"გურია ნიუსის" ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გურიის სამხარეო სამმართველოში კადრებს ამატებენ.
კუდ-ის გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსი ვანო ბარამიძეა, რომელიც წლების წინ, ქობულეთის უშიშროების უფროსი იყო, შემდეგ კი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გურიის სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსის გურამ ჩანტლაძის მოადგილედ მუშაობდა, რომელიც ბაჩო ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს. ვანო ბარამიძის მოადგილე ვანო საჯაიაა, რომელიც წლების მანძილზე უშიშროების თანამშრომელი იყო ოზურგეთში. ასე რომ, კუდ-ის მუშაობას, ახლა ორი ვანო აკონტროლებს.
ბოლო პერიოდში გურიის სამივე მუნიციპალიტეტში უშიშროების განყოფილებები შეიქმნა. ოზურგეთის განყოფილების უფროსად კარლო მკურნალიძე დაინიშნა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გაგა მკურნალიძის ბიძაშვილია. მან, ოზურგეთის განყოფილებაში თავისთან გადმოიყვანა პოლიციელი გივი მუჯირი, რომელიც ასევე კარლო მკურნალიძის ოჯახის ახლობელია და მანამდე ურეკში უბნის რწმუნებულად მუშაობდა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, თითოეულ განყოფილებაში სულ ოთხი კადრი უნდა დაინიშნოს, მაგრამ ჯერ ცნობილი არ არის, ვინ იქნებიან ისინი. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მიმდინარეობს კადრების შესწავლის პროცესი. ოზურგეთის განყოფილებაში, ერთ-ერთ კადრად სოფელ შრომიდან ვინმე ჩხაიძეს მოიაზრებენ. აღსანიშნავია, ისიც რომ მკურნალიძე და მუჯირი ურეკის ზონაზე არიან მიმაგრებულნი, რადგან იქ მთელი ზაფხულის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი გადაადგილდება.
"გურია ნიუსმა", ურეკში, 9 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრის დროს, დააფიქსირა კუდ-ის ახალი კადრი, გივი მუჯირი, რომელიც ხალხის შუაგულში იდგა და შეხვედრას გულდასმით აკვირდებოდა.
ჩოხატაურის კუდ-ს განყოფილების უფროსად ირაკლი ანდღულაძეა დანიშნული, ხოლო მასთან გადაიყვანა პოლიციელი რამაზ ჯინჭარაძე, რომელიც მანამდე სამხარეოში დეტექტივის თანაშემწედ მუშაობდა; ის ჩოხატაურში "ნაციონალური მოძრაობის" სავარაუდო მაჟორიტარი კანდიდატის, მანანა ჯინჭარაძის ძმაა.
ლანჩხუთის კუდ-ს განყოფილების უფროსად გია გიორგაძე მუშაობს. ჩვენი წყარო იმასაც ამბობს, რომ უშიშროების ახალი კადრები შეიძლება უბრალო მოქალაქეები გახდნენ, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები არ არიან.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ცვლილებებია გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოშიც. მამუკა დოლიძე, რომელიც გურიის სამხარეო პოლიციაში კადრების ინსპექტორად მუშაობდა, უბნის რწმუნებულად გადაიყვანეს. სამხარეოს იურისტი ნათია ქუტიძე დეტექტივის თანაშემწედ გადაჰყავთ, მის ადგილს კი სავარაუდოდ, ოზურგეთის უბნის რწმუნებული ლელა ცერცვაძე დაიკავებს.
ურეკის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე თედო ჭანუყვაძე სამხარეო სამმართველოში დეტექტივის თანაშემწედ გადაიყვანეს.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიციაში ახალი კადრები ქართლიდან ჰყავთ დამატებული, რომლებიც, სეზონთან დაკავშირებით, მიმაგრებულნი არიან აკვაპარკ "ციცინათელასა" და ურეკში.