ბოლო დღეებია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალიდან მოხუცების, ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია მიმდინარეობს. სხვათა შორის, ოთხის წლის წინ, ანუ 2008 წლის აგვისტოში, ომის დაწყებას წინს სწორედ ანალოგიური პროცესი უძღოდა. არსებობს თუ არა პარალელები დღევანდელ და 2008 წლის აგვისტოს შორის? რეალურია თუ არა ომის განახლების საფრთხე და რატომ აპელირებს წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება ახალი რუსლი ინტერვენციით? _ ამ შეკითხვებით “ქართულმა სიტყვამ” პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს მიმართა:
_ როცა ასეთ საფრთხეზეა საუბარი, ხელისუფლებას დუმილის გამოყენების უფლება არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია სიმართლეა თუ ტყული, მთავრობამ განცხადება უნდა გააკეთოს, ამ ხმაზე არც საგარეო საქმეთა სამინისტო რეაგირებს და არც _ უშიშროების საბჭო. რატომ არ აზუსტებს ხელისუფლება ამ ინფორმაციას? _ იმიტომ ხომ არა, რომ ერთი სული აქვს, მოსახლეობამ სხვა რამეზე იფიქროს და არა _ არჩევნებზე?!
_ ბატონო სოსო, წინასაარჩევნოდ ფსიქოლოგიური ტერორი ვისთვისაა მომგებიანი?
_ არაა ძნელი მისახვედრი, რომ დღეს დაძაბულობის ესკალაცია და ომი ყველაზე მეტად სააკაშვილს აწყობს, თუმცა ეს, როგორც ჩანს, მხოლოდ მისთვის არაა მომგებიანი _ საქართველო ომს საკუთარ თავს ხომ ვერ გამოუცხადებს? საამისოდ საჭიროა მეორე აქტიორი. არ ვლაპარაკობ სრულმასშტაბიან ომზე, სამხედრო პროვოკაციაც კი, მინინმუმ, ორი მოქმედი პირის შესრულებით უნდა განვიხილოთ. ასეთ შემთხვევაში, მთელი მსოფლიოსთვის ფარდაახდილი იქნება მიხეილ სააკაშვილისა და პუტინის არასაიდუმლო თანამშრომლობა და მათი შეთანხმებული ქმედება, რადგან პუტინის ბეჭდის გარეშე, საქართველში ერთი რუსი ჯარისკაციც კი ვერ შემოვა. შესაბამისად, პუტინს, რომელიც არაა დაინტერესებული საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რადგან საქართველოში ხელისუფლების შეცვლა რეალურად არ აწყობს.
_ პუტინს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა რატომ არ აწყობს?
_ იმიტომ, რომ ასეთ პირობებში მოუწევს, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით, დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთან მისთვის არცთუ სახარბიელო საკითხებზე. დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე ხელსაყრელი და ზედგამოჭრიალია პუტინის ოცნებების ასასრულებლად. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არჩევნების თარიღიც ასეთი ნაჩქარევად იმიტომ გამოაცხადეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდს როგორმე ხინჯი გაუჩნდეს, ანუ წინასაარჩევნო პერიოდში დაძაბულობის ექსკალაცია, რასაც შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვეს, “ნაცმოძრაობის” ოცნებაა. მაშინ კი, თუ პუტინისა და სააკაშვილის გეგმა ერთმანეთს დაემთხვევა, შეიძლება, სამხედრო პროვოკაციაზეც ვილაპარაკოთ.
_ ბატონო სოსო, სამხედრო პროვოკაციის შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობა მთელ ქვეყანაში გამოცხადდება თუ კონკრეტულად იმ რეგიონში, სადაც ეს სამხედრო ოპერაცია მოხდება?
_ ასეთ დროს ქვეყანაში შეჩერებულია კონსტიტუციის მოქმედება და საგანგებო ვითარება მთლიანად მოქმედებს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ვრცელდება ქართული კანონმდებლობა.
_ ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების განახლება რეალურია?
_ რამდენადაც შესაძლებელია იმის დაშვება, რომ პუტინი და სააკაშვილი შეთანხმებულად მოქმედებენ, იმდენადვეა შესაძლებელი ცხინვალში საომარი მოქმედებების დაწყებაც.
_ რთულ საგარეო ვითარებაში მყოფ პუტინს, მით უმეტეს, მოახლოებული სოჭის ოლემპიადის ფონზე, რაში აწყობს მსგავს ავანტიურაში ჩაბმა?
_ ფაქტია, რომ პუტინი გიჟი არაა და, ის, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით, მისთვის ცხინვალი სრულიად ზედმეტი თავის ტკივილია, კერძო საუბრებში ადრეც უთქვამს საქართველოს წარმომადგენლებისთვის.
_ კონკრეტულად, ვისთვის?
_ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს... პუტინს ნათქვამი აქვს, რომ სამხრეთ ოსეთის ამბები მისთვის თავის დროზეც ზედმეტი თავისტკივილი იყო. იმის თქმა, კიდევ აიტკიებს თუ არა თავს, ძნელია.
_ თუკი ე.წ. ცხინვალის რეგიონში რუსების მხრიდან პროვოცირება მოხდება, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვება და, შესაბამისად, არჩევნები გადაიდება, ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს?
_ ყველაფერი ისე იქნება წარმოჩენილი, რომ თითქოს მტერი მოგვადგა და სამშობლოს გვართმევს. ამ დროს საარჩევნო ყუთი აღარ იქნება აქტუალური და ერის კონსოლიდაცია სრულიად სხვა მიმართულებით მოხდება. ასეთი პერიოდი ჩვენ უკვე გამოვიარეთ 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში, როცა გლოვა იყო ქვეყანაში და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი დუმდა. ამიტომ, სრულიად არასწორად გაიგო ხელისუფლებამ, რომ თითქოს ყველა კმაყოფილი იყო შედეგით და სჯეროდა, რომ ქართველებმა ომი მოვიგეთ!
მწარე გამოცდილებიდან გვახსოვს, რომ ცხინვალზე იერიშის დროს, მძიმე არტილერიასთან ერთად, ცხინვალში შევიდა არაერთი მანქანა, რომელშიც ისხდნენ ადამიანები, რომლებსაც წინასწარ მომზადებული გამარჯვება უნდა აღენიშნათ _ თან ჰქონდათ კათედრა, დროშები, პლაკატები და საზეიმო მიტინგის გასამართი სხვა ატრიბუტიკა. ნიშანდობლივია ისიც, რომ პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილი შევიდა ცხინვალში და არა _ ქართული ჯარის. წარმოიდგინეთ, თუ რუსეთმა დაიწყო ომი, ჩვენ კი, სასულე ორკესტრით შევედით საზეიმოდ? ხომ არ შეასწრეს სასულე ორკესტრის წევრებმა საზეიმოდ რუსულ არმიას ცხინვალში? _ გონიერი ადამიანი აქედან სწორ დასკვნას გამოიტანს. ყველაფერი ეს დღეს უკვე საქართველოს მოღალატეობის ზღვარზე განსახილველი საკითხია და ამას ისტორია შეაფასებს. ისე, არ მგონია, ჰილარი კლინტონი პუტინის აგენტი იყოს, რომელიც გვეუბნება, რომ ყველა თავის სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. საქართველომ კი, უნდა მიხედოს შემოდგომაზე არჩევნებს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ერთადერთი ვინც აქტიურობდა და ცდილობდა, საკუთარი გავლენით დაერწმუნებინა ოპოზიციური სპექტრი, პასუხი არ მოეთხოვა სააკაშვილისთვის, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ბატონი ტეფტი იყო, რომელიც “ნაცმოძრაობის” შეუნიღბავი აქტივისტი გახლდათ.
_ ასეთი “აქტივისტები” კიდევ ჰყავს სააკაშვილს ამერიკაში?
_ არ მგონია. ყოველ შემთხვევაში, ბასმა ღირსეულად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და არ ვიზიარებ ბრალდებას, რომ ბატონი ბასი თითქოს ტენდენციური იყო. მისი გამონათქვამები მთავრობის მხარდამჭერი არ გახლდათ, მაგრმ ეს რომ გაიგო, დიპლომატიური ენა უკეთ უნდა გესმოდეს. ხომ იცით, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო. არსებულ ხელისუფლებას ნაკლებად უნდა ჰქონდეს ამერიკის შეეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედი, რომელიც დაკავებულია საკუთარი არჩევნებით, ასევე, იმ უმწვავესი პრობლემებითა და გამოწვევებით, რაც მსოფლიოს წინაშე დგას. ასეთ დროს საქართველოში ორი პოლიტიკური ცენტრის დაპირისპირება, რასაკვირველია, ამერიკელების პრიორიტეტი არ იქნება. ყველაფერი, რაც სიკეთისკენ წაიყვანს საქართველოს, ქართველი ხალხის გასაკეთებელია.
_ ბატონო სოსო, სხვათა შორის, რუსეთის ჯარის შემოსვლაზე ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავაც დაუფარავად საუბრობს და “ქართულ ოცნებას” ჩრდილოელ მეზობელთან შეთანხმებულ მოქმედებაში ადანაშაულებს...
_ სამძიმარს ვუცხადებ ყველა “ეროვნულ-დემოკრატს”, რომელსაც ჰქონდა ბედნიერება, გია ჭანტურიას ხელმძღვანელობით ეღვაწა პოლიტიკურ ასპარეზე. ჩემი სამძიმარი ეხება დღევენდელ რეალობას, მათ დღევანდელDლიდერს. ბატონი ქარდავა “მამალ ტყუილს” ამბობს, რომ “ქართული ოცნების” წევრები თითქოს დადიან და ხალხს ეუბნებიან, თუ არჩევნები “ოცნებამ” ვერ მოიგო, რუსის ჯარი შემოვაო.
_ ქარდავამ ფაქტების დადების პირობაც დადო...
_ ჯერ ფაქტები დაედო და მერე ელაყბა. ასეთი რამ რომელიმე აქტივისტს რომც ეთქვა, პროვოკაცია იქნებოდა _ შეაგზავნიდნენ “ოცნებაში” და მორჩა, მაგრამ ასეთი პროვოკაციული განცხადება პოლიტიკოსმა, მით უფრო, “ეროვნულ- დემოკრატების” ლიდერმა არ უნდა იკადროს. საინტერესოა, საიდან აქვს ასეთი ახლო ურთიერთობა ბატონ ქარდავას ამხანაგ როგოზინთან, რომ მის კაბინეტში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პირველად მუდმივად ის იგებს? თუ ქარდავას გასაგონად ატარებს საიდუმლო შეხვედრებს როგოზინი, კარგად ყოფილა ქარდავას საქმე.
დავინახავთ, თუ რომელ კოალიციაში აღმოჩნდება ედპ საარჩევნოდ და ამით საზოგადოებისთვის ყველაფერს აეხდება ფარდა. ეს კოალიცია “ქართული ოცნება” რომ არ იქნება, ფაქტია.
_ შესაძლოა, “ნაციონალები” სწორედ ასეთ პარტიებთან თანამშრომლობით მოვიდნენ მომავალ პარლამენტში უმრავლესობით...
_ ვაჭრობის პროცესი, ალბათ, იქნება “ნაცინალებთანაც” და რეალურ ოპოზიციასთანაც. თუ შუალედური პარტიები მოხვდნენ პარლამენტში, მაშინ პოლიტიკურად ყველაზე მომგებიან პოზიციაში სწორედ ისინი იქნებიან.
_ ამით ამომრჩეველი რას მოიგებს?
_ ერისთვის ბრძოლა ოქტომბერში არ მთავრდება. ეს იქნება ბრძოლის მოგება დემოკრატიისთვის და არა _ დიქტატურასთან.
_ ბატონო სოსო, დავით დარჩიაშვილი იმ ადამიანებს, ვისაც ივანიშვილის გაპრემიერების სჯერათ, გიჟებს უწოდებს, ანუ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გიჟი გამოდის. “ნაციონალების” დეკლარაცია ასეთ გამონათქვამებს არ კრძალავს?
_ შეიძლება, დავეთანხმოთ ბატონ დარჩიაშვილს, რადგან გიჟების დასამარცხებლად უფრო მეტი გიჟობაა საჭირო. რაც მეტი გაგიჟდება და დაიჯერებს ივანიშვილის პრემიერობას, მით უკეთესი იქნება ქვეყნის მომავლისთვის!