ბათუმი – სადაც არ უნდა წავიდეს, ჟურნალისტ ეკა დუგლაძეს ვიდეოკამერით აღჭურვილი კაცების ჯგუფი დასდევს. ისინი ამბობენ, რომ ჟურნალისტები არიან, სახეში მიკროფონებს აჩეჩებენ, თავს აბეზრებენ უაზრო კითხვებითა და ვულგარული შენიშვნებით.
დუგლაძე, რომელიც ოპოზიციის მიერ დაფინანსებულ საინფორმაციო სააგენტოში მუშაობს, ამტკიცებს, რომ ისინი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამქაშები არიან და მის სადევნად არიან გამოგზავნილნი.
„ისინი მხოლოდ მუშაობაში კი არ მიშლიან ხელს, გადაადგილებასაც მიზღუდავენ,“ ამბობს დუგლაძე. „აი ასე პასუხობს ხელისუფლება ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს.“
სააკაშვილი იკვეხნის, რომ საქართველო „დემოკრატიის შუქურად“ იქცა მას შემდეგ, რაც 2004 წელს ის პრეზიდენტად აირჩიეს. მაგრამ ოპონენტები ამბობენ, რომ დემოკრატია კლებულობს: ოპოზიციის ლიდერები, დამკვირვებლები და ჟურნალისტები დაშინების შესახებ განცხადებებს აკეთებენ და მთავრობას განსხვავებული აზრის წინააღმდეგ საბჭოთა მეთოდებით ბრძოლაში ადანაშაულებენ.
სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ წერტილში მდებარე ეს პატარა ქვეყანა რეგიონში დასავლეთის ყველაზე ერთგული მოკავშირეა. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ისინი ყურადღებით დააკვირდებიან ოქტომბრის არჩევნებს და დემოკრატიის მდგომარეობას ამ ქვეყანაში.
არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილს, მულტიმილიარდერს, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდ ოპოზიციურ ჯგუფს უდგას სათავეში, კოლოსალური ჯარიმები დააკისრეს და მოქალაქეობა წაართვეს. გასულ თვეს საერთაშორისო უფლებადაცვითმა ჯგუფმა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მთავრობას „არჩევნების წინ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა. თებერვალში, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ „ოპოზიციური პარტიების, პროფკავშირული გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების წინააღმდეგ დაშინებებისა და ზეწოლის ატმოსფეროს ინტენსიფიკაციის“ გამო შეშფოთება გამოხატა.
ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ენერგიულმა, აშშ-ში განათლებამიღებულმა სააკაშვილმა 2003 წლის მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, იმ რევოლუციისა, რომელმაც გააძევა სკლეროტული და კორუმპირებული რეჟიმი, შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა. საგზაო პოლიცია, რომელიც იმით იყო ცნობილი, რომ მძღოლებს ქრთამს სძალავდა, პატივსაცემ ძალად გადაიქცა. ძველი, მძიმე ბიუროკრატული სისტემა გამარტივდა და შეიქმნა ისეთი ოფისები, სადაც მოქალაქეები სულ რამდენიმე წუთში იღებენ დაბადების მოწმობას და არეგისტრირებენ ბიზნესს.
სააკაშვილმა ამოძირკვა კორუფცია განათლების სისტემაში და მისაღები გამოცდების სტანდარტული სისტემა შემოიღო, რითაც ბოლო მოუღო იმ ყბადაღებულ პრაქტიკას, როდესაც მშობლები თავისი შვილების უნივერსიტეტებში მოსახვედრად საუნივერსიტეტო ჩინოვნიკებს ქრთამს უხდიდნენ. 2005 წელს საქართველო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის პერცეფციის ინდექსში 130-ე ადგილზე იყო, წელს ის 64-ე ადგილზეა.
პრეზიდენტი ასევე გულმოდგინედ ცდილობდა დაახლოებოდა ევროპის კავშირსა და ნატოს და საქართველომ საკმაოდ დიდი სამხედრო კონტინგენტი გაუშვა ავღანეთში, საერთაშორისო სამხედრო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად.
„სააკაშვილის საუკეთესო მემკვიდრეობაა ის, რომ ის საქართველოს დიდი მოდერნიზატორია,“ განაცხადა თომას დე ვაალმა, კარნეგის ფონდის კავკასიის მკვლევარმა.
მაგრამ კრიტიკოსების თქმით, სააკაშვილის რეფორმები დემოკრატიული თავისუფლებების ხარჯზე გატარდა.
2007 წელს პოლიციამ ცრემლდენი აირი გამოიყენა იმ დემონსტრაციის შესაწყვეტად, რომელიც სააკაშვილის გადადგომას ითხოვდა და დროებით დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მუშაობა აკრძალა. სააკაშვილის პოპულარობა დაეცა რუსეთთან 2008 წლის გამანადგურებელი ხუთდღიანი ომის შემდეგაც. ამ ომმა დააზიანა გაღატაკებული ქვეყნის ინფრასტრუქტურა, ათობით ათასი ადამიანი ლტოლვილად აქცია და განამტკიცა რუსეთის ძალაუფლება ორ სეპარატისულ რეგიონზე. გასულ წელს პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო გამოსვლა, რომელიც დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე. პოლიციელი და მოქალაქე დაიღუპნენ, როდესაც მათ ადგილიდან დიდ სიჩქარეზე მიმავალი მანქანა დაეჯახა.
56 წლის ივანიშვილმა, რომლის პარტიასაც „ქართული ოცნება“ ეწოდება, თავისი ქონების (6.4 მილიარდი დოლარი) დიდი ნაწილი რუსეთის საბანკო და სამთო ინდუსტრიაში დააგროვა და ასობით მილიონი დოლარი საქართველოში, საქველმოქმედო პროექტებში დახარჯა.
ივანიშვილის მოსვლამ ახალი ენერგია შესძინა და გააერთიანა დანაწევრებულობით ცნობილი ოპოზიცია და ის სააკაშვილის მთავარ ოპონენტად იქცა.
სააკაშვილის პარტია ყველაზე პოპულარულია საქართველოში, მაგრამ „ქართული ოცნება“ ძალას იკრებს. ამერიკული ორგანიზაციის ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ივნისში ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს 36 პროცენტით, მაგრამ თებერვალში მას 47 პროცენტი ჰქონდა, ხოლო ქართული ოცნების მაჩვენებელმა 10 პროცენტიდან 18 პროცენტამდე მოიმატა.
„მე მას ნიღაბი ჩამოვხსენი: ის არ არის დემოკრატი, ის ნამდვილი დიქტატორია,“ უთხრა ივანივილმა AP-ს ინტერვიუში, რომელიც სააგენტოს ზღვისპირა ქალაქ ბათუმთან მდებარე რეზიდენციაში მისცა. „აქ დემოკრატიის სუნიც კი არ დგას.“
მას შედეგ, რაც ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ განცხადება გააკეთა, მის წინააღმდეგ უამარავი საქმე აღიძრა.
მთავრობამ გასულ წელს ივანიშვილს ქართული პასპორტი წაართვა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ დაბადებით ქართველია, მას ფრანგული პასპორტიც აქვს (ის წლების მანძილზე ცხოვრობდა საფრანგეთში), ხოლო საქართველოში აკრძალულია ორმაგი მოქალაქეობა. ამან რეალურად ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. თუმცა დასავლეთის ზეწოლამ შეარბილა სააკაშვილი და მან მიიღო კანონი, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებს არჩევნებში კენჭისყრის უფლებას აძლევს.
ივანიშვილს რუსული პასპორტიც ჰქონდა, რდგან 1990-იან წლებში რუსეთში ცხოვრობდა, მაგრამ მან უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე, როდესაც კამპანია დაიწყო.
ხელისუფლებამ ივანიშვილი თანამგზავრული თეფშების უფასოდ დარიგების, თავისი პარტიისთვის მანქანების შეთავაზების და საარჩევნო დაფინანსების სხვა წესების დარღვევის გამო ამომრჩეველთა მოსყიდვაში დაადანაშაულა და ათობით მილიონი დოლარით დააჯარიმა.
ივანიშვილის მთავარ მოკავშირეს, ფეხბურთელ კახი კალაძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს და ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილად დაასახელეს. პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კალაძის შემოწირულობა ივანიშვილის „ქართული ოცნებისთვის“ უკანონო იყო და მას ერთ კვირაში 10 მილიონი დოლარის გადახდა დავალა. მისი ანგარიშები დაბლოკილია.
ამასობაში ივანიშვილის აქტივისტები ჩივიან, რომ ადგილობრივი მმართველები ხელს უშლიან კამპანიასა და ამომრჩეველებთან შეხვედრებში მთელი საქართველოს მასშტაბით.
„იმის გამო, რომ აღარაფერს ერიდება, რათა დაბლოკოს ლეგიტიმური პოლიტიკური მეტოქე, სააკაშვილმა, გარკვეული თვალსაზრისით თავისი, როგორც დემოკრატის რეპუტაცია შელახა,“ ამბობს ჯემა ფირსტი (Gemma Ferst), ევრაზიის ჯგუფის კავკასიის საკითხთა ექსპერტი.
ნოდარ ჩაჩუა, ჟურნალისტი, რომელიც ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ ტელევიზიაში მუშაობს, უშიშროების ჩინოვნიკებს ბრალს სდებს იმაში, რომ მას თავისი კოლეგებისა და ივანიშვილის თვალთვალი მოსთხოვეს. ჩაჩუას ემუქრებოდნენ, რომ თუ ის უარს იტყოდა თანამშრომლობაზე, გავრცელდებოდა ვიდეო, სადაც ასახულია მისი სექსუალური კავშირი ყოფილ მეგობარ ქალთან.
„ეს დემოკრატია არ არის, ეს საზოგადოებისადმი დამოკიდებულების ტიპური საბჭოთა მეთოდია,“ ამობს, 26 წლის ჩაჩუა, რომელიც მეცხრე არხზე მუშაობს. ამ არხის მფლობელი ივანიშვილის ცოლია. პროკურატურა მის საჩივარს იძიებს.
გიგა ბოკერია, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი და სააკაშვილის მთავარი მოკავშირე, უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა და ამბობს, რომ რეალურად მთავრობა იტანს უწესრიგო და ყველაფერზე წამსვლელ მედიაგარემოს. ის არ გააკეთებს კომენტარს ჩაჩუას ბრალდებებზე, სანამ გამოძიება არ დასრულდება.
ქართული მედია „არის ძალიან აქტიური და კრიტიკული და ხანდახან ამჟამინდელი მთავრობისადმი აგრესიულ გზავნილებსაც ავრცელებს, რაც სრულიად ლეგიტიმური და კანონიერია,“ უთხრა ბოკერიამ AP-ს.
უშიშროების ხელმძღვანელი ახსენებს ახლახანს მიღებულ კანონს, რომელმაც გაზარდა იმ სატელევიზიო არხების ხელმისწავდომობა, რომლებიც კრიტიკულია მთავრობისადმი. ასე იქნება არჩევნებამდე ორი თვის განმავლობაში და ეს ფაქტი საბჭოს თავმჯდომარეს თავისუფალი სიტყვისადმი მთავრობის ერთგულების დასტურად მოჰყავს.
ბოკერია ამბობს, რომ კაცები, რომლებიც დუგლაძეს დასდევენ კონკურენტი რეპორტიორები არიან და მათ მიბაძეს ოპოზიციური მედიასაშუალების აგრესიულ მეთოდს.
„ეს ახალი ტაქტიკა თავად ინფო 9-მ დანერგა და მერე ამაზე ასე ირეაგირეს – გადაიღეს მათი ქცევა ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან,“ ამბობს ბოკერია. „ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ იმას, თუ როგორ იქცევა მედიასაშუალება ამა თუ იმ მხარეს.“
სააკაშვილის ბანაკი ივანიშვილს კრემლის მარიონეტად ხატავს და იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთია მისი სიმდიდრის წყარო. დღევანდელ რუსეთში ასეთი რამ ვერ მოხდება კრემლთან კავშირის გარეშე,“ ამბობს ბოკერია. ივანიშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს.
ასლან ჭანიძე, რომელიც ბათუმში მედიის თავისუფლების მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ივანიშვილს შესაძლოა აქვს ხარვეზები, მაგრამ მისი შემოსვლა პოლიტიკაში არჩევნებს და ქართულ პოლიტიკას მთლიანად უფრო კონკურენტულს გახდის.
„როდესაც მიშა მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა შეყვარებული იყო მასზე, მაგრამ საქართველოში ერთი კაცისგან კერპს ვერ შექმნი,“ ამბობს ჭანიძე. „არ მინდა აქ მხოლოდ ერთი პარტია იყოს, მე ბევრი პარტია მინდა, მინდა პლურალიზმი“.
ეს სტატია ერთდროულად გამოქვეყნდა ასევე გამოცემებში Washington Post, Huffington Post, The Republic, The Guardian, The Province