გიორგი თარგამაძე ივანიშვილთან დაახლოებას ცდილობს?

გიორგი თარგამაძე ივანიშვილთან დაახლოებას ცდილობს?

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნების დღე გამოაცხადა, ქართულ პოლიტიკაში ერთი “ღირსშესანიშნავი მოვლენა” მოხდა, რომელიც ქვეყნის უახლეს ისტორიაში ბეშუმის ინცინდენტის სახელით შევა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ აჭარაში, სოფელ ბეშუმის შუამთობის სახალხო დღესასწაულზე მიმავალ “ქართულ ოცნებას” სააკაშვილმა გადაასწრო, მიტინგი მოაწყო და იქაურებს აუწყა, რომ თავის აშენებულ ქვეყანას ივანიშვილს არ დაანგრევინებს... როცა ბეშუმს კოალიციამაც მიაღწია, შეშინებული მოსახლეობა სახლებში ჩაიკეტა. აგრესიულად განწყობილი “ნაცაქტივისტები” კი, საბრძოლო ივანიშვილსა და მის თანმხლებთ შემართებით დახვდნენ და, როგორც ჩანს, სერიოზული მუშტი-კრივის გამართვასაც არ მოერიდებოდნენ, მაგრამ როგორც მოგვიანებით ივანიშვილმა აღნიშნა, “ოცნებამ” გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და უკან დაბრუნდა... საერთოდ, ისეთი პირი უჩანს, რომ ბეშუმისმაგვარი ინციდენტები 1 ოქტომბრამდე მრავლად იქნება... “ქართულ სიტყვა” პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრება.

_ ბატონო რამაზ, როგორ აფასებთ ბეშუმის ინცინდენტს და, საერთოდ, სააკაშვილისა და ივანიშვილის წინასაარჩევნო აქციებს?
_ ინცინდენტი, რომელიც ბეშუმში “გათამაშდა”, იმაზე მიუთითებს, რომ სააკაშვილი შეშინებულია. შიში რომ არა, სააკაშვილი ასეთ რისკზე არ წავიდოდა _ ივანიშვილის მომხრეების თავისკენ მიმხრობას ასე ღიად არ დაიწყებდა და ბეშუმს ბრძოლის ველად არ გადააქცევდა. სააკაშვილმა ბეშუმის ზეიმი დაპირისპირების, ლანძღვა-გინების არენად აქცია. როცა ადამიანი ნორმალურ გზას გადაუხვევს და ფიზიკურ შესაძლებლობებს გამოიყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ეშინია და, შესაბამისად, არაადაქვატურად იქცევა.
რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, მეტი საქმე არ მაქვს, ჩემი აშენებული ქვეყანა თქვენ გადმოგცეთო, დაუფიქრებელი და აგონიაში მყოფი ადამინის ნათქვამია. მან ისიც თქვა, ივანიშვილის ხალხი ფეხებში ნუ მებლანდებითო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერზე წავა, რათა ხელისუფლება შეინარჩუნოს. სააკაშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ივანიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრები კი, მოზომილი და ცივილურია. გახსოვთ, ალბათ, თუ როგორ მოაგვარა ბიძინამ ურთიერთობა “ნაცმოძრაობის” აქტისტებთან სვანეთში _ სააკაშვილის მომხრე აგრესიულ ადამიანებს მშვიდად მიმართა, ნუ ხართ ჩემი ამომრჩევლები, ვისაუბროთო და ამ საუბრით დაძაბული სიტუაცია განმუხტა. სხვათა შორის, ბეშუმში ერთ-ერთმა ე.წ. ხუთიანი მაისური გაიხადა და “ქართული ოცნების” მაისური ჩაიცვა. მშვიდი და დამაჯერებელი საუბრით ადამიანის გულის მოგება გაცილებით იოლია, ვიდრე _ დაშინებითა და აგრესიით. ჩემი აზრით, ივანიშვილის წანსაარჩევნო სტრატეგია მომგებიანია და ასე უნდა გააგრძელოს. ამის დასტურია “ქართული ოცნების” მრავალათასიანი აქცია ბათუმში, “საოცრებათ მოედანზე”.
სხვათა შორის, ბათუმი ერთ-ერთი ქალაქია, სადაც “ნაცმოძრაობა” ყველაზე მეტად, ასე ვთქვათ, დაიხარჯა და ბათუმელებს ორიენტაცია, წესით, სააკაშვილზე უნდა ჰქონდეთ აღებული, თუმცა ვითარება სხვანაირია: ბათუმსა და, საერთოდ, მთელ აჭარაში ბევრი პობლემა დაგროვდა როგორც ეკონომიკური, ასევე, _ რელიგიური. ბათუმში მწვანე შუქი აუნთეს თურქებს და რაც ყველაზე მთავარია, აჭარა ტოტალური გამუსულმანების წინაშე დგას. ბათუმელებს ბევრი პრეტენზია აქვთ ხელისუფლებასთან და მხოლოდ სააკაშვილის ცათამბჯენები არ სჭირდებათ. ბეშუმის ინციდენტის მიუხედავად, ვფიქრობ, აჭარაში ივანიშვილის ტრიუმფალური სვლა გაგრძელდება.
_ არჩევნები 1 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. პირველი ოქტომბერი ორშაბათია და ეს დღე უქმედ გამოცხადდა, თუმცა ემიგრანტებს არჩევნებზე მისვლის საშუალება არ ექნებათ _ დიასპორების თავკაცები აცხადებენ, რომ სააკაშვილს არ უნდა, ემიგრანტებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. თქვენი აზრით, რატომ?
_ სააკაშვილმა იცის, რომ ემიგრანტების დიდი უმეტესობა ხმას არ მისცემს. სავარაუდოა, რომ არჩევნების ორშაბათ დღეს დანიშვნაც შემთხვევით არ მომხდარა. ყველაფერი კარგად მოფიქრებულია და ემიგრანტების ხმებს გააყალბებენ.
_
ახლახან გაზეთ “ნოვაიე იზვესტიაში” “პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორის”, ალექსეი მუხინის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მუხინი ღიად ამბობს, რომ პუტინს რუსეთის იმპერიის, ან საბჭოთა კავშირის აღორძინება უნდა. ამასთან, აგვისტოს ჩელიაბინსკის ოლქში კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის სამხედრო წვრთნები იწყება, ოქტომბერში კი, _ “კავკაზ 2012”-ი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კრემლი მიზანმიმართულად ამთხვევს სამხეედრო წვრთნებს წინასაარჩევნო პერიოდს. გამორიცხულია, რომ რამე საბაბით რუსეთი საქართველოში შემოიჭრას?
_ მეეჭყვება, რადგან რუსეთი ისედაც რთულ მდგომარეობაშია _ ოკუოპანტის იარლიყი აქვს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ. თუ ირანში სიტუაცია გამწვავდა, მაშინ რუსეთმა, ირანის პროცესებში ჩართვის მოტივით, შეიძლება, ჩვენთვის ბევრი უსიამოვნო რამ გააკეთოს.
_ ჩემი აზრით, პოლიტიკოსები ირანის თემით იმიტომ არ აპელირებენ, რომ საზოგადოებაში შიშის სინდრომი დაითესონ...
_ მარიკა, თქვენს კრიტიკულ შენიშვნას ვეთანხმები, მაგრამ ირანთან დაკავშირებით რეალური საფრთხე არსებობს _ ირანმა კიდევ ერთხეკლ განიხილა იმის შესაძლებლობა რომ სამხედრო ოპერაციაები დაიწყოს. რუსეთს ნათქვამი აქვს, რომ კონფლიქტში ჩაერთვება. კონფლიქტში ჩართვა რუსეთის სამხედრო ნაწილების ირანთან მიახლოებას გულისხმობს, ასეთი “მიახლოება” კი, საქართველოზე გადის.
_ მუხინი აცხადებს, თუ სააკაშვილი მოინდომებს, ახლავე შეუძლია შემოვიდეს…დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების არელშიო. რუსები სააკაშვილს მესიჯს ხომ არ უგზავნიან?
_ არაა გამორიცხული, რომ რაღაც ანალოგიურ პირობაზე დაითანხმონ სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ სნგ-ში აფხაზეთის ოკუპაციის დროს შეგვიყვანეს და, პრაქტიკულად, აფხაზური პრობლემა ინსტრუმენტი იყო, რომ საქართველო შეეყვანათ სნგ-ში. შესაძლოა, ხელისუფლების შენარჩუნება ის ინსტრუმენტი იყოს, რომლითაც რუსეთი სააკაშვილს დაითანხმებს.
_ პრეზიდენტი შესაძლოა, გარიგებაზე წავიდეს რუსეთთან?
_ არ გამოვრიცხავ!
_ ასეთ შემთხვევაში ივანიშვილი ხომ “აუთსაიდერი” აღმოჩნდება პოლიტიკაში და გავა თამაშიდან?
_ მეეჭვება, რომ საზოგადოებამ ივანიშვილს უკან დახევის უფლება მისცეს, რადგან დღეს, ქართული საზოგადოება მართავს ბევრ რამეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთმა სააკაშვილის შენარჩუნება გადაწყვიტა და ამის გამო კონფლიქტი მოაწყო საზღვარზე, რათა სააკაშვილს საომარი მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი ჰქონდეს და არჩევნები მოხსნას, როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?! დღეს ისეთი მუხტია საქართველოში, რომ არჩევნებშიც რომ გაიმარჯვოს სააკაშვილმა, საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილების ხარისხი ისეთი მაღალი იქნება, რომ ამ ხალხს ვეღარაფერი შეაჩერებს.
_
როგორც ჩანს, აგვისტო ძალიან დაძაბული იქნება. რა შძეიძლება მოხდეს, ანუ როგორ გადანაწილდება პოლიტიკური ძალები არჩევნებამდე?
_ ორი დუელიანტის _ ივანიშვილისა და სააკაშვილის გარდა, ძალიან გააქტიურებულია კუკავასთან მყოფი ჯგუფი, ანუ შაშიაშვილი-კუკავა–ასათიანი. ეს ჯგუფი რაღაც საინტერესო შედეგს მიიღებს და შეიძლება, ისეთ პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდეს, რომელიც კონკურენციას გაუწევს “ქრისტიან დემოკრატებს” მესამე საპრიზო ადგილისათვის საპარლამენტო ბრძოლაში.
_ “ქრისტიან-დემოკრატების” მხრიდან ასეთი მესიჯიც გაისმა, რომ არ გამორიცხავენ კოალიცია “ქართულ ოცნებასთან” მიახლოებას...
_ თარგამაძე ყოველთვის ცდილობს, მიუახლოვდეს “ქართული ოცნებას”, მაგრამ მასპინძელმაც ხომ უნდა მიიღოს?! ივანიშვილის დამოკიდებულება თარგამაძის მიმართ კრიტიკულია _ მას არ ენდობა. ამიტომ, უნდობლობის პირობებში, ძნელი იქნება თარგამაძისათვის ივანიშვილითან დაახლოება.

P.S. სააკაშვილი თუ ივანიშვილი?! ივანიშვილი თუ სააკაშვილი?! ვინ დაიდგავს დაფნის გვირგვინს? _ ამას პირველ ოქტომბერს გავიგებთ, მანამდე კი, საარჩევნო სცენაზე მძაფრსიუჟეტიანი პოლიტ-”ბოევიკი” თამაშდება...