"ქვეყანას და საზოგადოებას სამწუხაროდ, მორალის სერიოზული დეფიციტი აქვთ"
"პუტინის განცხადება მხოლოდ საქმეში ჩაუხედავ ადამიანებზე იყო გათვლილი"
"ხელისუფლებას აქვს ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ არ აქვს მოქმედების ინიციატივა"
მიუხედავად იმისა, რომ აგვისტო პოლიტიკური (და არა მხოლოდ პოლიტიკური) აქტივობისთვის "მკვდარ სეზონად" ითვლება, საქართველოში ყველა და ყველაფერი საარჩევნო ციებ-ცხელებით არის შეპყრობილი. დალაგებულ-დავარცხნილ ქართულ პოლიტიკაში მოულოდნელად გამოჩენილი ივანიშვილის გამო ცაიტნოტში აღმოჩენილი ხელისუფლება კი სახის შენარჩუნებაზეც აღარ ფიქრობს და პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის ჯარიმების თუ სხვა სანქციების გამოწერას ვერ აუდის. როგორც ჩანს, სააკაშვილის გუნდში იმედოვნებენ, რომ გამარჯვებულს არ გაასამართლებენ...
დეტალურად ქართული პოლიტიკის პერიპეტიებზე პოლიტოლოგ მამუკა არეშიძეს ვესაუბრებით:
- ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთი ჯარიმა, ამჯერად 20 მილიონი ლარი დაეკისრა მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარი ანგარიშიდან გამოტანილი ფული აუდიტის სამსახურის მითითებით, ისევ უკან, საკუთარ ანგარიშზე არ დააბრუნა. რაკიღა ქართველი იურისტების დიდი ნაწილი ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს ამ ფაქტის უსამართლობას, ჩვენ მოვლენის მორალურ მხარეს შევეხოთ: საქართველოს ხელისუფლება არც ბელორუსის მსგავსად არის იზოლირებული და საბედნიეროდ, არც სირიის მსგავსად "აღვირახსნილი", რომ საერთაშორისო საზოგადოების აზრს ანგარიში არ გაუწიოს. როგორც ჩანს, ქართველი საზოგადოება ამგვარ იურიდიულ ძალადობას უკვე შეეჩვია, მაგრამ საინტერესოა, როგორ წარმოჩნდება ასეთი ქმედებით პრეზიდენტი დემოკრატიული მსოფლიოს თვალში, რომელსაც ასე ხშირად აწონებს თავს სხვადასხვა მიღწევით? თუ საქმე მორევაზეა და არჩევნებამდე არავინაა ხმის ამომღები არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ?
- უპირველესად, ხელისუფლებამ დრო შეარჩია ასეთი ქმედებისთვის - აგვისტო, როგორც წესი, პოლიტიკური პასიურობის თვეა; მეორე - მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული საერთაშორისო აზრი. თუმცა
ამ შემთხვევაში ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნეიტრალური პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია, რადგან ადამიანების ელემენტარული უფლებების დარღვევასა და ჩაწიხვლაზეა ლაპარაკი.
როცა არ მუშაობს არავითარი საერთაშორისო კანონმდებლობა და არც მორალური პრინციპები, ეს არის მოქმედება პრინციპით, - მე ვარ და ჩემი ნაბადი. სხვა რამესაც გეტყვით, როდესაც ხელისუფლებას ხელთ ჰქონდა ინიციატივა, თავის საქციელს დემოკრატიულ საბურველში ხვევდა და ახერხებდა მომხიბვლელობის ელემენტების შენარჩუნებას უცხოელი პარტნიორების თვალში, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში თვალების დახუჭვაც ხელს აძლევდათ. ამგვარად საქართველოც ინარჩუნებდა დემოკრატიულ იმიჯს. დღეს სიტუაცია შეიცვალა, ხელისუფლებამ დაკარგა ინიციატივა, რომელიც ახლა მისი მოწინააღმდეგის, ანუ ოპოზიციის ხელშია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ქმედებებს ყოველგვარი დემოკრატიული საფუძველი ჩამოშორებული აქვს, რადგან საკუთარი მოქმედებების
სწორი კოორდინირებისთვის დრო აღარ არის, ამას ვერც ახერხებენ და შესაბამისად, ვერც ასწრებენ გადაწყობას. ამიტომ აღარ დაგიდევენ, არსებობს დემოკრატიული საფარველი თუ არა, უბრალოდ, აკეთებენ იმას, რაც სჭირდებათ და მხოლოდ შიშველი ძალის დემონსტრირების პრინციპით მოქმედებენ, შედეგებზე კი აღარ ფიქრობენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, სწორედ ამას უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ხელისუფლება შედეგებზე აღარ ფიქრობს. ადრე ბოკერიამ თქვა კიდეც თავის ინტერვიუში, ჩვენ უკან არაფერზე დავიხევთ, იზოლაციაზეც კიო. როგორც ჩანს, სწორედ ამ პრინციპით მოქმედების დრო დადგა და საერთაშორისო აზრი მათთვის მეორადი გახდა. როგორც ჩანს, თვლიან, რომ როდესაც გაიმარჯვებენ და ყველაფერს მოამთავრებენ, ცნობილი პრინციპი ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.
როდესაც ხელისუფლებისგან ინიციატივის დაკარგვაზე ვსაუბრობდი, სწორედ ამას ვგულისხმობდი. რატომ იყო ივანიშვილის გამოჩენამდე ოპოზიცია სუსტი? იმიტომ, რომ ინიციატივა არ ჰქონდა, ახლა პირიქით არის. ახლა ინიციატივა სხვის ხელშია, - ხელისუფლებას აქვს ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ არ აქვს მოქმედების ინიციატივა. დღეს ის მხოლოდ რეაგირებს და ამიტომაც არის სუსტი. სუსტია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიცია და ივანიშვილი მას მოულოდნელ სვლებს სთავაზობენ, იმიტომაც, რომ ხელისუფლებაშიც დაიწყო რყევის პროცესი. რუსულად არის კარგი სიტყვა -“Iფნფყბტ, როდესაც ხელისუფლების გარკვეული რგოლების წარმომადგენლები თავის ხელმძღვანელს კი არ მისდევენ როგორც ფარა ვაცს, არამედ თვითონ ფიქრობენ ხვალინდელი დღის მოწყობაზე. შეიძლება მაინცდამაინც ოპოზიციასთან ალიანსში არ იყვნენ შემჩნეული და ჯერჯერობით მასთან დაახლოებაზე არ ზრუნავდნენ, მაგრამ, ის, რომ ხვდებიან, წინასაარჩევნო პროცესში პასიურები უნდა იყვნენ და აქტიურობით ცუდად არ უნდა დაამახსოვრონ მოწინააღმდეგეს თავი, ფაქტია და ჩანს კიდეც. ეს კომპონენტები კი განაპირობებს საერთო სისუსტეს.
- როგორც სააკაშვილი ჰყვება, რუსული ინტერვენციისას ფოთში ღრუბელ-ღრუბელ შეპარულა და მის შესაპყრობად დაძრული რუსული არმია პატრულის მსუბუქად შეიარაღებულ რაზმს შეუჩერებია... თქვენ თუ გსმენიათ რაიმე ამის შესახებ?
- ღრუბლებთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ მე სხვა რამ შემიძლია ვთქვა. თვითონ სააკაშვილის გუნდიდან მაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი იმ პერიოდში ფოთში არ ყოფილა. თუმცა ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ ის, რასაც სააკაშვილი მოჰყვა, ტყუილია ან მართალი. შემიძლია გითხრათ ისიც, რომ ერთი პოლიციელი რუსულ შენაერთს ვერაფრით შეაჩერებდა, თუმცა მოხდა ერთი საინტერესო ფაქტი.
როგორც აღმოჩნდა, იმ რუსული კოლონის, რომელიც ფოთში შემოვიდა, ხელმძღვანელი გენერალი ამ ქალაქის სკოლადამთავრებული ყოფილა. გენერალმა ჯავშანტექნიკის კოლონა ფოთში იმ სკოლასთან გააჩერა, სადაც სწავლობდა, გადმოვიდა და აცრემლებულმა კედლებს დაუწყო კოცნა. ამის იქით ჯარი აღარ წასულა. თუ ამას გულისხმობდა პრეზიდენტი კოლონის შეჩერებაში, ეს რუსი გენერლის ნოსტალგიით იყო გამოწვეული და არა პატრულის ქმედებით.
კოლონის შეჩერების სხვა შემთხვევა მე არ გამიგია და რომ ყოფილიყო, აუცილებლად გავიგებდი, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო ამ ამბებს, რუსის ჯარის შენაერთების გადაადგილების მარშრუტს და იმასაც, ვინ როგორ მოქმედებდა ქართველი ჩინოვნიკებიდან, დიდი ყურადღებით ვსწავლობდი.
- საქართველოს რეგიონებში ისევ ჯგროდ დასდევენ ჟურნალისტებს პირები, რომლებსაც მიკროფონები და კამერები უჭირავთ და ცდილობენ, მათ მუშაობის საშუალება არ მისცენ. ამ ფაქტს უკვე საქართველოს უშიშროების საბჭოც გამოეხმაურა: ""მართალია, ჟურნალისტებს აქვთ უფლება, შეკითხვები საკუთარ კოლეგებსაც დაუსვან და კრიტიკულად შეაფასონ მათი აფილაცია (პოზიტიური დამოკიდებულება), ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან თუ შეხედულებასთან, მაგრამ ამან ჟურნალისტური საქმიანობის საბოტაჟის სახე არ უნდა მიიღოს"", - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა. თუმცა საქმე განცხადების იქით არ წასულა, რაკიღა, ჩინოვნიკის თქმით, სხვაგვარი რეაქციის უფლება სახელმწიფოს ამ შემთხვევაში არ ჰქონია... როგორ ფიქრობთ, ამგვარი ქმედების გამო პირი უნდა დაისაჯოს თუ არა?
- უბედურებაა ის, რაც საქართველოში ხდება. ქართული ჟურნალისტიკა სამოქალაქო ომის რეჟიმშია გადასული, ჟურნალისტები ებრძვიან ერთმანეთს. არ ვგულისხმობ იმ გოგონას, დუგლაძეს, რომელსაც მართლაც ჯგროდ დასდევენ ვიღაცები და საქმიანობაში ხელს უშლიან. ეს ეპიზოდი საერთოდ ისეა ამოვარდნილი კონტექსტიდან, აღარც გეცინება და აღარც გეტირება, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა რამეს ვამბობ. იმდენად პოლიტიზებულია საზოგადოება და იმდენად დამახინჯდა ამ თვალსაზრისით მთელი ქვეყანა, რომ ჟურნალისტები სამოქალაქო ომის რეჟიმში არიან ერთმანეთთან. ჯერჯერობით საერთო თავშეყრის ადგილებში კიდევ ხვდებიან ერთმანეთს და ცდილობენ პოლიტიკაზე არ ილაპარაკონ, მაგრამ ძალიან მძიმე ვითარებაა. ამ მხრივ ელექტრონული მედიის ჟურნალისტები გამოირჩევიან, ვიცნობ რამდენიმე მათგანს, მათ შორის ჩემს გაზრდილებსაც, მაგრამ არ მითხრათ, "გამზრდელი” წაიკითხეო. ისინი ამას აკეთებენ იმის გამო, რომ იძულებული არიან, თავიანთი საბანკო ანგარიშები გაასწორონ, ზოგს სამსახური არ ჰქონდა, 600 ლარი მისცეს და უთხრეს, სახლში იჯექი და მწვავე კომენტარები აკეთე, ლანძღე და აგინე ოპოზიციაო...
მოგეხსენებათ, შუბი ხალთაში არ დაიმალება და, იმ სამწუხარო დღეს ველოდები, როცა ჟურნალისტები ფიზიკურად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს იქნება პრელუდია სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირებისა. იცით, რატომ ვამბობ ამ ყველაფერს? ისეთი სიტუაცია შეიქმნა საქართველოში, იმდენად აიზილა სიტუაცია და იმდენად მძიმე დღეშია ქართული ჟურნალისტიკა, ვეღარ ვამბობ, რა არის ნორმალური ჟურნალისტიკა, რა არის ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა და რა - არა. ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს მინდა გავუსვა ხაზი,
ქვეყანას და საზოგადოებას, სამწუხაროდ, მორალის სერიოზული დეფიციტი აქვთ, ხოლო ამორალური პიროვნება და ამორალური საზოგადოება მორალურ სახელმწიფოს ვერ შექმნის.
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მორალის დეფიციტი გაიზარდოს, ამას კი ძალზე ცუდი შედეგი ექნება მომავალი თაობისთვის.
- გასულ კვირას კიდევ ერთი ფაქტი მოხდა, რაც ასევე ქართულ ჟურნალისტიკას, უფრო სწორად, ამ სფეროში პროფესიონალიზმის პრობლემებს უკავშირდება. ტელეკომპანიების, მე-9 არხისა და "იმედის" ეთერში ორი აბსოლუტურად იდენტური ინფორმაცია გავიდა: "რუსეთი საომარ მოქმედებებში 8 აგვისტოს ჩაერთო და მან თავისი საჯარისო ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა ოსეთის ტერიტორიაზე ლეგალურად შეიყვანა". ცნობილია, რომ პირველი თავისი საქმიანობით ხელისუფლებისადმი მკვეთრად კრიტიკულია, მეორე კი - ლოიალური. მიუხედავად ამისა, როგორც აღმოჩნდა, ორივე ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ერთი და იმავე საინფორმაციო სააგენტო GHN-ის მიერ გავრცელებული იდენტური ტექსტი გადაუმოწმებლად წაიკითხა.
- ზოგადად ქართულ ჟურნალისტიკაში რედაქტორი, როგორც მთავარი წარმმართველი თავისუფალი და პროფესიული ჟურნალისტიკისა, თითქმის აღარ დარჩა და ეს ჩვენი მორიგი უბედურებაა, აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ქართული წერა-კითხვა, უკეთეს შემთხვევაში, ჟურნალისტების ნახევარმა იცის, მეორე ნახევარმა პრინციპულად არ იცის და არც აინტერესებს. ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო კაზუსი მოხდა, - ერთ-ერთ თარგმანში ბრჭყალები მოშორდა სიტყვა“ლეგალურს, რატომღაც გავრცელდა ამ ტიპის ტექსტი და ვისაც არ დაეზარა, ყველამ გაიმეორა - არა მხოლოდ "იმედმა" და მეცხრე არხმა. გარდა ამისა, არასწორად თარგმნეს ჯერ ინგლისურიდან და შემდეგ რუსულიდან. ეს კაზუსი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენა ხელისუფლების მხარემ. პოლიტიკასთან ამას კავშირი არა აქვს და ერთდროულად სასაცილოც არის და სატირალიც. არის ასეთი ზუსტი გამონათქვამი - ბრწყინვალებიდან კომიკურამდე ერთი ნაბიჯიაო და ეს ნაბიჯი საქართველოს დიდი ხანია გადადგმული აქვს.
- პუტინის განცხადება ომისთვის მზადებასთან დაკავშირებით საქართველოს მორიგ გამარჯვებად შეფასდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ეს აღიარება იყო თუ არა?
- უნახავს ვინმეს, კა-გე-ბეს პოლკოვნიკს ოდესმე რამე წამოსცდენოდეს, თუნდაც სიმთვრალეში? არ არსებობს ასეთი ფენომენი, მით უფრო, პუტინის პიროვნებიდან გამომდინარე. კი, ბატონო, მან აღიარა რუსეთის აგრესია და ყველას გაგვიხარდა. ამის ინტერპრეტაცია შეიძლება გაკეთდეს ამგვარად, - რუსეთმა ომი დაიწყო, მაგრამ რად მინდა ინტერპრეტაცია, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ იწყებდა რუსეთი ომს 2008 წლის მარტში, მეტიც, 2008 წლის ივლისში სწორედ თქვენს გაზეთში, თქვენთან ინტერვიუში გავაკეთე ანალიზი და პროგნოზი მოვლენათა შესაძლო განვითარებაზე, და ის ქმედებებიც ჩამოვთვალე, რაც მოგვიანებით, აგვისტოში, რუსეთმა მართლაც განახორციელა.
ვინმემ ყურად იღო თუ რა, რუსეთმა მაინც დააგო ხაფანგი და მავანმა მაინც გაყო მასში თავი. სხვა ყველაფერი არის კაზუისტიკა და სიტყვების რახარუხი.
რაც შეეხება პუტინის განცხადებას, მას შეიძლება რამდენიმენაირი ინტერპრეტაცია გაუკეთდეს. გარდა იმისა, რაზეც ვილაპარაკეთ, მან შეიძლება თავის თავზე აიღო დარტყმა იმის გამო, რომ პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებისათვის აერიდებინა. თუმცა გადაჭრით ვერც ერთს ვიტყვი და ვერც მეორეს, მით უმეტეს, რომ არის მესამე ვარიანტი, რომელიც სულაც არ ეხება საქართველოს.
იმდენი იხტუნავა მედვედევმა, პუტინი იძულებული გახდა, თავი გაეპიარებინა, რადგან ამ ყველაფერს წინ უძღოდა მაშინდელი გენერალური შტაბის უფროსის, ბალუევსკის განცხადება, - არაფერ შუაში იყო მედვედევი და პუტინს რომ არ მიეცა დავალება, ეს ომი სხვანაირად დამთავრდებოდაო.
ამას მოჰყვა მედვედევის რეაქცია, რომელიც ცხინვალში ჩავიდა და აგვისტოს ომის წლისთავს იქ, როგორც სამხრეთ ოსეთის გადამრჩენი, ისე შეხვდა. სწორედ ამ კონტექსტში გამოვიდა პუტინი და თქვა, გადამრჩენიც მე ვიყავი და ყველაფერიც, ვინ რას ეკითხებოდა მედვედევსო. ასე რომ, პუტინის განცხადებას ასეთი განმარტებაც შეიძლება მიეცეს. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა, რომელიც პუტინის განცხადებას მოჰყვა, მხოლოდ უბირ და საქმეში ჩაუხედავ ადამიანებზე იყო გათვლილი.