სააკაშვილი-ახალაიას მზაკვრული ჩანაფიქრი

სააკაშვილი-ახალაიას მზაკვრული ჩანაფიქრი

ახალაიას შს მინისტრად დანიშვნისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ სააკაშვილი მერაბიშვილს აღარ ენდობოდა და ის სამთავრობო ცვლილებებიც ამით იყო განპირობებული. თუკი მანამდე სამთავრობო წრეებში არაოფიციალურად გავრცელებულ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომლის თანახმად მერაბიშვილს ამერიკელებთან შეხვედრაზე უთქვამს, ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდად ჩაივლის და სისხლი არ დაიღვრებაო, ადვილი წარმოსადგენი ხდება, რომ ეს მართლა ასე იყოს.

ერთი მხრივ, მერაბიშვილის იმ ძალოვანი სტრუქტურისგან ჩამოცილება, რომელიც მის მხარდამჭერად ითვლებოდა, ეჭვს აჩენს, რომ სააკაშვილი მას მართლაც აღარ ენდობოდა. მეორე მხრივ კი, საინტერესოა ის პროცესები, რაც შსს-ში მერაბიშვილის წასვლის შემდეგ ხდება.

პირველი, რაც მისი წასვლის შემდეგ გავრცელდა, იყო ის, რომ სამინისტროდან ყველა მისი ერთგული კადრი ან სხვაგან გადაიყვანეს ან სამსახურიდან გაუშვეს. ერთი პერიოდი იმის შესახებაც კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფაქტობრივად სამინისტროში ხალხი აღარ დარჩა და მერაბიშვილს მოუხდა ყოფილი თანამშრომლებისთვის თხოვნა, რომ სამსახურიდან არ წასულიყვნენ.

ასეა თუ ისე, დღეს სამინისტრო ფუნქციონირებს. მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილი და ახალაია ამ ხალხს მაინც არ ენდობიან. ყოველ შემთხვევაში, for.ge-ს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში რამდენიმე განყოფილების გაუქმება და შსს-ში გადატანა იგეგმება.

იმის გამო, რომ ამას არც საკანონმდებლო ცვლილება არ სჭირდება და არც სხვა რაიმე სახის საჯარო გადაწყვეტილების მიღება, ეს ყველაფერი ძალიან ჩუმად გაკეთდება, თავდაცვის სამინისტროში გაუქმდება რამდენიმე დანაყოფი, შემდეგ შსს-ში მოხდება რაღაც შიდა გადაჯგუფებები, ამ გაუქმებულ დანაყოფებსაც შსს-ს დაუმატებენ  და საგანგებოდ გაწვრთნილი ხალხი ისევ ახალაიას დაქვემდებარებაში აღმოჩნდება.

სხვათა შორის, აქამდე არსებობდა ინფორმაცია, რომ ახალაიას თავდაცვის სამინისტროში საიდუმლო განყოფილებები ჰქონდა შექმნილი და ესენი ძირითადად იმით იყვნენ დაკავებული, რომ ინფორმაციებს აგროვებდნენ შსს-ზე. როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, ეს ახალაიას და მერაბიშვილს შორის არსებული დაპირისპირებით ახსნეს. ახლა კი, როგორც ჩანს, სააკაშვილს უფრო შორს მიმავალი გეგმები გააჩნია. 

არსებობს მოლოდინი, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბების  შედეგად საპროტესტო აქციებს ელოდება. შესაბამისად იგეგმება, რომ აქციებზე სწორედ ამ ხალხს გამოიყენებენ. ცხადია, საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლება თავდაცვის სამინისტროს რაზმებს ვერ გამოიყენებს, რადგან ამას ყველანაირი კანონმდებლობა კრძალავს და ამიტომაც გაწვრთნილი ხალხი შსს-ში გადაყავთ.

საინტერესოა ისიც, რომ 2011 წლის 26 მაისი აქციის დაშლას და ზოგადად იმ დროს განვითარებულ მოვლენებს მაშინდელ თავდაცვის სამინისტროს უკავშირებენ. როგორც ამბობენ, აქციის დაშლის ოპერაცია თავდაცვის სამინისტროს მიერ იყო მომზადებული და შესრულებული და მერაბიშვილი ძალის გამოყენების წინააღმდეგი იყო.

მართალია, მაშინ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოებაში ის ეჭვიც გაჩნდა, რომ ამ ვერსიას სათანადო უწყებები საგანგებოდ ავრცელებდნენ იმისთვის, რომ საზოგადოებაში მერაბიშვილისადმი სიმპათია გაჩენილიყო, მაგრამ უკვე წელს განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ სააკაშვილისთვის მერაბიშვილი მაინცდამაინც სანდო აღარ არის.

სამაგიეროდ, სააკაშვილის იმედად ახალაიები მოიაზრებიან და მის დასაცავად რას გააკეთებენ, არავინ იცის.

კიდევ ერთი დეტალი, ბოლო დროს შსს-დან წამოსული ადამიანები იმასაც ამბობენ, რომ ახლადდანიშნულმა ახალაიამ ისინი ვაზიანის პოლიგონზე შეკრიბა, რამდენიმე საათი შუადღის მზეზე გააჩერა (ძნელი სათქმელია, რისთვის), თავადაც იქვე იდგა და უყურებდა, როგორ იდგნენ მზეში. მერე უთქვამს, აქამდე რაც იყო, დამთავრდა და დაივიწყეთ, ახლა სხვანაირი მუშაობა მოგიწევთ და, თუკი რამეზე უარს იტყვით და ბრძანებას არ შეასრულებთ, სამშობლოს ღალატის მუხლით გაგასამართლებენო. თუმცა, ისიც უთქვამს, თუ ვინმეს არ გინდათ, ახლავე წადითო. 

ცხადია, ეს ისეთი ფაქტებია, რაზეც ცალკეული ადამიანები საუბრობენ და მისი ფაქტობრივი დამტკიცება ძნელია. მაგრამ, როგორც ჩანს, პრობლემა არსებობს და საჭიროა, რომ ყურადღება ახლავე მიექცეს.