არჩევნები ახლოვდება და თანდათან პოლიტიკური ტემპერატურაც სულ უფრო მატულობს. ხელისუფლება, შეიძლება ითქვას, სრულ ისტერიკაშია, რადგან უკვე ვეღარ ხვდება, რა მეთოდებით შეიძლება „ქართულ ოცნებას“ შეებრძოლოს. ამიტომ ისეთ ქმედებებს სჩადის, რასაც უკვე საკუთარი ინიციატივით მიღებულ მონსტრული კანონების ჩარჩოებშიც კი ვეღარ აქცევს. ყველაფერ ამას „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ფილოსოფიური სიმშვიდით ხვდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს უკვე არაერთი ასეული მილიონი ლარის ქონება ჩამოერთვა. კოალიცია გეგმიურ ნაბიჯებს დგამს, რეგიონებში ხალხმრავალი აქციების ჩატარებას განაგრძობს და ამას ხელისუფლება კიდევ უფრო გამოჰყავს წყობილებიდან.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური ძალა აცხადებენ, ხელისუფლებას არჩევნების გზით შევცვლითო. საზოგადოების დიდ ნაწილს კი სააკაშვილის მშვიდობიანი გზით გაშვების არ სჯერა. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, თუკი არჩევნები გაყალბდება და „ნაციონალური მოძრაობა“ თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს და ვართ თუ არა ისევ რევოლუციის საფრთხის წინაშე, ამ თემაზე for.ge ფილოსოფოსს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ქვეყანაში რევოლუციური განწყობა და თუ შესაძლებელია პარალელების გავლება ამ მხრივ 2003 წელს არსებულ სიტუაციასთან?
- უნდა დამეთანხმოთ, რომ ცუდია, თუკი ამგვარი კითხვა კვლავ ჩნდება ჩვენში. იოლი თამაში რევოლუციის იდეასთან ნიშნავს, რომ გვაკლია საკუთარი საზოგადოებისა და სახელმწიფოებრიობის მიმართ პასუხისმგებლობა და რომ ჯერაც შეიძლება ზერელედ შევხედოთ ისტორიულ პროცესებს. მაფიქრებს ის, რომ ამ კითხვაში ხომ არ იმალება ის, რომ რევოლუცია კვლავ ჩვენს მთავარ პოლიტიკურ მეთოდად რჩება. არადა, უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს და ყოველგვარი რევოლუციის ფასი თითქოს კარგად ვიცით. ისიც ვიცით, თუ რა იოლად შეიძლება მოგვატყუოს სიტუაციის ერთი ხელის მოსმით შეცვლის იმედმა. და მაინც, კითხვა ჩნდება და ამას სერიოზული მიზეზები აქვს.
რევოლუციური სიტუაციის უამრავი განსაზღვრიდან მოვიშველიებ ერთს: ეს არის სიტუაცია, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია შიშველი კონკურენციის რეჟიმში არიან გადასულნი და დაკარგულია ის ნიშნული, რომლის მიღმაც ზოგადი სახელმწიფოებრივი ინტერესებია და, მაშასადამე, გარდუვალია მათი დიალოგი, არ არსებობს თანამშრომლობის რეჟიმი, ვერც ერთი მხარე ვერ იაზრებს, რომ არ შეიძლება ამ რეჟიმზე უარის თქმა. მოქმედებას იწყებს საზრისის დიქტატურის პრინციპი. დაპირისპირებული მხარეები დარწმუნებული არიან, რომ სწორედ ისინი ატარებენ სახელმწიფოებრივი განვითარების ერთადერთ შესაძლო საზრისს და, რომ ალტერნატიული საზრისის არსებობა არა მხოლოდ შეუძლებელია, არამედ - დანაშაულებრივიც. სწორედ ამგვარი პოლიტიკური ცხოვრება განვვლეთ 80-იანი წლების ბოლომდე და სულ ახლახან - 2007-2011 წლებშიც. ამ უკანასკნელის ლოგიკური შედეგი იყო 2011 წლის 26 მაისი, როცა არ არსებობს დამნაშავე და მართალი მხარე, ორივე მხარე ერთნაირად დამნაშავეა. სიტყვამ მოიტანა და მე, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქე, ვისურვებდი, რომ ქართული პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზი დაეტოვებინა ყველას, ვისაც რაიმე როლი მიუძღვის ამ ტრაგედიაში. ეს არის სრულიად ბარბაროსული ვითარება და მისი ლოგიკური შედეგი მხოლოდ ისტორიული ჩიხი - რევოლუცია ან მრავალწლიანი ავტორიტარიზმი შეიძლება იყოს.
როდესაც პოლიტიკური ძალები თანამშრომლობის სივრცეს ვერ პოულობენ, როდესაც მათ არ ესმით, რომ არსებობს მათ პატივმოყვარეობასა და მესიანიზმზე ბევრჯერადად უფრო მნიშვნელოვანი რამ - ჩვენი სასიცოცხლო სივრცე, ჩვენი სახელმწიფოებრიობა, უბრალო ადამიანის ტკივილი და გასაჭირი, ან ერთი მოდის, ან - მეორე.
ისევ ჩვენს თემას დავუბრუნდეთ. დღევანდელი სიტუაციის თავისებურება ის გახლავთ, რომ დღეს საზრისის დიქტატურის პრინციპს უპირატესად ერთი მხარე - ხელისუფლება განასახიერებს. იგი ცდილობს, ტოტალურად იკისროს ქვეყნის ისტორიული ბედის გამო პასუხისმგებლობა და ალტერნატივის არსებობა არც კი დაუშვას. აღმოჩნდა, რომ იგი მკვეთრად ჩამორჩა საზოგადოებრივ განვითარებას და დღევანდელ სიტუაციას სწორედ ეს განასახიერებს. მის მიერ შემოთავაზებული ეროვნული პროექტი არა მხოლოდ გაუგებარია ადამიანთა დიდი ნაწილისათვის, არამედ მიუღებელიც. ჩვენ ყველანი ვგრძნობთ, რომ მის პროექტში საქმე უკვე აღარ შეეხება იმ ქვეყანას, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს (არ შემეშინდება ამ სიტყვის) სენტიმენტალურად უყვარს და რომლის დამოუკიდებლობაზე ოცნებაც საუკუნეები გამოვატარეთ. საქმე შეეხება ისტორიულ ექსპერიმენტთა უცნაურ ასპარეზს, სადაც უკვე ათი წელია, აბსტრაქტული და ექსტრემისტული ლიბერალიზმის განხორციელებას ცდილობენ.
შემთხვევითი არ არის პრეზიდენტის განცხადება, რომ ქვეყნის სინგაპურიზაცია წარმატებით მიმდინარეობსო. ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო საშიში განცხადებაა, ვიდრე ბევრი სხვა რამ. სინგაპურიზაცია ნიშნავს ლიბერტარიანული ეკონომიკის ინტერესების სამსხვერპლოზე მიტანას ყველაფერი იმისა, რაც ჩვენს იდენტობას ქმნის, უპირველეს ყოვლისა კი კულტურისა, რწმენისა, იმ ფუნდამენტური იდეებისა, რომლებიც აქამდე გვაძლებინებდა. სინგაპურიზაცია ნიშნავს იმგვარი უსახო ქვეყნის შექმნას რომელსაც არ ექნება თვითობა, რომელმაც მთელი თავისი არსებობა მარტოოდენ ეკონომიკური განვითარების იდეაში დააფოკუსირა და შესაბამისად, რომელშიც საერთაშორისო კორპორაციები თავს მშვიდად იგრძნობენ. საბოლოოდ, სინგაპურიზებულ საქართველოს არაფერი არ ექნება საერთო იმ ქვეყანასთან, რომლის აშენებაც ჩვენ გვსურდა და გვსურს. როგორც ჩანს, ლაზიკა სწორედ სინგაპურიზაციის სიმბოლოდ არის ჩაფიქრებული და ამიტომაც ჩქარობენ მის აშენებას. მისმა არსებობამ უნდა მიანიშნოს საერთაშორისო კორპორაციებს, რომ აქ, ჩვენს სივრცეზე არსებობას იწყებს გლობალისტური ეკონომიკისათვის იდეალური მცირე და მთლიანად მართვადი სახელმწიფოებრიობა. თუ ეს სიგნალი აღქმული იქნა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, არჩევნებზე მოწვეული უცხოელი დამკვირვებლები ბევრ რამეზე დახუჭავენ თვალს. და ამით ისინი კიდევ უფრო გააღრმავებენ იმ საშიშროებას, რომლის შესახებაც თქვენ მკითხეთ - მოვლენათა რევოლუციური გზით განვითარების საშიშროებას.
ასე აღმოჩნდა, რომ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში დაინტერესებულია ოპოზიცია და არა ხელისუფლება და მათი მოკავშირეები ქვეყნის სინგაპურიზაციის საქმეში. ამ უკანასკნელებს არაფერი აქვთ საერთო ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან და მათთვის შეიძლება ხელსაყრელიც აღმოჩნდეს, თუკი მთელს ჩვენს იდეოლოგიას ისტორიის დასასრულის პოსტმოდერნული იდეა დაედება საფუძვლად. სინგაპური ხომ ის სახელმწიფოა, რომელმაც დაამთავრა თავისი ისტორიული გზა. სინგაპურიზაცია კი სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკური წარმატებებით კომუფლირებული ისტორიული კაპიტულაცია, საკუთარი თვითობის გაცვლა სიმაძღრეში.
დღეს ლიბერალური ტერორის გზით ცალკეულ კულტურათა და სულიერ ტრადიციათა განადგურების შესახებ და ამ საქმეში საერთაშორისო ეკონომიკური სუბიექტების როლის შესახებ წერენ და ლაპარაკობენ ყველგან - შეერთებულ შტატებში, ევროპაში, იაპონიაში. საკმარისია, გავიხსენოთ ჟან ბოდრიარი, ან თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი. მაგრამ ამ თემაზე არ წერენ ჩვენთან, რადგან, ერთის მხრივ, არ იციან ამის შესახებ, მეორეს მხრივ კი, როგორღაც გვეუხერხულება, გვეშინია, რომ მავანთათვის საგინებელ პატრიოტიზმში არ დაგვედოს ბრალი და პროვინციალებად არ გამოვჩნდეთ. ჰოდა, მოხდა ისე, რომ 90-იანი წლების თეატრალური და პათეტიკური პატრიოტიზმი დღეს ჩვენში ასეთივე პათეტიკურმა და პროვინციულმა ლიბერალიზმმა ჩაანაცვლა. სამწუხაროდ, ჩვენ გვახასიათებს იდეოლოგიური ექსტრემიზმი. ჩვენი ლიბერალები ისეთივე ექსტრემისტულები არიან, როგორიც იყვნენ ქართველი ბოლშევიკები, ქვეყნის საზღვრის ღრმაღელესთან თუ ფონიჭალასთან გადმოტანას რომ აპირებდნენ.
ბატონო ზაზა, სად გადის ზღვარი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლასა და რევოლუციურ პროცესებს შორის?
- საზღვარი ჩვენს გონებაში გადის. თუ დღევანდელი ხელისუფლება მიხვდება, რომ საკუთარ საზოგადოებასთან დიალოგი უნდა ჰქონდეს და რომ უნდა მოგვეპყრას, როგორც ღირსების მატარებელ ადამიანებს და არა მხოლოდ როგორც პიარისა და საინფორმაციო ტერორის ობიექტებს, სიტუაციის რადიკალურ გამწვავებას გადავურჩებით. დღემდე მას ეს არ გაუკეთებია. გერმანელი კულტუროლოგი ფრანკ ტრემელი წერს თავის ერთ-ერთ სტატიაში: ვერ გამიგია, როგორ წარმოუდგენიათ ქართველ ლიბერალებს დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის აშენება ქართულ ეკლესიასთან და ტრადიციულ ინტელიგენციასთან დიალოგის გარეშეო. და თვითონვე სვამს დიაგნოზს: ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ეს ლიბერალები უგრძნობელები არიან თავისი კულტურის მიმართ და ლიბერალიზმზე ზერელე და აბსტრაქტული წარმოდგენებით ცდილობენ ქვეყნის მოწყობასო. სწორედ ესაა, რასაც საზრისის დიქტატურა ვუწოდე. ჩვენი მმართველი ლიბერალები ვერც გრძნობენ ამგვარი დიალოგის აუცილებლობას და ქმნიან უცნაურ სისტემას: სახელმწიფოებრივ ლიბერალიზმს, ლიბერალიზმს დემოკრატიის გარეშე, რაც, როგორც ჟიჟეკი წერს, მხოლოდ ლიბერალური ჟანდარმერიის მიერ განხორციელებულ ლიბერალურ ტერორს შეიძლება დაეფუძნოს. ძნელი წარმოსადგენია, მათ შეძლონ თავისი პათოსის დაოკება და ჩვენთან დიალოგის გამართვა. დიალოგი მათთვის სიკვდილია ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა იდეებით დასნეულებული ადამიანებისათვის. ამით ისინი თავადვე ქმნიან სიტუაციის უკიდურესი გამწვავების საფუძველს. თუ არ ვცდები, ტალეირანმა თქვა: რევოლუციონერები ვერსალში სხედანო. ასე იყო 2003-ში და ასეა დღესაც. ამით ჰგავს ეს ორი სიტუაცია ერთმანეთს, თუმცა კი განსხვავება არსებითია: დღეს ჩვენ გაცილებით უფრო გამოცდილები და ნაკლებად გულუბრყვილოები ვართ.
„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით, ანუ არჩევნების გზით შეცვლიან, თუმცა თუ გავითვალისწინებთ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს (ზეწოლა ოპოზიციის წარმომადგენლებზე, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სპეციალურად ბიძინა ივანიშვილისთვის იქნა გატარებული და ა.შ.) ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებს. სადამდე შეიძლება ამ ფონზე პროცესები მივიდეს?
- „ქართული ოცნება“ დღეს ურთულესი ამოცანის წინაშეა. ძალიან რთულია, პროცესები სამართლის ფარგლებში შეინარჩუნო მაშინ, როდესაც ხელისუფლება განაგრძობს 2003 წლის რევოლუციის რეჟიმში ცხოვრებას და რევოლუციის ლოგიკითვე თხზავს კანონებს, აყადაღებს ლამის ყველა ოპოზიციონერს, დევნის პოლიტიკურად არალოიალურებს, პრობაციონერებს დამრტყმელ ძალად იყენებს და ა.შ. ამ ვითარებაში ძალზე ძნელია სამართლის ფარგლებში დარჩენა, ძნელია, მაგრამ აუცილებელი. უკან დასახევი მას შემდეგ, რაც ხელისუფლების მეთაურმა სინგაპურიზაცია ეროვნულ პროექტად გამოაცხადა, არა გვაქვს. ცუდი ის არის, რომ ხელისუფლება განაგრძობს უარყოფითი კაპიტალის დაგროვებას და თავადვე ქმნის განწყობას: ოღონდ ესენი არა და ვინც გინდა იყოს. სერიოზული ოპოზიციის გარეშე მან დაკარგა იმუნიტეტი. ესაა ნებისმიერი ავტორიტარიზმის უბედურება. იგი კარგავს იმუნიტეტს და თიხისფეხებიან კოლოსად იქცევა. საკმარისი გახდა, სერიოზული ოპოზიცია გამოჩენილიყო, რომ ისტერიულმა ჭირვეულობამ შეიპყრო. ეს კი, ცხადია, მოიცავს საფრთხეს, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ისევ და ისევ ბარბაროსულ რევულუციურ რელსებზე შეიძლება შედგეს.
„ქართული ოცნების“ წინაშე ძალზე რთული ამოცანაა. თუ იგი თავს გაართმევს მას, დამიჯერეთ, ეს იქნება გადამწყვეტი მომენტი ჩვენს სახელმწიფოებრივ განვითარებაში. ორივე მხარეს უდიდესი პასუხისმგებლობა აწევს, თუმცა, როგორც მგონია, ხელისუფლება ვერ გრძნობს ამ პასუხისმგებლობას. მხოლოდ ზერელე პოლიტიკურმა კლანმა თუ შეიძლება ასე ტოტალურად იკისროს ქვეყნის ბედი. ზერელობა და სისულელე კი იოლად შობს ბოროტებას.
აღარავისთვის არ არის საიდუმლო, რომ დაწყებულია ხელისუფლების ეროზია და რომ ბევრი მაღალი თანამდებობის პირი უკვე „ქართული ოცნებისაკენ“ მიმავალ გზებს ეძებს. ხელისუფლების მხარდამჭერთა უდიდესმა ნაწილმა დაკარგა სიმართლის გრძნობა და სახელისუფლებო პროპაგანდას განასახიერებენ ის ადამიანები, რომლებსაც მექანიკური თოჯინებივით შეუძლიათ იმეორონ ერთი და იგივე ფორმულა ხელმისაწვდომი ჯანდაცვის, ვაუჩერების შესახებ და სხვანი. ცხადია, ეს „ქართულ ოცნებას“ ამოცანას უადვილებს, თუმცა კი არის მეორე რამ: ამ ვითარებამ ჩვენს უმაღლეს ხელისუფალს შეიძლება სრულიად რაიმე რადიკალური ან, 2008 წლის მსგავსად, ბონაპარტისტული ნაბიჯები გადაადგმევინოს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ეკუთვნის არა ოპოზიციას, არამედ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებს. მათზე ბევრად იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად გადაურჩება ჩვენი სახელმწიფოებრიობა კრიზისს. ვისურვებდი, რომ მათ კიდევ ერთხელ გადაეხედათ ისტორიისათვის და გაეხსენებინათ, თუ რა დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს პოლიტიკური ბრძოლის აზარტში ჩვენებურმა პოლიტიკოსმა, ისიც გაიხსენონ, თუ რა ადგილი შეიძლება მათ განუკუთვნოს ისტორიამ. მოგეხსენებათ, ისტორია პიარს არ ექვემდებარება. ადრე თუ გვიან, ყველაფერი ცხადდება და საკუთარი სიმართლის შესახებ ყველა ილუზია ქრება.
ყველას კარგად გვახსოვს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ იპოდრომის და შემდეგ სტადიონზე გამართული აქციის ასე ვთქვათ დაშლა. მოგვიანებით, ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მაშინ სამოქალაქო დაპირისპირებას მოერიდა, რადგან ამის საშიშროება არსებობდა. ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა განცხადება, რომ ვერავის მოუწოდებს თავისი ძმის წინააღმდეგ აღმართოს ხელი. როგორ ფიქრობთ, ამგვარი განცხადებები იმიტომ კეთდება, რომ უბრალოდ ახლა ასეა საჭირო, თუ ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბების შემთვევაში (რისი დიდი შანსიც არსებობს) ბიძინა ივანიშვილი მართლაც უკან დაიხევს და ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ შედეგებს დასჯერდება?
- რთული კითხვაა და ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. მოვლენათა განვითარება მხოლოდ ივანიშვილზე არ იქნება დამოკიდებული. შეიძლება პროტესტის ისეთი ტალღა აგორდეს, რომ ინიციატივა შემთხვევითმა, სიტუაციურმა ლიდერებმა, გასულ წლებში დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა ან, სულაც, პროვოკატორებმა აიღონ. მოვლენათა ამგვარი განვითარება ხელისუფლების ინტერესებშია, რადგან ამ წლების განმავლობაში მან მართლაც ისწავლა ქაოსის მართვა. სწორედ ხელისუფლებაა დღეს ის ძალა, რომელსაც შეუძლია და შეიძლება სურდეს კიდეც, ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარება კვლავ სამიტინგო-რევოლუციურ წრეზე მოაქციოს და ისე მართოს იგი.
ვისურვებდი, რომ ივანიშვილმა და ალიანსის სხვა ლიდერებმა არ დაკარგონ ის რაციონალიზმი და შინაგანი წონასწორობა, რომელიც დღემდე მოიტანეს მიუხედავად იმისა, რომ ყველა უმსგავსო ხერხით ცდილობდნენ მათ წონასწორობიდან გამოყვანას. ყველაფერი სხვაც რომ დავივიწყოთ, ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე მიზანდასახული და ძლიერი ნებისყოფის ადამიანია მათ შორის, ვინც კი შემხვედრია. ნამდვილად ბევრ პოლიტიკოსს ვიცნობ და ბევრი მათგანის ფასიც ვიცი. დარწმუნებული ვარ, იგი არ მოინდომებს მიზნის მიღწევას პრინციპების დათმობის ხარჯზე და შეძლებს მისაღები ალტერნატივის გამოძებნას. მან კარგად იცის, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება საფრთხე, რომ ხელისუფლებაში მოვა კიდევ ერთი საზრისის დიქტატურის მატარებელი ძალა და უკვე მერამდენედ დაგვჭირდება ყველაფრის ხელახლა დაწყება.