უწოდეთ ამას თუნდაც „მილანის“ ეფექტი. ჯორჯ ვეამ, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს „მილანის“ განთქმული თავდამსხმელი იყო , 2005 წელს თავის მშობლიურ ლიბერიაში საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი. უკრაინელმა ანდრეი შევჩენკომ, გოლების მწარმოებელმა მანქანამ, რომელმაც 1999 წელს შეცვალა ვეა გუნდში, ახლახანს დატოვა ფეხბურთი, რათა პოლიტიკაში წავიდეს. ქართველმა მცველმა კახი კალაძემ, რომელიც ამ საფეხბურთო კლუბში 2001 წლიდან 2010 წლამდე თამაშობდა, დეკემბერში თავისი სპორტული ფეხსაცმელი კედელზე დაკიდა და ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების” კოალიციას შეურთდა. ნუთუ ისინი სილვიო ბერლუსკონიმ, იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და კლუბის მფლობელმა შთააგონა?
კალაძეს, ალბათ, არ აწყენდა სილვიო ბერლუსკონის მსგავსი გამძლეობა. ქართულმა ხელისუფლებამ ივლისში მას საბანკო ანგარიშები გაუყინა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ფულის გათეთრების გამო მიმდინარე გამოძიების ნაწილია. ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა კვლევითმა ორგანიზაციამ იგივე ბედი გაიზიარა გასულ კვირას. ამასობაში ხელისუფლება განაგრძობს ივანიშვილის ბიზნესების დაჯარიმებას იმ მიზეზით, რომ ის არღვევს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონებს, რომელიც მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მიიღეს. გასულ კვირას, იმის გამო, რომ 11 მილიონი ლარი არ გადაიხადა, მთავრობამ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის კუთვნილი ქონება გაყიდა. 25 ივლისს ივანიშვილმა გადაიხადა ჯარიმა, 80 მილიონი ლარი, რომელიც ივნისში დააკისრეს და განაცახადა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა აღმოსავლეთ საქართველოში წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად.
როგორც ყველაზე წარმატებულ ქართველ ფეხბურთელს, კალაძეს აქვს პოპულისტური მიმზიდველობა, მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელს იტალიასთან მატჩში მის მიერ გატანილმა ორმა გოლმა საქართველოს ვეღარ შეაძლებინა 2010 წლის მსოფლიო თასის ასპარეზობაში მონაწილეობა. სააკაშვილსაც უნდა პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება სპორტული წარმატების მეშვეობით, ამიტომ დაპირდა უხვ ფულად ჯილდოებს ოლიმპიური მედლების მფლობელებს. (ჯერჯერობით საქართველოს მხოლოდ სამი მედალი აქვს). ეს არ არის უჩვეულო მსოფლიოს ამ კუთხეში: კომუნისტური ქვეყნები მთელი ძალით ცდილობდნენ ოლიმპიადებზე წარმატების მიღწევას; აზერბაიჯანიც დაპირდა გამდიდრებას წარმატებულ ოლიმპიელებს.
ქართულ პოპულიზმს განსაკუთრებული შტრიხები აქვს. როდესაც ივანიშვილი გასულ ოქტომბერს პოლიტიკაში მოვიდა, ის კვაზი მესიანისტური ტერმინებით აღწერდა იმას, თუ როგორ რევოლუციურად შეცვლის დემოკრატიის ხარიხს ორ წელიწადში. ამას წინათ მან განაცხადა – „ყველაფერი ისე მიდის, როგორც მე ვგეგმავდი“ – თუმცა ცოტა ქართველი თუ მიხვდა, რას გულისხმობდა, როდესაც ამას ამბობდა. სხვა თუ არაფერი სააკაშვილი უფრო ხატოვანია. „ვარდების რევოლუციამდე“ ცოტა ხნით ადრე, 2003 წელს მან თავის კამპანიას „ბოროტსა და კეთილს შორის უკანასკნელი ბრძოლა“ უწოდა. წლების შემდეგ მან პირობა დადო, რომ ფოთი, პირქუში პორტი დასავლეთ საქართველოში გადაიქცევა „შავი ზღვის დუბაიდ“, ხოლო ბათუმი მისი სინგაპური იქნება. ახლა ტელევიზიები მუდმივად გადასცემენ იმას, თუ როგორ ეხუტება ის, განსაკუთრებით მოხუც ქალებს.
ივანიშვილის პოლიტიკაში შესვლამ აქცენტი ისეთ საკითხებზე გადაიტანა, რომელიც რიგითი ქართველებისთვის უფრო მნიშვნელოვანია. იმ დროს, როდესაც ეკონომიკა კარგად ვითარდება (მშპ 2011 წელს 7 პროცენტით გაიზარდა), მთავრობის ეკონომიკური რეფორმები უფრო უცხოეთში ფასობს, ვიდრე ქართველებისთვის. ორივე მხარემ ისეთი დაპირებები გასცა, როგორიცაა 1000 ლარიანი ვაუჩერი თითოეული ოჯახისათვის, ჯანდაცვის უნივერსალური დაზღვევა, პენსიების ზრდა, რასაც ხმების მოსყიდვის სუნი უდის. მთავრობა აცხადებს, რომ ის უკვე სძლევს უმუშევრობას; თუმცა ახლად ჩამოყალიბებულ დასაქმების სამსახურს, რომელიც საქმიანად აღნუსხავს უმუშევრებს, იმის დასაბუთებული ხედვა აკლია, თუ როგორ გადაწყვეტს პრობლემას ამ პროცედურის შემდეგ. რეალური კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ გადაიხდის თავისი დანაპირების შესასრულებლად ორივე მხარე. ივანიშვილს შეუძლია ბიუჯეტის სუბსიდირება თავისი ქონებიდან, მაგრამ ეს არ მოუტანს სარგებელს საქართველოს გრძელვადიან პოლიტიკურ განვითარებას. ფისკალური პასუხისმგებლობა კარგი მთავრობის ერთ-ერთი საფუძველთაგანია, მაგრამ მას იშვიათად ახსენებენ რომელიმე პარტიის პოლიტიკურ კამპანიაში.
უფრო პირქუში ამბავია ის, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი, განსაკუთრებით ივანიშვილის კოლეგები ცდილობენ პოპულარობა რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობებისადმი შეუწყნარებლობით მოიპოვონ. ისინი მიიჩნევენ, რომ ქართველობა მართლმადიდებელ ქრისტიანად ყოფნას ნიშნავს. ამის საპირისპიროდ, მმართველი პარტია ქართული ნაციონალიზმის უფრო ინკლუზიურ ვერსიაზე ლაპარაკობს, როდესაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებაზე, ან რუსეთთან მის ტურბულენტურ ურთიერთობებზე აკეთებს განცხადებებს.
ეს ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ამ არჩევნებისთვის. 7 აგვისტოს, 2008 წლის ომის 4 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოსვლაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს ქვეყანა „შიგნიდან დაიმორჩილოს“. მან კიდევ ერთხელ იგულისხმა ის, რომ ივანიშვილი რუსეთის მარიონეტია. იმ დროს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა არ ამართლებს დაპირისპირებას ორ ქვეყანას შორის, სააკაშვილი დაჟინებით ამტკიცებს, რომ დაშოშმინების პოლიტიკა რუსეთთან არ იმუშავებს. ივანიშვილი საპირისპიროდ შიშობს, რომ ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოს „კავკასიის კუბად“ აქცევს. ის ამბობს, რომ „უარს იტყვის ცივი ომის რიტორიკაზე“ და დაიწყებს „მტკიცე და პრინციპულ დიალოგს რუსეთთან“. თუმცა რას ნიშნავს ეს რეალურად გაურკვეველია.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3,3 მილიონი ამომრჩეველი დაარეგისტრირა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეს ყველაზე მაღალი რიცხვია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. გამოკითხვები ადასტურებს, რომ აქტივობა მაღალი იქნება. მაგრამ ქართველები სწორად მოიქცევიან, თუ ორივე მხარის დაპირებას ეჭვით მოეკიდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ იმედგაცრუება ელით.
foreignpress.ge