ჩემი ორიენტ-აზია

ჩემი ორიენტ-აზია

ამ თემაზე დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა დამეწერა. ახლა აღმოსავლეთ აზიაში უკვე კარგა ხნის ყოფნის შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ ზოგადად ჩინური კულტურისა და ჩინეთის რესპუბლიკის ახლანდელი ცხოვრების შესახებ.

თავიდან მინდა ვთქვა, ორიენტალისტი არ ვარ და არც ვაპირებ ამ მეცნიერების ავტორიტეტით ვისარგებლო. აღმოსავლეთი ჩემი სიყვარულია როგორც კერძო მოქალაქის - პირველ რიგში იმიტომ რომ ვთვლი მე თვითონაც ნაწილობრივ აღმოსავლეთის წარმომადგენელი ვარ. ბევრი ჩემი ევროპაცენტრისტი მეგობრისგან განსხვავებით, არ ვთვლი რომ საქართველო მხოლოდ “უძველესი ევროპაა” - ჩვენი ცხოვრების წესის დიდი ნაწილი აღმოსავლურია, ჩვენი რელიგიაც აღმოსავლური ეკლესიის ნაწილია და ეს ბევრი ნიშნით საამაყოც არის.

თუმცა სამწუხაროდ, ანტიაღმოსავლური რასიზმი, ხანაც ლატენტური და ხანაც პირდაპირი ფორმით გამოხატული, ლამისაა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეა ასული. დღევანდელი ნეოლიბერალური რეჟიმის და ხანდახან ოპოზიციის პროპაგანდისტები ყველაფერ აღმოსავლურს “სიბნელედ” ნათლავენ და პირდაპირ დემონიზაციას უკეთებენ.

მართლაც ასეთი ცუდია აღმოსავლეთი, როგორც ეს “უძველესი ევროპელების” სტერეოტიპებში ჩანს?

ცხადია, ამ კითხვაზე პასუხის მოძებნა რთული არ არის. ეს წარმოდგენები თითქმის მთლიანად შეთხზული მითია, რომელსაც რეალობასთან პრაქტიკულად საერთო არაფერი აქვს. თავის დროზე ამერიკაში კუ-კლუქს-კლანიც შავკანიანი მოქალაქეების ლინჩის წესით წამების და დახოცვის გამართლებას ხშირად ქალებზე თავდასხმების ფაქტების ინსცენირებით აკეთებდა. ჩვენთან ბევრი აღარ ახსენებს ჯიმ კროუს წესებს - რომლებიც კლანის დანაშაულებებს დაედო საფუძვლად.

ევროპაცენტრისტული ნარატივის მომხრეები ხშირად აღმოსავლეთის დემონიზაციის მიზნით, აღმოსავლეთში ქალების და სექსუალური უმცირესობების უფლებების დარღვევებს ახსენებენ და უნივერსალისტები მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებიან, როდესაც აღმოსავლეთის ძაგებაა საჭირო. თუმცა, მათ ხშირად ავიწყდებათ, რომ ბევრ აღმოსავლურ ქვეყანაში ამ უმცირესობების უფლებები ჩვენზე ბევრად მეტადაა დაცული და ქალებს და უმცირესობებს არ ეპყრობიან ისე, როგორც “საკუთრებას”.

ამ მხრივ ჩინეთის რესპუბლიკა ძალიან საინტერესო მაგალითია. ტაივანი ამერიკასთან შედარებით ბერვად უფრო სეკულარული ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა რელიგია ძალიან მშვიდობიანად არსებობს. მაშინ, რიოდესაც ამერიკაში ქრისტიანი ფუნდამენტალისტები პოლიტიკურ დღის წესრიგს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ, ტაივანში ბუდისტები, დაოისტები ან კონფუციანელები სრულიად გამოყოფილი არიან სახელმწიფოსაგან და პოლიტიკაში არანაირად ერევიან. ისინი არც ლინჩის წესით სჯიან ვინმეს და მათს საზოგადოებაშიც იგივე სექსუალურ უმცირესობებს არ უჭირთ მშვიდობიანი ცხოვრება. თუმცა, ხშირად ვესტერნული იმპერიალიზმის მქადაგებლები ცდილობენ ადამიანის უფლებების ცნებით მანიპულირებას იმისათვის რომ განსხვავებული კულტურის დამორჩილება და საკუთარი ბიზნესისათვის დაქვემდებარება შეძლონ. კულტურული იმპერიალიზმი დღეს ისეთივე საშიში მოვლენაა, როგორც ეკონომიკური ექსპანსია - ხშირად კლუტურული იმპერიალიზმის ზურგს უკან იმალება გარკვეული ფინანსური და მატერიალური ინტერესები, რომლებიც ცდილობენ ადგილობრივიო მოსახლეობა ეკონომიკურ მონობაში მოამწყვდიონ და ამით ისინი “გაათავისუფლონ” საკუთარი ტრადიციების და კულტურის “მავნე ზეგავლებისაგან”.

საბჭოთა კავშირის არსებობის დროს მრავლად გვახსოვს ასეთი მაგალითები, როდესაც სხვადასხვა ევროპული და თეთრკანიანი იდეის მიღება ხდებოდა უამრავი კულტურისათვის - სწორედ ამ კულტურების ნიველირების და განადგურების ხარჯზე. ოთარ იოსელიანის მშვენიერი ფილმი “და იქმნა ნათელი” ძალიან კარგად ასახავს ამ რეალობას. თუმცა დღევანდელი “აზრის ნომენკლატურისთვის” იოსელიანი წყევლასავითაა, რადგან თავის დროზე ძალიან კარგად იწინასწარმეტყველა ჩვენი ნეოლიბერალური რეჟიმის “კეთილშობილება”.

ჩინეთის რესპუბლიკაში ბევრი საინტერესო ადამიანის ნახვა მომიხდა და ბევრი საინტერესო საზოგადოების. კონფუციანელების მიდგომა ძალიან საინტერესო სწორედ იმით არის რომ ბევრად უფრო მთლიანია და “ჰოლისტური”, ვიდრე ჩვენი და დასავლური სწორხაზოვანი აზროვნება. “ინის და იანის” ურთიერთქმედების პრინციპი ჩინურმა კულტურამ დიდი ხნით ადრე აღმოაჩინა, ვიდრე ევროპაში კვანტური მექანიკის პრინციპები გაითავისეს. კონფუცი დოგმატიზმის წინააღმდეგი იყო და ერთ არსებაში ორივე საწყისის არსებობას აღიარებდა. სწორედ ეს არის ძალიან საინტერესო დღევანდელი ჩინელების ცხოვრებაში - ისინი ერთდროულად ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიური საზოგადოებაა და ამავე დროს ძალიან ტრადიციული კულტურაც - ეს შესაძლებელია და ამას “ახალი ადამიანის” გამოყვანა არ სჭირდება. თავის დროზე მაო ძედუნის მიერ დაწყებულმა “კულტურულმა რევოლუციამ” აბსოლუტურად არ გაამართლა - ევროპული იდეების საზოგადოებაზე ძალით თავსმოხვევა სრული კრახით დამთავრდა. ამავე დროს კონფუცის და დაოს მიდგომა ბევრად უფრო გამძლე და თანადროული აღმოჩნდა. ახლა უკვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამაც აიღო შეიარაღებაზე კონფუციური ფილოსოფია და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. ბევრი წინასწარმეტყველებს, რომ სულ მალე ჩინეთი ამერიკას ჩაანაცვლებს როგორც მსოფლიო ლიდერი.

საინტერესოა რომ ჩინური ცხოვრების სტილი აგრეთვე ბუნებასთან ერთიანობას მოიცავს და ეს მხოლოდ ფილოსოფიური განცხადება არაა. აღმოსავლეთში ფილოსოფია ცხოვრების სტილია. დაოს პრინციპი ადამიანის ბუნებასთან ერთიანობის შესახებ ბევრი ჩინელისთვის ცხოვრების სტილია და არა განყენებული ფილოსოფია. აქ “ჩაის კულტურაა” და არა ალკოჰოლის, სადაც ადამიანები თრობის მაგიერ ფილოსოფიურ განცხრომას ირჩევენ. ცხადია, ნაკლი ყველა კულტურას და სტრუქტურას აქვს - მაგრამ მთლიანობაში ჩინური კულტურა დღეს ბევრად უფრო მშვიდობიანი კულტურაა, ვიდრე დასავლური. მაგრამ, ამავე დროს არანაკლებ საქმიანი. შრომა ჩინური კულტურის ისეთივე ორგანული ნაწილია, როგორც სუნთქვა. სწორედ ასეთი ჰარმონიაა ჩადებული ამ აღმოსავლურ ფილოსოფიაში. დაოს იდეებს ეყრნობა ცნობილი “თაი-ჩი”, რომელსაც ჩვენთანაც ჰყავს ბევრი მიმდევარი. "ჩაის კულტურა” “ყავის კულტურასთან” შედარებით ბევრად უფრო დინჯია - მაგრამ ამავე დროს საქმიანიც - ირაკლი ჩარკვიანის ტერმინი რომ ვიხმაროთ “იჩქარე ნელა”.

იქნებ დროა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: აღმოსავლეთის გამოცდილებას ასე ზერელედ რატომ ვეცნობით და ყველაფერ დასავლურს ვაღმერთებთ? ცხადია, ევროპას და ჩრდილო ამერიკას ბევრი რამე აქვს მისაბაძი - მაგრამ ნუთუ აღმოსავლეთში ვერაფერი დავინახეთ საინტერესო?

ამ კითხვას საკუთარ თავსაც ვაძლევ - მას შემდეგ, რაც ცოტა ხანს მაინც მომეცა აღმოსავლეთში ცხოვრების საშუალება, გულწრფელი ემოციით თავი სახლში ვიგრძენი. ხომ არ არის იმის დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს ორიენტ-აციას. სალმან რუშდის ცნობილი მოთხრობის არ იყოს - ბოლო ხანებში ჩვენ საოცრად დის-ორიენტ-ირებულნი ვართ. სწორედ ამიტომაც ყველაფერ საკუთარს ვივიწყებთ და სხვის ყველანაირ სისაძაგლეს საკუთარ ბაჯაღლოს ვამჯობინებთ. ხომ არ სჯობია კონფუცის არ იყოს, ბევრად უფრო დინჯები ვიყოთ ჩვენს არჩევანში და ბრმად არ დავემონოთ არანაირ ბრჭყვბიალა პროპაგანდას. მით უმეტეს, კარგად გვახსოვს საბჭოთა დროის მაგალითი.

ვიცი, ეს ნაწერი კვლავაც გამოიწვევს ქართველი ლიბერალების “აღშფოთებას”. მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია ჩემი სიყვარულის დამალვა.

ასეთია ჩემი აზრი და ასეთია ჩემი ორიენტ-აზია.