული. ადამიანების დევნაზე პოლიტიკური ნიშნით, უკანონო ადმინისტრაციულ თუ სისხლის სამართლებრივ დევნებზე, უკანონო დაჯარიმებებსა და დაყადაღებებზე, რომლებმაც მკაფიო რეპრესიული სახე მიიღო, ადამიანების განსხვავებაზე პოილიტიკური ნიშნით, საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლაზე, რაც ხდებოდა მესტიაში, ბეშუმში და ა.შ. ფაქტების გადამოწმება რთული არ არის და თანაც ჩვენი მიზანი სწორედ განგაშის ზარების შემოკვრაა, რომ დროულად ჩაერიონ და ხვალ უკვე გვიანი არ იყოს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი და შეკითხვას - "ვთქვათ, გადაგზავნეთ დოკუმენტაცია და ფაქტებიც დადასტურდა, მიშას ამით რა? რა შედეგს ელოდებით?" - პასუხობს:

"ირანიც კი ვერ აღწევს იმას, რომ სრული იგნორირება მოახდინოს საერთაშორისო რეაქციაზე და მიშა ამას მით უფრო ვერ გააკეთებს. გეთანხმებით, რომ ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, მაგრამ ძალიან ცოტა დროშიც კი ძალიან ხშირად შეიძლება ძალიან დიდი შედეგის მიღწევა. სატელიტური ანტენების მაგალითი გავიხსენოთ, რომელთა აკრძალვაც იმდენად უკანონო იყო, რომ საერთაშორისო რეაქციის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა მეორე დღესვე გამოსულიყო და ეთქვა, რომ მზად არის დანერგონ "მასთ ქერი" და ლამის საკუთარ ინიციატივადაც კი გამოაცხადეს. არადა, ერთი კვირით ადრე ამბობდნენ, რომ ეს არის დაუშვებელი, რადგან კერძო სტრუქტურის საქმიანობაში ჩარევას ნიშნავსო. ასეთ საკითხებზე სწრაფი რეაგირების მიღწევა სავსებით შესაძლებელია.