ქართული სკანდალი ოლიმპიადაზე - ბეთქილ შუკვანის

ქართული სკანდალი ოლიმპიადაზე - ბეთქილ შუკვანის "ზონდერ-ოლიმპიადა"

"გია უდესიანი და ვარძელაშვილი ერთად არიან, ერთად მოქმედებენ და უდესიანისგანაც იყო მუქარები. იცოდნენ, თუკი გავიმარჯვებდი, ამას "ქართულ ოცნებას" მივუძღვნიდი. არასდროს მოვრიდებივარ იმის თქმასაც, რომ ხშირად ვნახულობდი იმ მოჭიდავეებს, ვინც ბიძინა ივანიშვილთან არიან, ასევე იცოდნენ რომ ივანიშვილთან ფოტო მაქვს გადაღებული. ამაზეც იყო ზარები - ვარძელაშვილმა დამიბარა, მაგრამ მოვერიდე მისვლას. ოლიმპიადაზე კი საერთოდ დაიძაბა ყველაფერი, უკვე მუქარასა და გინებაზე იყვნენ გადასულები. მაგინებდა უდესიანი, ისეთ სიტყვებს მეძახდა, ვერ გავიმეორებ", - აცხადებს საქართველოს ძიუდოისტთა ოლიმპიური ნაკრების წევრი, ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი გაზეთ "რეზონანსისთვის" - მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ქართული სკანდალი ოლიმპიადაზე / ბეთქილ შეკვანი: "თავს, როგორც ტყვეობაში, ისე ვგრძნობდი,. ისე მექცეოდნენ, თითქოს არ ვარსებობდი"

"სხვაზე ვერაფერს ვიტყვი და ჩემ მიმართ ისე იქცეოდნენ, თითქოს არ ვარსებობდი, თითქოს ოლიმპიურ გუნდში არ ვიყავი არც კი კონტაქტობდნენ ჩემთან. როცა რაღაცას ვეკითხებოდი, პასუხს არ მცემდნენ. მათ შეეძლოთ გაეპროტესტებინათ ბრძოლის შედეგი, მაგრამ რადგან მე ვიყავი, ამიტომ არ ჰქონიათ რეაქცია - როცა გაპროტესტება ვთხოვე, პასუხიც არ მაღირსეს ასპარეზობის შემდეგ უდესიანთან შელაპარაკება მომივიდა და ბიჭებთან ვთქვი, მე აქ ვერ დავრჩები და უნდა წავიდე, ბილეთს ავიღებ მეთქი. რომ გაიგეს ბილეთს ვიღებდი, ოთახში ერთი ბიჭი მოვიდა, სახელს არ დავასახელებ, გარეთ გელოდებიან, ათნი იქნებიან, უდესიანიც იქ არის მთვრალიო. როცა ამას მელაპარაკებოდა ტელეფონზე დაურეკეს და იქიდან ყვირილი მესმოდა, აქ მომითრიეთო. ამის შემდეგ თქვენ გაჩერდებოდით ოლიმპიურ სოფელში? ხელში რაც მომხვდა, ჩავალაგე ზურგჩანთაში და წამოვედი. ჩანთაც კი იქ დავტოვე სიჩქარეში. იმ საღამოსვე მინდოდა წამოსვლა, მაგრამ ქალაქიდან შორს ვიყავით და ვერ გავერკვეოდი. ბილეთის დაჯავშნაც არ ვიცოდი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბეთქილ შუკვანი.

"ოლიმპიადაზე ყველა ზეიმობდა, მხიარულობდა, მე კი თავს, როგორც ტყვეობაში, ისე ვგრძნობდი. ჭიდაობის შემდეგ ორი დღე ოთახში ვიყავი ჩაკეტილი, გარეთაც არ გამოვსულვარ. ბიჭების გულშემატკივრობაც ვერ შევძელი, ვიცოდი, რომ დამხვდებოდნენ და იმიტომ. ჩემი მეგობარი ცხოვრობს ხორვატიაში, მას ვთხოვე ბილეთი დაეჯავშნა და ის დამეხმარა", - დასძენს ბეთქილ შუკვანი და შეკითხვას - "ვარძელაშვილმა თქვა, კონფლიქტი რომ არსებულიყო, ოლიმპიადაზე არ წავიყვანდიო და ისიც გაიხსენა, გერმანიაში ერთ-ერთი ტურნირის დროს შუკვანმა და მისმა მეგობრებმა რაღაც მოიპარეს და ესეც კი ვაპატიეთო..." პასუხობს:

"გერმანიაში 5 000 სპორტსმენამდე იყო ჩასული, 2009 თუ 2010 წელს იყო და მსგავსი ფაქტი მართლაც მოხდა, თუმცა მე არაფერ შუაში არ ვყოფილვარ. სხვებთან ერთად მეც გამაჩერეს და შემამოწმეს. როცა ნახეს, უდანაშაულო ვიყავი, გამომიშვეს. ვარძელაშვილი იმ დროს მინისტრი საერთოდ არ ყოფილა და თან რაც არ მომხდარა, როგორ უნდა ეპატიებინა? რაც შეეხება გეგმებს, ახლა ტრავმა მაქვს და ვარჯიშს ტრავმის მოშუშების შემდეგ დავიწყებ. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ, "ქართულ ოცნებას" ვგულშემატკივრობ და ჩემი პოზიცია დავაფიქსირე - როცა ქართველ ხალხზე გული შეგტკივა და უსამართლობაზე ხმას იღებ, ეს პოლიტიკოსობას არ ნიშნავს".

"ქართული ოცნების" პრესპიკერმა მაი ფანჯიკიძემ გუშინ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 23 წლის ბეთქილ შუკვანზე ქართული დელეგაციის მხრიდან ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა - "ბეთქილი ივანიშვილს შეხვდა და მასთან ერთად ფოტო გადაიღო, რომელიც ფეისბუქით გავრცელდა. ბეთქილი აპირებდა თავისი გამარჯვება "ქართული ოცნებისთვის" მიეძღვნა. ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო მისი განწყობის შესახებ -ამიტომ მიმდნარეობდა მასზე ზეწოლა" - განაცხადა პრესსპიკერმა, რომლის თქმით, ჯერ კიდევ თვითმფრინავში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა და საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გია უდესიანმა მას აგრესიულად და უცენზურო სიტყვებით მიმართეს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით პოლიტიკური სკანდალი ლონდონის ოლიმპიადაზე.

"მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა ჰქონდა (თითი აქვს დაზიანებული) მიღებული, შუკვანმა პირველი ბრძოლა მოიგო, მეორეც ძალაინ კარგად დაიწყო, თუმცა დასრულებამდე 10 წამით ადრე თითიდან სისხლის წასკდა, თუმცა მსაჯმა შეჯიბრი არ გააჩერა და დამარცხდა. შუქვანმა მინისტრსა და ქართულ დელეგაციას მიმართა და უსამართლო მსაჯობაზე რეაგირება სთხოვა, რაზეც პასუხი ვერ მიიღო. დელეგაციას ლონდონში ყოფნისას მასზე არ უზრუნია და ის თავისი მეგობრის დახმარებით დაბრუნდა საქართველოში. ეს არის კლასიკური ნიმუში საქართველოში გავრცელებული სამწუხარო ტრადიციისა, როცა ხელისუფლება სპორტსმენებს "თავისიანებად" და ქართული ოცნების" მხარდამჭერებად ჰყოფს" - განაცხადა ფანჯიკიძემ. თავად შუკვანის განცხადებით, იგი 12 წელია სპორტშია და ასეთი მსაჯობა არ ახსოვს", -აღნიშნავს გამოცემა.

"ბეთქილ შუკვანი სიტუაციის გამწვავებას მოერიდა და როდესაც მას უთხრეს, რომ გია უდესიანი 10 კაცთან ერთად ელოდებოდა, ფანჯრიდან გადახტა, რათა სასტუმრო დაეტოვებინა. პრინციპში, უდესიანის მისვლა სასტუმროში ნასვამ მდგომარეობაში 10 კაცთან ერთად და შეხვედრაზე შუკვანის დაბარება, რბილად რომ ვთქვათ, საქმის გარჩევისთვის შეხვედრის დათქმას ნიშნავს, რაც შეიძლებოდა, სავალალაოდ დამთავრებულიყო. შესაძლოა, შუკვანი რომ არ წამოსულიყო ოლიმპიური სოფლიდან, სასტუმროში საშინელი შეჯახება მომხდარიყო... იგი უბრალოდ ვერ მოხსნეს დელეგაციიდან და ოლიმპიადაზე მაინც წაიყვანეს - უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდათ, თორემ არ წაიყვანდნენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წარსულში გია უდესიანი იყო ბოლნისის მხედრიონის უფროსი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გია უდესიანი შეიძლება მესტიაში ნაციონალების მაჟორიტარი გახდეს. ვარძელაშვილის უწყება და ოლიმპიური კომიტეტი შუკვანის ბრალდებებს უარყოფს", - დასძენს გამოცემა