25 დეკემბერს მთელი საქართველო აღნიშნავს უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინტრონიზაციის 30 წლისთავს. ილია მეორე ტახტზე დავით მეხუთის (დევდარიანი) გარდაცვალების შემდეგ ავიდა. 30 წლის წინ მიიძინა დიდმა პატრიარქმა, რომლის ნეშთიც მიწას სიონის საკათედრო ტაძარში მივაბარეთ.
ნანა დევდარიანი, ჟურნალისტი, დავით მეხუთის შვილიშვილი: - 30 წელი გავიდა პაპის გარეშე... ძალიან დიდი მეგობარი დავკარგე მისი სახით... 9 ნოემბერს გარდაიცვალა. ისე მოხდა, რომ ჯერ შვილი შემეძინა 19 ოქტომბერს... პაპა ამ ქვეყნიდან მაშინ წავიდა, როცა ნუგეში დამრჩა ბავშვის სახით, ამან გადამატანინა მისი სიკვდილი... მენატრება, მაკლია. ხშირად უცნაურ შეკითხვებს ვაძლევდი, მაგრამ არასოდეს უთქვამს მზა რეცეპტი, არც გაბრაზებულა, საუბარში ნელ-ნელა თავად მიმიყვანდა ხოლმე დასკვნამდე. ერთხელ ვკითხე, რეპრესიებს როგორ გადაურჩი, თქვენს დროს ზოგი გაპარსეს, ზოგმა მღვდელმა მატარებლის გამცილებლად დაიწყო მუშაობა-მეთქი.
რა გიპასუხათ?
-ფუთა გამზადებული მქონდა და რამდენიც ჩვენს ქუჩაზე მანქანა ჩამოივლიდა, ვფიქრობდი, აი ახლა მეც წამიყვანენო... კირიონის მკვლელობის მერე უმძიმესი პერიოდი დადგა სასულიერო პირებისთვის. ეკლესიას აკნინებდნენ, მაშინ უბრალო მღვდელიც კი თაყვანისცემის ღირსი იყო... პაპას, თურმე, მანქანაში ჩასვამდნენ, თვალებს აუხვევდნენ და ისე მიჰყავდათ ბავშვების მოსანათლად ან მიცვალებულთათვის წესის ასაგებად. მართალია, ხელისუფლებაში კომუნისტები იყვნენ, მაგრამ ქრისტიანული ტრადიცია ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დავიწყებული. ერთხელ ამაზეც გავწიწმატდი, კი მაგრამ, ბოლშევიკებს უარს რატომ არ ეუბნებოდი-მეთქი. გაუკვირდა, ბავშვის მონათვლაზე და მიცვალებულისთვის წესის აგებაზე უარის თქმა როგორ შეიძლებაო. ვბრაზობდი, კორუმპირებულები ეკლესიებს რომ აშენებდნენ და ამაზეც ვეკამათე...
გაამართლა ცოდვილთა საქციელი?
-ასე მითხრა, აშენების მერე ტაძარი მათ გარეშე მოქმედებს, ყველაფერი ღვთის ნებაა, თითოეულს საკადრისს მოგვიზღავსო...
ნინო გოძიაშვილი, ჟურნალისტი: - და აი, 1977 წლის 25 დეკემბერიც გათენდა... მოღრუბლული მცხეთა. სვეტიცხოველი ხალხს ვერ იტევდა... ცერემონიის დროს მთავარი ლოცვები წაიკითხა მიტროპოლიტმა გაიოზ კერატიშვილმა, რომელიც კომუნისტურმა ხელისუფლებამ მოგვიანებით, 1978 წლის მაისში, დაღესტნის შრომა-გასწორების კოლონიაში გამოკეტა 11 წლით.
დავით მეხუთემ მოსაყდრედ არავინ დატოვა. თუმცა, არსებობდა მიმანიშნებელი დოკუმენტი, რომელშიც იგი მიტროპოლიტთა შორის პირველ ადგილზე ბათუმ-შემოქმედელ მიტროპოლიტს - რომანოზ პეტრიაშვილს ასახელებდა. იგი ხანდაზმული და ფრიად განსწავლული მღვდელმთავარი იყო. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით აკი უთქვამს კიდეც ვიქტორია სირაძეს, მოხუცია და მალე გარდაიცვლება, დაკრძალვის ხარჯები კი ეკლესიას დაედებაო.
დავთ მეხუთე დიაბეტით იყო ავად. არსებობს ვერსია, რომ ნემსის გაკეთება დაუგვიანეს, რის გამოც კომაში ჩავარდა და მოკვდა. ახლა ძნელია რამის მტკიცება, მაგრამ ფაქტია, რომ დავით მეხუთე საავადმყოფოში დაწოლის სასტიკი წინააღმდეგი იყო, თუმცა, ექიმებმა არ დაანებეს. გავრცელდა მეორე ვერსიაც, პატრიარქი თაგვის წამლით მოკლესო. დავით მეხუთის პატრიარქობის ჟამს მხოლოდ ორი მღვდელმსახური დაისაჯა შიდა საეკლესიო წესით და არა საერო სამართლით. იგი ყოველთვის ერიდებოდა საეკლესიო ცხოვრებაში საერო პირთა ჩარევას.
დავით დევდარიანს წერილობითი ანდერძი არ დაუტოვებია. მან ნანა დევდარიანის მამისა და თავისი მდივნის - გოგი ცქიფურაშვილის თანდასწრებით განაცხადა: „მე ცოცხალიც და მკვდარიც ილიას ვბარდები“... ამ დროს შიოლაშვილი ლიკანში ისვენებდა. ჩამოიყვანეს და დავით მეხუთის ეს უკანასკნელი, ანდერძადწოდებული სიტყვები აცნობეს... მას შემდეგ 30 წელი გავიდა.
ილია მეორის პატრიარქობის პერიოდში საქართველოში უამრავი ახალი ტაძარი აშენდა, რესტავრაცია ჩაუტარდა არაერთ ეკლესია-მონასტერს, ხალხში გაძლიერდა რწმენა. ილია მეორის სურვილს - თავად მონათლოს ყოველი მესამე ბავშვი, რომელიც ჩვენს ოჯახებში დაიბადება, არავინ დაუტოვებია გულგრილი. პატრიარქმა ამით კიდევ ერთხელ შეგვახსენა პატრიოტული ვალი სამშობლოს წინაშე.