მიხეილ სააკაშვილი ხშირად მოიხსენიებს ირონიულად თბილისის ცენტრალურ უბნებს - ამბობს, რომ ქვეყნის ბედი ქალაქის ელიტური უბნების ერთ ქუჩაზე მცხოვრებლებმა არ უნდა გადაწყვიტონ, რომ ამ უბნებში "ცხვირაბზუებული ხალხი" ცხოვრობს და ა.შ. მაგრამ, როგორც ჩანს, სწორედ თბილისის ცენტრალურ უბნებში გამარჯვებას ანიჭებს ყველაზე დიდ მნიშვნელობას "ნაციონალური მოძრაობა". "ყველა სიახლე" რამდენიმე თვის წინ წერდა რესტორან "სენატში" გამართული ნაციონალური საიდუმლო სერობის შესახებ, რომელზეც გადაწყდა, რომ ვაკის საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატად დასახელდებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი - პრეზიდენტ სააკაშვილის უახლოესი მეგობარი. გიორგი კარბელაშვილი, სავარაუდოდ, ნაციონალების პარტიული სიის 1-ლი ნომერიც იქნება. კარბელაშვილს "ნაციონალური" არხები დიდი ხანია აპიარებენ და წარმოაჩენენ, როგორც 21-ე საუკუნის მეკობრეთა რისხვას, გაჭირვებულთა მხსნელს, აეროპორტების აღმშენებელსა და "ვაკელ კაი ბიჭს". თუმცა, ბოლო ეპითეტი ნაციონალთა იდეოლოგიურ ჩარჩოში მაინცდამაინც არ "ჯდება". მიხეილ სააკაშვილიც ხშირად უძღვნის მას დითირამბებს, ჩვენი დროის გმირად გამოჰყავს, თანაც შეწუხებულია, კარბელაშვილი ღარიბულად ცხოვრობსო (ალბათ გაღლეტილი შს მინისტრის მსგავსად)... პარალელურად, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია ნაცმოძრაობაში დაპირისპირების შესახებ, რისი მიზეზიც თურმე კარბელაშვილის მაღალი რეიტინგია - ვაკეში ნაცმოძრაობის რეიტინგზე მნიშვნელოვნად მეტი, რაც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეს, გივი თარგამაძეს არ მოსწონს. რა ხდება, "ნაციონალურ მოძრაობაში"? მართლაც შესაძლებელია, კარბელაშვილს თავის პარტიაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდეს? - ამ საკითხზე კოალიცია "ქართული ოცნების" გარემოს დაცვითი მიმართულების ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი გვესაუბრება:
- ხმები გიორგი კარბელაშვილის მაღალი რეიტინგის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია. რეიტინგი, ხალხის ნდობა მისთვის, ისევე როგორც სხვა ნაციონალებისთვის, მხოლოდ საოცნებოა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმდენჯერ გაუცრუეს ხალხს იმედი ფუჭი დაპირებებით, იმდენი დანაშაული ჩაიდინეს, რა რეიტინგზეა ლაპარაკი? უკვე რამდენიმე თვეა ხელისუფლება, განსაკუთრებით - მიხეილ სააკაშვილი, გააფთრებით ცდილობს, უსახური კარბელაშვილისგან რემბო შექმნას. ისე წარმოადგენენ, თითქოს სომალელთა მიერ დაკავებული ქართველი მეზღვაურების გათავისუფლება კარბელაშვილის პირადი დამსახურება იყოს, რომელმაც ჯეიმს ბონდის მსგავსად სპეცოპერაცია ჩაატარა და მეკობრეების კლანჭებისგან დატყვევებულები იხსნა. ეს, რა თქმა უნდა, მორიგი ფარსი, პიარშოუა. რეალურად თვეების განმავლობაში ხელისუფლებას დატყვევებული მეზღვაურების ბედი სულაც არ ანაღვლებდა, ყველას ახსოვს, როგორ აცხადებდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ტერორისტებთან მოლაპარაკებაზე არ წავალთო, მაგრამ შემდეგ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჰაერივით დასჭირდათ რეიტინგზე ზრუნვა და ყველაფერზეც წავიდნენ. მრავლისმეტყველია, რომ კარბელაშვილი "სპეცოპერაციის" დეტალებზე ლაპარაკს ყოველთვის თავს არიდებს, ამ თემაზე კითხვის დასმისას ღიზიანდება. თუმცა, ცხადია, სომალელი მეკობრეები ფულის გადაუხდელად არავის გამოუშვებდნენ. ამასთანავე, ცდილობენ, კარბელაშვილი საქვეყნო საქმეებს შეწირულ მსხვერპლად წარმოაჩინონ, აპიარებენ, აფრიკული ოდისეისას მალარია შეეყარაო, რაც საზოგადოებაში არცთუ უსაფუძვლო ქილიკის საგნად იქცა, თბილისი ხომ პატარა ქალაქია და ბევრს ეეჭვება, რით იყო გამოწვეული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება - მალარიით თუ სხვა რამით...
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ გივი თარგამაძე გაღიზიანებულია კარბელაშვილის მაღალიი რეიტინგით. მართლაც არის დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში"?
- ნაცმოძრაობის შიგნით კლანები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ისინი ძალაუფლების სფეროებს, ნადავლს ვერ იყოფენ და არა პოლიტიკურ რეიტინგებს. ეს არის შიგა ბრძოლა მეტი სარგებლის მოსაპოვებლად საკუთარი თავისთვის და არა ხალხისთვის. ახლა ნაცმოძრაობა აგიტაციას მიმართავს, რომ კარბელაშვილი "ვაკელი კაი ბიჭია", რომ ადამიანებს ეხმარება, მაღალი რეიტინგი აქვს, მაგრამ ეს ილუზია 2 თვეში საპნის ბუშტივით გაქრება. ამასთანავე, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ კარბელაშვილი ნაცმოძრაობის პარტიული სახე, ერთ-ერთი ბოსი არ არის, გასაგები მიზეზების გამო, ცდილობენ მის დისტანცირებას ნაცმოძრაობის საგმირო საქმეებისგან, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არაფერი გამოუვათ, თბილისში, მით უმეტეს - პოლიტიკურად ისეთ აქტიურ უბანში, როგორიც ვაკეა, დასახულ მიზანს ვერ მიაღწევენ. გია კარბელაშვილს არავისზე ნაკლები წვლილი მიუძღვის იმაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ავიაციის, ამ უმნიშვნელოვანესი სფეროს გაპარტახებაში, ადამიანების თანამდებობიდან გათავისუფლებაში, ვეტერანი მფრინავების სამართლიანი მოთხოვნების სრულ უგულებელყოფაში და ა.შ. ახლა ქუთაისში, "ევროპაში საუკეთესო" აეროპორტის მშენებლობით რომ იწონებს თავს კარბელაშვილი, დაავიწყდა თბილისის აეროპორტის სახურავის ეპოპეა, ან რატომ არ ამბობს, არის კი სრულად დატვირთული თბილისის აეროპორტი?! ასე რომ, კარბელაშვილისგან გმირის გამოძერწვას საუკეთესო მოქანდაკეც ვერ შეძლებს, არათუ მიხეილ სააკაშვილი. როგორ შეიძლება პატიოსანი ადამიანი იმ პოლიტიკური დაჯგუფების წევრი და წამყვანი "ფეისი" იყოს, რომელსაც ამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე? საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული, რომ გია კარბელაშვილს მაღალი თანამდებობა ეკავა შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში. 1998 წელს საქართველოს კავშირგაბმულობის და ფოსტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, 2002 წელს - ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილედ. 2002-04 წლებში, "ვარდების რევოლუციამდე" და მას შემდეგაც, თბილისის პრემიერის მოადგილე იყო. დღეს კი კარბელაშვილს, სააკაშვილს და სხვებს ჰგონიათ, საზოგადოებას სკლეროზი შეეყარა...
- გავრცელებული ინფორმაციით, გია კარბელაშვილი პრეზიდენტთან მეტად დაახლოებული პირია, მისი მეგობარი, მესაიდუმლე და მრჩეველი.
- კარბელაშვილი მართლაც არის სააკაშვილის უახლოესი ადამიანი, და დღეს მისი ნდობითაც სარგებლობს, თუმცა, რაც შეეხება მეგობრობას, არა მგონია, სააკაშვილისნაირ ადამიანებს მეგობრები ჰყავდეთ, მათ მხოლოდ საერთო ინტერესები აქვთ, მათ სკამის სიყვარული აერთიანებთ. თუ პოლიტიკურმა და ფინანსურმა ინტერესებმა მოითხოვა, სააკაშვილი კარბელაშვილს ისევე გაწირავს, როგორც სხვებს, რისი მაგალითიც არაერთია. კარბელაშვილი მხოლოდ ხელსაყრელი პარტნიორია და მისგან "მოუხელთებელი ჯოს" შექმნაც ამ ეტაპზე კონკრეტულ პოლიტიკურ ამოცანას ემსახურება.