ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "დემოკრატიული მოძრაობა" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ცალსახად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ძირითად მოტივად ის სახელდება, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" იმედის უკანასკნელ ნაპერწკლად აღიქმება და მისთვის "ფართო გზის" მიცემა პოზიტიურ ნაბიჯად ჩაითვალა.
პოლიტიკური ტექნოლოგიები ორ ძირითად ვექტორს სცნობს: ამომრჩევლისკენ და ოპონენტებისკენ მიმართულს. ის, რაც ამომრჩევლის გულს მალამოდ ეფინება, სულაც არ უნდა იყოს სასიამოვნო პოლიტიკური სუბიექტისთვის, ამ შემთხვევაში – "ქართული ოცნებისთვის". ტაქტიკამ, რომლითაც ივანიშვილმა ოპოზიციურ ფლანგზე ზოგი პარტია შეიწოვა, ზოგი ფაქტობრივად დაშალა, ხოლო ზოგიერთის სრული დემორალიზაცია მოახერხა, ნინო ბურჯანაძის შემთხვევაში არ გაამართლა.
მისი პარტიისა და "სახალხო კრების" ლიდერებმა ივანიშვილის ფორმულას – "ყველა მინუს ბურჯანაძე" უარით უპასუხეს. მაჟორიტარობის ორი კანდიდატი, რომელიც "ოცნებისგან" იყრის კენჭს, საბოლოო ჯამში უფრო ბურჯანაძის აქტივია, ვიდრე ივანიშვილის. მაჟორიტარების საკითხი ერთობ საინტერესოა და ამაზე ცალკე ღირს მსჯელობა, აქ მხოლოდ იმას დავსძენ, რომ კანდიდატების მიმართ რეგიონებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულების გამო "ქართულმა ოცნებამ" უკვე მიანიშნა მათ შესაძლო შეცვლაზე.
დღემდე ქართულ პოლიტიკაში არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა ბოიკოტს უკავშირდებოდა. ბურჯანაძის განცხადება კი ცალსახად ემიჯნება არჩევნების ბოიკოტირების იდეას (რომელიც, სხვათა შორის, არასოდეს ყოფილა წარმატებული საქართველოში): "აღნიშნული გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს არჩევნების ბოიკოტს, მით უფრო არ ნიშნავს "დემოკრატიული მოძრაობის" დაწყებული ბრძოლის შეწყვეტას... "დემოკრატიული მოძრაობა" მოუწოდებს ყველას, რომ 1 ოქტომბერს ქუდზე კაცი გამოვიდეს, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს რეალურ ოპოზიციურ ძალას, რომლის გამარჯვების იმედიც დღეს აქვს საქართველოს მოსახლეობას".
ამ განცხადებაში კიდევ ერთი აბზაცია, რომელიც ნათლად აჩვენებს ბურჯანაძის გადაწყვეტილების მოტივს: "ჩვენს პოლიტიკურ ძალას კვლავ მიაჩნია, რომ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებით და არაერთხელ გამოვედით საჯაროდ ამ ინიციატივით, ოპოზიციური ერთობის მისაღწევად ჩვენ უარიც კი განვაცხადეთ საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე". როგორც ცნობილია, ოპოზიციურ ერთობაზე ივანიშვილმა იმთავითვე თქვა უარი და აზრი არც დღეს შეუცვლია.
რამდენად ძლიერია ამომრჩეველში ოპოზიციის გაერთიანების სურვილი, 26 მაისს დაღუპულთა პარაკლისზე ივანიშვილი–ბურჯანაძის მისალმებისას ტაძარში მყოფთა ტაშმა აჩვენა. თუმცა ვერც ამან შეაცვლევინა გადაწყვეტილება ივანიშვილს. მისი სურვილი – ბურჯანაძე ხელს ნუ შეგვიშლისო, დღეს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა შეუსრულა და ის ვითარება შექმნა, რომელსაც ქართულად "ჰა – ბურთი, ჰა – მოედანი" ეწოდება.
სააკაშვილის რეჟიმთან დაპირისპირებისას "წუნია პატარძალივით" მოქცევა კარგს რომ არაფერს მოიტანს, ცხადია. იგი დათმობას არ აპირებს და მასთან დაპირისპირება მართლაც მხოლოდ ერთიანი ფრონტითაა შესაძლებელი. საუკეთესო შემთხვევაში ყველა იდეური შეუთანხმებლობა (თუ ასეთი არსებობს) გვერდით უნდა გადადებულიყო რეჟიმის დამარცხებამდე. თუმცა "ოცნების" ბანაკის მხრიდან მოტანილი ყველა მოტივი ერთმანეთის მიყოლებით გაბათილდა; ჯერ ბურჯანაძის მიერ "პუტინისთვის ხელის ჩამორთმევის" მიზეზი ამოიწურა, რადგან "ოცნებაში" "ჟირინოვსკისთვის ხელის ჩამომრთმევები" აღმოჩნდნენ, შემდეგ ბურჯანაძის "ქუჩის აქციების მიმდევრობაზე" საყვედური გაუაზროვდა, რადგან "ოცნება" იძულებული გახდა, თავადაც განეცხადებინა, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ქუჩაში გამოვა.
ერთი სიტყვით, დარჩა აუხსნელი სუბიექტური მიზეზები, რის გამოც ივანიშვილის გარშემო გამაგრებულ ძალებს ბურჯანაძის იქ ყოფნა არანაირად არ აძლევს ხელს. ეს ის ძალებია, რომელთაც დამოუკიდებლად საარჩევნო ბარიერის დაძლევა არ შეუძლიათ. ივანიშვილი მათთვის ლოკომოტივია, ოღონდ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა მასზე მიბმული ვაგონები კარნახობენ ლოკომოტივს თამაშის წესებს.
სულ ახლახანს ირმა ინაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყველაზე უარესი შედეგი "ქართული ოცნებისთვის" საპარლამენტო არჩევნებში მიღებული 40 პროცენტი იქნება. ნუ დავწვრილმანდებით და ნუ შევახსენებთ მას, რომ იგი გადამწყვეტი უმრავლესობით გეგმავდა პარლამენტში მოსვლას; ამ 40 პროცენტზე შევჩერდეთ. ვინ მიიღებს დანარჩენ 60 პროცენტს? ივანიშვილი რომ უშვებდეს სხვა ოპოზიციური ძალის გასვლას, მას ელემენტარული პოლიტიკური ლოგიკით გვერდით უნდა იყენებდეს. რაკი არ იყენებს, ივარაუდება, რომ იმ 60 პროცენტში იგი ნაცმოძრაობასა და მის სატელიტებს გულისხმობს. განა ეს გამარჯვებაა? ცხადია, არა.
ეს გამარჯვება იქნება მხოლოდ იმ პარტიებისთვის, რომლებსაც თავად არ შეუძლიათ საპარლამენტო მანდატების მოპოვება, ხოლო "ოცნების" წყალობით ფრაქციების შექმნის შესაძლებლობასაც კი მიიღებენ. ეს დამარცხებაა ქართველი ხალხისთვის, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის მოცილება სურს. ბურჯანაძის გამბიტი ამმხრივ ივანიშვილს შიშველს ტოვებს: მან ან უნდა მოიგოს და დაიცვას საკუთარი ხმები (რაც ამ კონფიგურაციით ძალიან გაუჭირდება), ან აგვისტოს ბოლომდე მთლიანად შეცვალოს კოალიციის კონფიგურაცია და ნაციონალური რეჟიმი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენოს.
წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ბურჯანაძემ ეს პარტია ივანიშვილს მოუგო. 40-პროცენტიანი "გამარჯვების" შემთხვევაში, ივანიშვილის რეიტინგი მკვეთრად დაეცემა, მაშინ როცა ბურჯანაძე არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმით ამ შედეგის დადგომისთანავე გაცილებით უფრო მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ სააკაშვილი კიდევ ერთი წლით რჩება პრეზიდენტად და შესაძლოა, ექვს თვეში მან თავად დაშალოს პარლამენტი. საარჩევნო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა არჩევნების შედეგები არც გამარჯვებულს აძლევს ხელს და არც დამარცხებულს. ოქტომბრის არჩევნების გამოტოვებით ბურჯანაძე არაფერს აგებს, ხოლო ივანიშვილი გაუმართლებელ რისკზე მიდის. 2013 წელს კი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომლისთვისაც საწყისი პირობები ბურჯანაძეს ბევრად უკეთესი აქვს, ვიდრე რომელიმე სუბიექტს "ქართულ ოცნებაში".
ამდენად, ბურჯანაძის ნაბიჯი, რომელიც მას ექსპერტებმა ღირსეულად ჩაუთვალეს, ამავე დროს უაღრესად პრაგმატულია. პოლიტიკას კი სწორედ პრაგმატული ნაბიჯები ქმნის და არა მხოლოდ ღირსეული. ამ გამბიტით ბურჯანაძემ ოქტომბრის არჩევნები მომავალ გამარჯვებას შესწირა, ხოლო ივანიშვილს ცაიტნოტი აქვს კონტრგამბიტისთვის; მას ვადა მხოლოდ აგვისტოს ბოლომდე დარჩა.