13 ივლისის ღამის პირველ საათზე მელიქიშვილზე, ჩაის სახლთან „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, რომელსაც საქართველოში „წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის“ ფედერაციის ხელმძღვანელი, 1932 წელს დაბადებული ალექსანდრე მარინოვი მართავდა, ორ თბილისელს, 1965 წელს დაბადებულ ლაშა სულაბერიძეს და 1965 წელს დაბადებულ დავით ჯაყელს დაეჯახა.
ორივე სავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მძღოლი ადგილზევე დააკავეს. უცხოელმა დიპლომატმა მის ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა. ექსპერტმა ექიმმა მისი სახისა და თვალების ფერის ვიზუალური დაფიქსირება მაინც შეძლო. მისი ვარაუდით, ნაქეიფარი მარინოვი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა თრობის ხარისხის დადგენა ვერ მოხერხდა.
„წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის“ საქართველოს ფედერაციაში მომხდარ ფაქტს „ტრაგიკული შემთხვევა“ უწოდეს და ბულგარელი დიპლომატი უაღრესად წესიერ და პატიოსან პიროვნებად დაახასიათეს. ამჟამად ალექსანდრე მარინოვი ბარნოვზე, თავის საცხოვრებელ ბინაში იმყოფება, სადაც იგი პოლიციის ესკორტმა მიაცილა.
დიპლომატი ყოველგვარ ჩვენებაზე უარს ამბობს. პროკურატურის საგარეო საქმეთა საგამოძიებო ნაწილის უფროსის, ერიკ სვანიძის განცხადებით, მარინოვის დიპლომატიური იმუნიტეტის შესახებ ცნობა არავის თვალით არ უნახავს. თუმცა, მისი ვარაუდით, იგი უნდა არსებობდეს.
მარინოვი ჟენევაში თავის წარმომადგენლობას შემთხვევის ადგილიდანვე დაუკავშირდა და ადვოკატი მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ ამ რამდენიმე ხნის წინ, ქართველ დიპლომატს, საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს ვაშინგტონში, გიორგი მახარაძეს ავარიისთვის, რასაც ამერიკელი გოგონა შეეწირა, პრეზიდენტ შევარდნაძის თანხმობით, დიპლომატიური იმუნიტეტი მოუხსნეს.
საქმე პრეზიდენტ ქლინთონის აპარატში და დიპლომატიურ სამსახურებში მკაცრ კონტროლზე აიყვანეს. მოკლედ, ყველაფერი იღონეს, რომ თავისი მოქალაქის უფლებები დაეცვათ. მალე აშშ-ში მახარაძის სასამართლო პროცესი დაიწყება.
შედგება თუ არა მარინოვის პროცესი თბილისში, ძნელი სავარაუდოა. დღევანდელი მდგომარეობით ალექსანდრე მარინოვს საქართველოს დატოვება თავისუფლად შეუძლია.
სააგენტო პრაიმ-ნიუსმა გაავრცელა პარლამენტის საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის კომენტარი: „თუ საქართველოს მოქალაქე ვაშინგტონში უნდა გასამართლდეს, მაშინ ბულგარელი დიპლომატიც საქართველოს კანონმა უნდა დასაჯოს“.
გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის“ საერთაშორისო ფედერაციას ჟენევაში ნოტა გაუგზავნა, რომელშიც ალექსანდრე მარინოვისთვის დიპლომატიური იმუნიტეტის მოხსნას მოითხოვს. შს მინისტრის მოადგილის, თემურ მურღულიას განცხადებით, მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. მაგრამ მარინოვისთვის იმუნიტეტის მოხსნამდე „პოლიციას უფლება არ აქვს მისი ავტომობილი პატიმრობაში აიყვანოს და ექსპერტიზა ჩაუტაროს.“
იმავე დღეს „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის“ ფედერაციამ ჟენევიდან საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სახელზე ფაქსი გამოაგზავნა, რომელშიც ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ 13 ივლისს მომხდარი ტრაგიკული ინცინდენტის გამო.
„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის“ ფედერაციის გენერალური მდივნის, ჯორჯ ვებერის მიმართვაში ნათქვამია: „ნება მოგვეცით, ჩვენი ორგანიზაციის სახელით, უდიდესი მწუხარება გამოვხატოთ და სამძიმარი ვუთხრათ სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს და მთელ ქართველ ხალხს.“ თუმცა, მიმართვაში არაფერია ნათქვამი, აპირებს თუ არა ფედერაცია ალექსანდრე მარინოვისთვის დიპლომატიური იმუნიტეტის მოხსნას.
გუშინ გვიან ღამით ავარიის კიდევ რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი.
„მის ნამუსზე იყოს, არავის დასჯას რომ არ მოვითხოვ“, - განუცხადა პრაიმ-ნიუსს ავარიის ერთ-ერთი მსხვერპლის, ლაშა სულაბერიძის დედამ, ია სულაბერიძემ, რომელიც სახლის აივნიდან უყურებდა, როგორ დაეჯახა ორ ადამიანს მანქანა.
ია სულაბერიძემ, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ერთ-ერთი მისი შვილი იყო, სასწრაფო დახმარება თვითონ გამოიძახა.
„ყოველ დღე ვხედავდი ამ მანქანას, რა ვიცოდი, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ამ მანქანით დასრულდებოდა“, - ამბობს დაღუპული დედა.
გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ მარინოვი ნასვამი იყო და მანქანას დიდი სისწრაფით მართავდა.
„ჩვენ აღარაფერი გვეშველება, უცხოელები საქართველოში ჩამოდიან და ქვეყანა თავისი ჰგონიათ“, - ამბობს ლაშა სულაბერიძის მეუღლე ნინო.
„მკვლელი უნდა დაისაჯოს, ორი ახალგაზრდის სიკვდილი მარინოვს არ უნდა შერჩეს“, - ამბობს მეორე დაღუპულის, დავით ჯაყელის დედა, ლამარა წეროძე: „თუკი ამერიკის მთავრობამ ჩვენს დიპლომატს, გიორგი მახარაძეს 16 წლის ამერიკელი გოგონას სიკვდილი არ აპატია, არც ჩვენმა მთავრობამ უნდა აპატიოს ვინმეს საკუთარი მოქალაქეების მკვლელობა!“