60 დღე არჩევნებამდე

60 დღე არჩევნებამდე

საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად 2 თვე დარჩა. გუშინ გაცხადდა, რომ არჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართება და ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანიაც გახსნილად გამოცხადდა. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ისინი ცაიტნოტში ჩააგდო და მათი მაჟორიტარობის კანდიდატები შვებულების სეზონის გამო საარჩევნო კამპანიას სრულყოფილად ვერ ჩაატარებენ. თუმცა ამის მიუხედავად, მაინც იმედიანად არიან.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი კი საპასუხოდ აცხადებს, რომ არჩევნების თარიღი კანონის ფარგლებში გამოცხადდა და "თუ ისინი (ოპოზიცია) ფიქრობდნენ რომ, აგვისტოში სადღაც ზღვაზე უნდა მსხდარიყვნენ და პოლიტიკა დაევიწყებინათ, ეს მათ პოლიტიკურ სიმწიფეზე არ მეტყველებს".

"ოპოზიციამ რაღაც ხომ უნდა თქვას? ჰოდა, დავუტოვოთ სათქმელი... 8 წელია, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა. ამ ხნის განმავლობაში ამ პოლიტიკოსების უმრავლესობა სულ მტრობის რეჟიმშია. ამიტომ, წესით, მზად უნდა იყვნენ. ბორბალში ჯოხებს თხრიდნენ და კიდევ რა მომზადება უნდათ?!" - კითხულობს დარჩიაშვილი.

არის თუ არა ოპოზიცია მზად 1 ოქტომბრისთვის?

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ არჩევნების 1 ოქტომბერს ჩატარება დიდი ქალაქების მაჟორიტარობის კანდიდატებს გარკვეულ უხერხულობას უქმნის.

"ხელისუფლებამ "გათვალა" ის, რომ აქტიური საარჩევნო კამპანია რეალურად მაქსიმუმ ერთი თვე იქნება. ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ტემპერატურამ არ აიწიოს, მას სტატუს-კვო, გარკვეული რეიტინგები აქვს. როგორც ჩანს, ამ რეიტინგებით კმაყოფილია და ცდილობს, ეს შეინარჩუნოს. შენარჩუნება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხერხდება, თუ პოლიტიკური ტემპერატურა ნაკლებად აიწევს," - დასძენს ვეფხვაძე.

მისივე თქმით, ქდმ არჩევნების დანიშვნას ოქტომბრის პირველ კვირაში ელოდა, ამისთვის მზადაც არიან და დადებითად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ არჩევნები სამუშაო დღეს დაინიშნა.

"1 ოქტომბერი დასვენების დღედ ცხადდება და ეს მიღებული პრაქტიკაა იმ ქვეყნებიდან გამომდინარე, სადაც უნდათ, რომ არჩევნების დღე უფრო მეტად აქტიური იყოს ამომრჩევლის დასწრების კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ დღეს დაინიშნებოდა არჩევნები - ორშაბათს, პარასკევს თუ შაბათს. მთავარი პრობლემა რეალურად ისაა, რომ საარჩევნო კამპანიის პირველი ერთი თვე არის აგვისტო, თვე, როდესაც ხალხი ქალაქებიდან სოფლად ან ზღვისპირეთში, უცხოეთში დასასენებლად არის წასული და რეალურად მაჟორიტარ კანდიდანტებს ამომრჩევლებთან კომუნიკაცია დიდ ქალაქებში გაუჭირდებათ.

"პარტიული კუთხით ნაკლები პრობლემაა - ადამიანი ზღვაზე იქნება თუ სოფლად, კამპანიას გამართავ, მაგრამ საბურთალოელ ამომრჩეველს პლაჟზე დევნას ვერ დაუწყებ. სასწავლო პერიოდის დაწყებამდე, 15 სექტემბრამდე ასე იქნება. ამიტომაც გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ რეალურად მაჟორიტარებს საარჩევნო კამპანიისთვის მხოლოდ ორი კვირა ექნებათ. ამ კუთხით მაჟორიტარებისთვის დიდ პრობლემას ვხედავ," - განმარტავს ვეფხვაძე.

იგივე პრობლემებზე საუბრობს "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე. მისი განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა, საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს დანიშნულიყო.

დავით გამყრელიძე: "მართალი გითხრათ, ჩვენ პროგნოზს ვაკეთებდით, რომ არჩევნები ოქტომბრის პირველივე რიცხვებში დაინიშნებოდა და კონსტიტუციით განსაზღვრული ოქტომბრის თვე არ მოგვეცემოდა ნორმალური კამპანიის ჩასატარებლად.

"ხელისუფლებისთვის საარჩევნო კამპანია დიდად მნიშვნელოვანი არ არის, მან ისედაც იცის, ვინ არის მისი ამომრჩეველი და მათი მობილიზაცია არ სჭირდება. დრო კი სჭირდებოდა ოპოზიციას. მიუხედავად ამისა, მზად ვართ და ორგანიზაციული თვალსაზრისით რაღაც პროცესები დაწყებული გვქონდა".

კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" დიდი ხანია, არჩევნებისთვის მზად არის, მაგრამ "ორშაბათ დღეს არჩევნების დანიშვნა ისეთივე ნორმალურია, როგორი ნორმალურიც ხელისუფლება გვყავს".

თინა ხიდაშელი: "ჩვენ დიდი ხანია, ნებისმიერი თარიღისთვის მზად ვართ - თითქმის ყველგან მაჟორიტარი გამოცხადებული გვყავს და შტაბებიც დაკომპლქტუბულია. აქ მთავარი ისაა - ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მატყუარაა. ხელისუფლება უცხოელებსაც კი დაჰპირდა, რომ არჩევნების თარიღს გაცილებით ადრე გამოაცხადებდა, ვიდრე მისი ოფიციალური დანიშვნა მოხდებოდა და ამით "ნაციონალურ მოძრაობას" თარიღის ცოდნაზე ექსკლუზიურ ცოდნას ჩამოართმევდა.

"რატომ დანიშნა 1 რიცხვში? იმიტომ, რომ სააკაშვილი ძალიან კარგად ხედავს, რომ ყოველი გასული დღე მისი პოლიტიკური ძალისა და მომავლის დასრულებაზე დაჭედებული მორიგი ლურსმანია და იმის იმედი აქვს, რომ რაც უფრო ნაკლებ დროს მოგვცემს, მათ წაადგებათ. თუმცა ჩვენ კამპანია ძალია დიდი ხანია დაწყებული გვაქვს და ამით არაფერი იცვლება".

ხიდაშელი ამბობს, რომ არჩევნების სამუშაო დღეს, ორშაბათს დანიშვნა უცხოეთში ქართველ ემიგრანტებს ხმის მიცემაში შეუშლის ხელს.

"ჩვენი თანამემამულეების უდიდეს უმრავლესობას ამით წაართვა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ორშაბათს სამუშაო დღეს, ხალხისთვის, რომელიც სწორედ სამსახურს გამო არის ქვეყნიდან წასული, მათი უმრავლესობისთვის, შეუძლებელი იქნება არჩევნებში მონაწილეობა," - ამბობს ხიდაშელი.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ არ იცის, რატომ კეთდება ამხელა აქცენტი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე.

"რა თქმა უნდა, ისინი ჩვენი თანამემამულეები არიან, მაგრამ გარკვეული ოჯახური თუ ეკონომიკური პრობლემების გამო ეროვნულ რეალობას ცოტა მოწყვეტილნი არიან. კი, მათაც უნდა მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ თუ ადამიანი სამართლებრივად გამართულია, მათი საცხოვრებელი ადგილის შემოწმება შეიძლება და არჩევნებში მონაწილეობა თუ სურს, არ გამიგია, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში ასეთ დღეს არ აძლევდნენ შვებულებას. ამაზე სპეკულაცია, უბრალოდ, უსინდისობაა", - მიიჩნევს დარჩიაშვილი.

მმართველი პარტია და ოპოზიცია ძირითად აქცენტს ცხელ წინასაარჩევნო პერიოდზე აკეთებს და ამ პოლიტიკურ ორთაბრძოლაში მთავარი გმირებიც მმართველი პარტია და კოალიცია "ქართული ოცნებაა".

დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ "საარჩევნო კამპანია ძალიან დაძაბული იქნება და ეს არსებითად დაწყებულიცაა". მისი პროგნოზით, კოლიციას არჩევნების შემდეგ ქუჩაში სირბილი მოუწევს.

"ისეთი განცხადებები კეთდება ივანიშილის ზოგიერთი მომხრისაგან, ეს მაფიქრებინებს, რომ აქცენტი არჩევნების შემდგომ პერიოდზეა აქვთ გადატანილი. როცა კონკრეტული ადამიანები იძახიან, რომ პრემიერ-მინისტრი აუცილებლად ივანიშვილი გახდება და მერაბიშვილს გადააყენებენ, ეს არის არჩევნების შემდგომ პერიოდზე გათვლა.

"არც კვლევა, არც რეალური ძალთა ბალანსი, განწყობა და გეოპოლიტიკა ამას არ მიუთითებს. როცა ასეთ განცხადებებს აკეთებ, ან ძალიან უნდა შეგრცხვეს და საერთოდ წახვიდე პოლიტიკიდან, ან უნდა იომო, არჩევნებს არ ვცნობო - იძახო და ქუჩებში ირბინო," - აცხადებს დარჩიაშვილი.

კოალიცია "ქართულ ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ქუჩაში სირბილს "ნაციონალებს" უწინასწარმეტყველებს".

მისი თქმით, ძალიან კარგია თვის დასაწყისში არჩევნების დანიშვნა, რადგან ამ ხელისუფლებას 60 დღეში შეცვლიან.

დავით საგანელიძე: "მათ სურთ, ოპოზიციას რაც შეიძლება ნაკლები დრო დაუტოვონ ადაპტირებისთვის. რატომ პირველში? იმიტომ, რომ ხალხი ქალაქებში 15 სექტემბრის შემდეგ იწყებს დაბრუნებას. დარწმუნებული ვარ, რომ სწავლასაც გადასწევენ, ხალხი რომ არ დაბრუნდეს დასასვენებელი ადგილებიდან დიდ ქალაქებში და ნაკლები ინფორმაცია მიიღონ.

"ყველამ ვიცით, რომ სოფლებში ინფორმაციის მიღება ჭირს. თუ ამ ყველაფერს წარმოვიდგენთ, ჩანს, რომ ხელისუფლება ისეა შეშინებული, წვრილმანებზეც წავიდა და ზუსტად 60 დღით ადრე გამოაცხადა არჩევნების დღე. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით, მათგან იმდენი წვრილმანი ხრიკი გვინახავს, რომ ამასაც ველოდით.

"დარჩიაშვილის საპასუხოდ ვამბობ, რომ იმდენად მკაფიო იქნება ჩვენი გამარჯვება, რომ ამას არაფერი არ მოჰყვება. ყველაზე დიდ დაძაბულობას ახლა ვხედავ და ეს უფრო გამძაფრდება. ვინც კი კოალიციასთან რაიმე კავშირშია, ყველას ატერორებენ, ქონებას უყადაღებენ. არაფრს ვსაუბრობ იმაზე, რომ უკვე 35 ადამიანის სახლი დადეს აუქციონზე მხოლოდ იმის გამო, რომ 2000 ლარი შესწირა საკუთარ პარტიას.

"სიტუაციის მსგავსი გამძაფრებები კიდევ იქნება. ახლა გვაქვს ინფორმაცია, რომ 300-კაციანი სპეცრაზმი აიყვანეს სვანეთში ჩვენი მომხრეების დასატერორებლად. ეს გამძაფრდება ოქტომბრამდე, მაგრამ 1 ოქტომბერს ხელისუფლება ყველაფერს დათმობს და ალბათ მათ ექნებათ სარბენი ქუჩებში".