18 თებერვალს სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ჟურნალისტებისთვის გამართა პრესკონფერენცია, რომელიც ინგლისში მისი ვიზიტის შედეგებს შეეხებოდა.
შევარდნაძის თქმით, ვიზიტის უმთავრესი შედეგია ორ დოკუმენტზე ხელის მოწერა: დეკლარაცია, სადაც აისახა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ძირითადი პრინციპები; ხელშეკრულება ინვესტიციების დაცვისა და ურთიერთდახმარებაზე, რაც შევარდნაძის თქმით, ბრიტანულ კაპიტალს გზას გაუხსნის საქართველოში და მთლიანად კავკასიაში.
ინგლისში ძალიან დაინტერესდნენ შევარდნაძის შეხედულებებით ესენგე-ში, რუსეთსა და ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებზე. როგორც საუბრის შემდეგ გარკვეულა, მათი შეხედულებები ერთმანეთს მთლიანად ემთხვეოდა.
შევარდნაძის აზრით, საქართველო ძალიან მალე დამკვიდრდა ევროპაში, მას სიმპატიურად უყურებენ, რაც თავისთავად დიდ კაპიტალს წარმოადგენს. ქვეყნის მეთაურის თქმით, „ნიუ ჰაუსის“ მიერ გამოყოფილი დახმარება 1,5 - დან 3 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა.
მნიშვნელოვანი იყო ევრობანკის პრეზიდენტის ჟაკ დელორუსიესთან შეხვედრა, რომლის შემდეგაც საქართველოს 18 მილიონი დოლარი გამოუყვეს ენერგეტიკული ობიექტების აღსადგენად. ისინი დათანხმდნენ, რომ ამ თანხის ნაწილი მოხმარდეს თბილისის აღდგენას, ნაწილი კი მე-11 ენერგობლოკის რემონტს.
გადაწყდა, რომ ინგლისელები დააფინანსებდნენ სუფსაში ნავთობის, ჭიათურაში კი მარგანეცის წარმოებას, ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებს, თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციას. ეს პროექტი, ალბათ, წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო აეროპორტის გამტარუნარიანობა საათში 2 500 მგზავრამდე გაიზრდება.
შევარდნაძის თქმით, დელეგაცია გაეცნო ინგლისის ბირჟას. შევარდნაძემ შეახსენა ჟურნალისტებს, რომ ეს ბირჟა მსოფლიოში მესამე ადგილზეა ნიუ-ორკისა და ტოკიოს მსგავსი დაწესებულებების შემდეგ და იქვე აუხსნა მათ ბირჟის ფუნქციები. თურმე ბირჟა მარტო უსაქმურების თავშესაყარი ან ვალუტის კურსის განმსაზღვრელი ადგილი კი არ არის, არამედ დიდი საფინანსო ცენტრი ყოფილა.
შევარდნაძის თქმით, ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ლონდონის პოლიტიკურ ელიტასთან შეხვედრა, რასაც ინგლისურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოყვა.
აღსანიშნავია შეხვედრები ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრებთან და „ბრიტიშ-პეტროლიუმის“ მესვეურებთან.
შევარდნაძის თქმით, ბრიუსელში დელეგაცია 2 საათით გვიან ჩაფრინდა. რადგან იქ ამ დროს დიდი გაფიცვა მიმდინარეობდა. საპროტესტო აქციას იმდენად გაუოცებია საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, რომ უკითხავს, ასეთი კარგი ცხოვრება გაქვთ და რაღაზე იფიცებითო. აეროპორტის თანამშრომლებს საქართველოს დელეგაცია გაუფრთხილებიათ, რომ თუ 5 საათამდე არ დატოვებდნენ ბრიუსელს, გაფიცვა გაგრძელდებოდა და ისინი გაფრენას ვერ შეძლებდნენ.
ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარის ჟაკ შანტერის დახმარებით საქართველო მიიღებს ხორბალს, 10 ათასობით ტონა საწვავს, ათასობით ტონა კარაქს, მცენარეულ ზეთს, მედიკამენტებს. შევარდნაძის თქმით, დადგა ვალების გასტუმრების დრო. ამიტომ მისი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი სესხის ვადის გახანგრძლივება იყო. მან ეს ამოცანა დადებითად გადაწყვიტა და საქართველოს დამატებით გამოუყვეს 120 მილიონი ეკიუს ჰუმანური დახმარება.
ევროკავშირთან ხელშეკრულების დადებაზე მოლაპარაკება აპრილიდან დაიწყება. შევარდნაძის თქმით, საქართველოში ჩამოვლენ სამუშაო ჯგუფები, რომლებიც განიხილავენ ევრაზიის დერეფნის შესახებ კონფერენციის ჩატარების საკითხს. დაინიშნა ევროკავშირის ელჩი საქართველოში - გორბაი. განისაზღვრა მსოფლიო ცენტრის სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში, რის შედეგადაც მან მიიღო თანხები სისტემური ტრანსფორმაციისათვის. ვაშინგტონში კი უკვე ხელი მოაწერეს სტაბილიზაციის სესხის 75 მილიონი დოლარის გამოყოფას, რაც საქართველოს საკუთარი ვალუტის შემოღების საშუალებას მისცემს.