ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის პოლიტიკური ბიუროს წევრმა პაატა შეშელიძემ გუშინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებულ ვარიანტს „სახალხოსა“ და „მოქალაქეებს“ შორის დამღუპველი გარიგების შედეგი უწოდა.
მისი აზრით, ეს კომპრომისები ანადგურებს თვითმმართველობის შინაარს და, ამასთან, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას საფრთხეს უქმნის.
„მოქალაქეთა კავშირი თავიდან ჩვენ გვიჭერდა მხარს და რაიონული რგოლის შესუსტებაზე ზრუნავდა, შემდეგ „სახალხოსაკენ“ გადაიხარა და პირდაპირი პროპორციული გზით რაიონული საკრებულოს არჩევნებს დაეთანხმა, რაც არასწორია“, - თვლის შეშელიძე.
მისი განცხადებით, „სახალხო“ არაა ერთადერთი ოპოზიცია, თუ მას საერთოდ ოპოზიცია შეიძლება ეწოდოს. ისინი პარლამენტით შემოფარგლულ პარტიას წარმოადგენენ და საზოგადოებაში დასაყრდენი არა ჰყავთ.
რაიონულ დონეზე თვითმმართველობის ინსტიტუტის დაარსება სერიოზულ წინააღმდეგობას შეუქმნის სამხარეო მოწყობაზე გადასვლას და თავად ამ ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასაც შეუშლის ხელს, - განაცხადა შეშელიძემ.
მისი თქმით, ამ ნაბიჯის შემდეგ ერთადერთი გამოსავალი დარჩა, რომელსაც შემოგვთავაზებენ: გამგებელი და მერი პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს.
ქრისტიან-დემოკრატთა თქმით, ამის დაშვება არ შეიძლება. ის, რაც ამ ვარიანტის გატანას მოჰყვება, იქნება თვითმმართველობის დასამარება საქართველოში. ქალაქის მერი უნდა აირჩეს, - თვლიან ისინი.
„მოქალაქეები“ ამომრჩევლებს თვითმმართველობის შემოღებას ჰპირდებოდნენ, თუმცა როგორც ჩანს, მათი ეს დაპირება, ისევე როგორც სხვა მრავალი, ცარიელი სიტყვებია და სხვა არაფერი, - განაცხადა შეშლიძემ.