საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს დემოკრატიას თითქოს სულ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება.
რევოლუციებს ერთი საძაგელი თვისება აქვს: მას სიტუაციის წარსულ პოზიციებზე დაბრუნება ახასიათებს. ეგრედწოდებულმა „არაბულმა გაზაფხულმა“, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ ასეთი იმედისმომცემი იყო, იმედგაცრუება და წუხილი დატოვა. 2004 წლის უკრაინის ნარინჯისფერმა რევოლუციამ უარი უთხრა ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობას, თუმცა დღეს ის ძლევამოსილი პრეზიდენტია, ხოლო მისი მთვარი ოპონენტი იულია ტიმოშენკო – 2004-05 წლების გარდაქმნების სიმბოლო – ციხეშია.
2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოც სეროზულ იმედებს იძლეოდა. მაშინ ამ უძველეს ქვეყანში დემოკრატიის ქარმა დაუბერა და ასაკოვანი და ავტორიტარი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, ახალგაზრდა და გარე სამყაროსთან კავშირების განმტკიცებაზე ორიენტირებულმა ჯგუფმა შეცვალა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.
მაგრამ საკუთარი ხიბლი ვარდების რევოლუციამაც დაკარგა. სააკაშვილის თითქმის ათწლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყანა კიდევ უფრო გახლეჩილია, მისი დემოკრატია კი კიდევ უფრო მოწყვლადი, ვიდრე ოდესმე ამ ქვეყნის პოსტ-საბჭოთა ისტორიაში. სააკაშვილის პერსონალური ინსტიქტები კი თითქოს სულ უფრო ავტორიტარული ხდება.
ოქტომბერში საქართველო ახალ პარლამენტს ირჩევს – მალევე მას შემდეგ, რაც არჩევნები ჰოლანდიაში, ჩემს ქვეყანაში ჩატარდება. მაგრამ იმ თვალსაზრისით, თუ რა დევს სასწორზე, ამ ორ ქვეყანას შორის შეიძლება დიდი სხვაობა იყოს. ჰოლანდია, ჩვეულებრივ შეთანხმებულ კოალიციებს ირჩევს, რაც ზოგჯერ მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს აერთიანებს. საქართველო კი ღრმად პოლარიზებულია, და არ იქნება გაზვიადება თუ ვიტყვით, რომ ამ არჩევნებს შეუძლია ქვეყნის ისედაც მყიფე დემოკრატიის როგორც კონსოლიდაცია ასევე დანაწევრება.
მეორე მნიშვნელოვანი სხვაობა ამ ორ დამდეგ არჩევნებს შორის არის ის, თუ რამდენად მაღალია საქართველოში პერსონალიებზე აქცენტის ხარისხი. არ მიმდინარეობს ფაქტობრივად არანაირი დისკუსია პოლიტიკურ პროგრამებზე, ამ პროგრმების მემარცხენე ან მემარჯვენე ხასიათზე. პოლიტიკური დისკურსი დიდწილად საქართველოს საგარეო ურთიერთობების თემით შემოიფარგლება და მას ფონად სააკაშვილის რუსეთისადმი ზიზღი გასდევს.
პერსონალიებზე ფოკუსირება უდაოა, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სააკაშვილის დომინირება პირველად დგას ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე. ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია „ქართული ოცნება“ სულ უფრო სერიოზულ წინააღმდეგობას უქმნის სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენას. და იმის გამო, რომ სააკაშვილმა იცის, რომ არცთუ დიდი მიღწევები აქვს, რომლის გამოც შეუძლია შემდგომი მხარდაჭერა მოითხოვოს, ის ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებზე გადავიდა. შეგიძლიათ ამას უწოდოთ „ივანიშვილიფიკაცია“. (Ivanishvilification).
ყოველთვის, როდესაც ივანიშვილს ახასიათებენ, დასავლურ გაზეთებშიც კი, მას აღწერენ, როგორც მილიარდერს, თითქოს წარმატება სალანძღავი სიტყვა იყოს, სიმდიდრე კი პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეუსაბამო. სააკაშვილი მუდმივად გმობს ივანიშვილის მიერ დაქირავებულ კონსულტანტებს, რომლებიც ცდილობენ ხაზი გაუსვან ქვეყნის მომავალზე „ქართული ოცნების“ ალტერნატიულ ხედვას, და ცდილობს იმ ფაქტის მიჩქმალვას, რომ სააკაშვილის მთავრობას თავად აქვს ქართველი გადასახადის გადამხდელთა დიდი თანხმები დახარჯული მისი და მისი მთავრობის რეკლამირებისთვის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, მათ შორის კრემლთან პიარ-ომში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ.
პერსონალური თავდასხმები პოლიტიკას ახასიათებს, თუმცა თავდასხმები, რომელიც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა მიმართული სცდება დემოკრატიაში მიღებული წესების საზღვრებს. ადგილი აქვს „ქართული ოცნების“ ელექტორალური პერსპექტივების შერყევის სისტემატიურ მცდელობებს – სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით, პრესის მანიპულაციით და დაშინებით.
როგორც ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიების გლობალური ოჯახის, საერთაშორისო ლიბერალების პრეზიდენტი, მე ვაცხადებ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ორი პარტია საერთაშორისო ლიბერალების წევრია. მაგრამ როგორც ყველა დემოკრატს, მე მჯერა, რომ დემოკრატია თავისთავად გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პარტია ან მოძრაობა. ქართველებს სჭირდებათ სტაბილური, სამართლიანი და კონკურენტული პოლიტიკური გარემო, რომელშიც ისინი შეძლებენ თავიანთ მომავალზე თავისუფალი არჩევანის გაკეთებას.
თუმცა, ეს როგორც ჩანს ნაკლებსავარაუდოა. საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის სიმწვავეს სულ უფრო ხმამაღლა აკრიტიკებენ წამყვანი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები. შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა სულ ახლახანს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ნათელს ფენს საქართველოში არსებულ სერიოზულ პორბლემებს. ევროკავშირმაც კი, რომელსაც პირდაპირი საუბარი არ ახასიათებს, გააფრთხილა სააკაშვილი, რომ ელოდება თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს, და ხაზი გააუსვა იმას, რომ ეს, პირველ რიგში მისი პასუხისმგებლობაა.
ისეთი ქვეყნისგან როგორიც საქართველოა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მოსკოვის დომინირების ქვეშ იყო, ერთ ღამეში მტკიცე დემოკრატიას ვერ მივიღებთ. მაგრამ ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა განუმარტოს თბილისს, რომ საქართველოსადმი მისი ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა დემოკრატიის გაძლიერებაზე და არა მის შესუსტებაზეა დამოკიდებული. პოლიტიკა საქართველოში და მით უფრო დებატები, რომელიც ჩვენ ევროპაში საქართველოს პოლიტიკაზე და პოლიტიკურ პერსონალიებზე გვაქვს, უნდა გასცდეს პირად მტრობას და ერთმანეთისთვის ტალახის სროლას და წარიმართოს მომავალზე ორიენტირებული უფრო მოწიფული დისკურსისკენ. საქართველო ბევრი საშინაო და საგარეო გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ ქართველებს არ აქვთ უფლება საფრთხე შეუქმნან დემოკრატიას.
ჰანს ვან ბალენი – ევროპარლამენტის ლიბერალი ჰოლანდიელი წევრი
foreignpress.ge