ამომრჩეველთა სიების ავკარგიანობასა და წინასაარჩევნოდ ქართული დემოკრატიის თავისებურებებზე "ინტერპრესნიუსი" არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოების კვლევის ცენტრის" დირექტორს, მარინა მუსხელისშვილს ესაუბრა.
- ქალბატონო მარინა, ამომრჩეველთა სიების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიამ სიებზე მუშაობის შედეგები შეაჯამა. კომისიის მუშაობის შედეგებზე ხელისუფლებისა და ე.წ. კონსტრუქციული ოპოზიციის ლიდერთა დადებითი შეფასებების მიუხედავად, სიების შედეგების ზოგიერთი ციფრი მართლაც საეჭვოდ გამოიყურება. თქვენი აზრით, რამდენად სანდო შეიძლება იყოს სახელმწიფო კომისიის მიერ დადებული ამომრჩეველთა სია? და კიდევ, ცივილიზებულ ქვეყნებში ამომრჩეველთა სიაზე პასუხიმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრება. თქვენი აზრით, რატომ დაეკისრა სიის შემუშავებაზე პასუხიმგებლობა სახელდახელოდ შექმნილ სახელმწიფო უწყებას, რომლის ხელმძღვანლად ოპოზიციული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე დაინიშნა?
- ცივილიზებულ ქვეყნებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება არა მარტო სიების დაზუსტება, არამედ მთლიანად არჩევნების ჩატარება. ასეთი რამ ხდება იმ ქვეყნებში, სადაც შინაგან საქმეთა სამინიტრო დეპოლიტიზირებულია, ადმინისტრაციულად მიუკერძობელია და ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ ერთნაირად ნეიტრალურია. ცხადია, ჩვენთან ეს სიტუაცია არ არის, ამიტომ ხელისუფლება დაინტერესებული იყო, სიების სისწორეზე პასუხისმგებლობა გადაენაწილებინა ე.წ. ოპოზიციურ ძალებზე. თუ რამდენად შეესაბამებოდა ეს მათ ინტერესებს და რატომ მიიღეს მათ ხელისუფლების თამაშის წესები, ეს ცალკე საუბრის თემაა.
მთავარი პრობლემა სულაც არ გახლავთ ის, თუ რამდენად ზუსტია საარჩევნო სია. ნებისმიერ შემთხვევაში დროებითი სახელმწიფო კომისია ვერ იქნება პასუხიმგებელი საარჩევნო სიის სიზუსტეზე, როგორც წესით და რიგით უნდა იყვნენ ისეთი მუდმივმოქმედი ორგანოები, როგორიცაა ცესკო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებები. თუმცა, ახლა პრობლემა გახლავთ ის, თუ რა მოუვა შემდგომ იმ მონაცემებს, რომელიც სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ წარმოადგინა.
როდესაც წარმოდგენილი სია ქვეყანაში 650 ათასამდე შიდა მიგრანტს აფიქისირებს, ჩნდება კითხვა - სად მისცემენ ხმა ის ადამიანები, რომლებიც რეალურად არ ცხოვრობენ ოფიციალური მიწერის ადგილზე. თუ მათ მიეცემათ შესაძლებლობა, ხმა მისცენ არა საცხოვრებელი ადგილის, არამედ ადგილსამყოფელის მიხედვით, მაშინ ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ საცხოვრებელი ადგილზე მათ ნაცვლად ბიულეტენს სხვა გამოიყენებს. საქმე იმაშია, რომ ეს ამ დროებით კომისიაზე სულაც არ არის დამოკიდებული. შიდა მიგრაციაში დაფიქსირებული 650 ათასი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ხმათა მანიპულირებისა და არჩევნების გაყალბებისთვის საკმაოდ დიდ რესურსი აქვს.
მიუხედავად ამისა, ამან არ უნდა შეგვიქმნას შთაბეჭდილება, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ძალიან კარგად დაგვანახა, რომ სადაც მოსახლეობა აქტიურია და თავის ხმებს იცავს, იქ გაყალბების პროცენტი მაღალი ვერ იქნება. 2008 წელს სააკაშვილმა თბილისი სრულად იმიტომ წააგო, რომ თბილისში თითქმის ყველა უბანში ოპოზიციას დამკვირებლები ჰყავდა. ძირითადი დარღვევები იქნება რეგიონებში, სადაც ნაკლებად ხერხდება საარჩევნო უბნების გაკონტროლება. თუ ამ არჩევნებში მოსახლეობა თავისი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით იაქტიურებს, გაყალბების მაღალი პროცენტი ვერანაირად ვერ იქნება. ასეთ ვითარებაში ოპოზიციას რეალურად აქვს შანსი, მოიგოს საპარლამენტო არჩევნები.
- საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი. 10 თვეზე ოდნავ მეტია გასული მას შემდეგ, რაც ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩდა და უკანასკნელი 10 თვეში განვითარებული მოვლენები საკმაოდ ვრცელ მასალას იძლევა საიმისოდ, რომ ქართული დემოკრატიის თავისებურებებზე ვისაუბროთ . . .
- არა მარტო ბოლო 10 თვის, არამედ ბოლო 20 წლის გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასეთ, თუ რა ტიპის ქვეყანაში ვცხოვრობთ. ცხადია, ეს არ არის დემოკრატია. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენასთან ერთად გაჩნდა იმის მოლოდინი და იმედი, რომ ჩვენი განვითარების მიმართულება შეიძლება შეიცვალოს. ქვეყანამ შანსი მიიღო, აცდეს იმ ლოგიკას, რომელშიც ბოლო 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, რომელსაც "დემოკრატია" ეწოდება და, რომელიც სინამდვილეში ავტორიტარიზმისკენ მიდის.
- რა გაძლევთ საფუძველს თქვათ, რომ საქართველოში ავტორიტარიზმის ნიშნები არსებობს და ქვეყნის ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენაა მიდრეკილი?
- ხელისუფლება წლების განმავლობაში ახერხებდა გარკვეული ფასადის შექმნას, საქართველოში გარკვეული თავისუფლებების, პოლიტიკური შეჯიბრებითობის იმიტაციას და უცხოელებისთვის "თვალში ნაცრის შეყრას". თუმცა, დინამიკა ყოველთვის იყო ნეგატიური - წლიდან წლამდე ვითარება უარესდებოდა, სანამ ისეთ დონეს არ მიაღწია, როდესაც ყველასათვის ყველაფერი ცხადია. ის, რომ ხელისუფლება უკანონოდ აყადაღებს თეფშებს, ალტერნეტიულ ტელევიზიებსა და ამ ტელევიზიების ჟურნალისტებზე ახორციელებს დევნას. ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, მისი ქონებისა თუ ბანკი "ქართუს" დაყადაღება, აქტივისტების დაპატიმრება და ასე შემდეგ, ყველაფერი ეს მეტ-ნაკლები დემოკრატიის ფასადი უკვე ვეღარ იქნება.
რაც უფრო მძაფრდება პოლიტიკური ბრძოლა, ხელისუფლებას მით უფრო რადიკალურად უწევს იმ თამაშის წესების დარღვევა, რასაც სამართლიანი არჩევნები და თავისუფალი კონკურენცია გულისხმობს. ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, არ დაკარგოს ძალაუფლება. მათ არ შეუძლიათ ძალაუფლების სხვა ძალისთვის გადაცემა და ამიტომ ისინი ყველა წესების დარღვევასა და ყველაფერზე წასვლას არ მოერიდებიან.
- "ქართული ოცნების" ლიდერები ხშირად გამოთქვამენ კმაყოფილებას იმის გამო, რომ საზოგადოებამ უარი თქვა პოლიტიკური ბრძოლის სამიტინგო სტრატეგიაზე, მაგრამ ხელისუფლება დაძაბულობის პროვოცირებას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს, რომ კოალიცია სამართლებრივი ჩარჩოდან გავიდეს. თუ თქვენც ასე თვლით, თქვენი აზრით, რაში შეიძლება სჭირდებოდეს ხელისუფლებას კოალიციის სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლა?
- ხელისუფლებას კოალიციის სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლა მარტივი მიზეზით სჭირდება - მათი მიზანია "ქართული ოცნების" არჩევნებიდან მოხსნა და არჩევნების მთავარი კონკურენტის გარეშე ჩატარება. ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება და კოალიცია აბსოლუტურად სწორად იქცევა, როცა ყველა პროვოკაციას თავს არიდებს, რათა არჩევნებამდე მივიდეს. "ქართულ ოცნების" მიზანია, ხელისუფლების არა რევოლუციით, არამედ არჩევნების გზით შეცვლა. ჩემი ვარაუდით, არ არის გამორიცხული სიტუაციის არჩევნების წინ ან არჩევნების შემდეგ უკიდურესად დაძაბვა. თუ ხელისუფლებამ დაინახა, რომ რეალურად აგებს არჩევნებს, მე არ ვიცი, თუ რა ზღვრამდე გადავლენ ისინი ფასადური დემოკრატიის კალაპოტიდან.
- თუ სწორად გავიგე, დამარცხების ნიშნების შემთხვევაში არასასურველი სცენარით პროცესების განვითარების ინიციატორი შეიძლება ხელისუფლება იყოს?
- უეჭველად, რადგანაც ხელისუფლებას სხვა გზა არ ექნება. ვინაიდან, მათ ძალაუფლების ხელიდან გაშვება არაფრით არ შეუძლიათ. ამიტომ, შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოს ის, რაც შეიძლება მან მოიმოქმედოს.
- ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ "ხელისუფლებას არ შეუძლია ძალაუფლების არჩევნების გზით გადაცემა." რა შეიძლება იყოს იმგვარი მტკიცების საფუძველი, რომ ხელისუფლებას არანაირად არ წარმოუდგენია პოლიტიკურ ბრძოლაში დამარცხება და არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ცივილიზებულად მოქცევა?
- ჩვენთან დემოკრატიას ძალიან მჭიდროდ უკავშირებენ არჩევნებს. სინამდვილეში, დასავლეთში არჩევნები ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფუნქციას - არჩევნებით წყდება, ვინ დაიკავებს იმ თანამდებობებს, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები. ისეთ არასამართლებრივ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არჩევნებით წყდება, თუ ვინ იქნება ციხეში. თუკი ხელისუფლება არჩევნებს წააგებს, მათ კარგად იციან, რომ მათ სასამართლო პროცესები ელოდებათ. ეს სასამართლო პროცესები პირდაპირ უკავშირდება მათ მიერ ჩადენილ დანაშაულობებს, კონსტიტუციის დარღვევებს, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ფლანგვას, კორუფციას, კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტებსა და ადამიანის უფლებების დარღვევის უამრავ შემთხვევას. ხელისუფლებას აშინებს ის, რომ მათ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხს მოსთხოვენ.
- რადიო "პალიტრის" გადაცემაში "აქ და ახლა" თქვენ ბრძანეთ - პრაქტიკულად არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, ვინაიდან მისი გაყალბება დიდი ხანია, დაწყებულია. რა იგულისხმეთ იმაში, რომ არჩევნები უკვეა გაყალბებული?
- ამ და რამდენიმე სხვა გადაცემაში მომიწია კამათი მსმენელებთან, რომლებიც ამერიკას აკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ ვაშინგტონი არასაკმარისად მკაცრია სააკაშვილის არადემოკრატიული ხელისუფლების მიმართ. შეიძლება, შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ მე ამერიკას ვიცავდი და ვცდილობდი ამერიკის გამართლებას. სინამდვილეში, მე მინდოდა მეთქვა შემდეგი - მუდმივი აპელირება ამერიკაზე, რუსეთზე და საგარეო პოლიტიკაზე თუნდაც ჩვენი ოპოზიციის მხრიდან არის ის, რაც ხელისუფლებას უნდა. საგარეო ურთიერთობისა და გარე ორიენტაციის წინა პლანზე გამოტანა მანიპულირების ის ხერხი გახლავთ, რომლებსაც ხელისუფლება არჩევნებს შორის პერიოდში იყენებს, რათა პასუხიმგებლობა თავიდან აიცილოს და საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ არჩევნებში სხვა პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხები წყდება, ვიდრე საზოგადოებას აწუხებს. ამ დროს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გვძარცვავს, სიღარიბეში გვამყოფებს, უმუშევრობაში ტოვებს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, კორუფციულად და სრულიად ანგარებიანად მმართველობს, მანიპულირებს საზოგადოებრივი აზრით, რათა თავად იყოს კარგად. ხელისუფლება პასუხიმგებლობისაგან თავის ასაცილებლად თავს არიდებს ქვეყნის რეალურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას და მუდმივად აპელირებს იმით, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია და საგარეო ურთიერთობები, ნატო, ევროკავშირი, რუსეთი და ამერიკა ჩვენს პოლიტიკაში წამყვანი თემებია. აშკარაა, რომ ხელისუფლება პოლიტიკური დღის წესრიგით მანიპულირებს. ხელისუფლების ამგვარი ქმედება ადამიანებს არ აძლევს შესაძლებლობას, არჩევანი გააკეთონ საკუთარი ინტერესების შესაბამისად.
როდესაც ვამბობ, რომ არჩევნები ყალბდება არა არჩევნების დღეს, არამედ არჩევნების წინა პერიოდში, სწორედ იმას ვგულისხმობ, რომ დემოკრატია არ გახლავთ მხოლოდ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურა. თუკი არჩევნების წინა პერიოდში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მონოპოლია ერთ პოლიტიკურ ძალას აქვს, არჩევნების შედეგები სწორედ ამ ძალის და არა საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ იქნება.
- თქვენ წუხილს გამოთქვამთ იმის გამო, რომ ხელისუფლების მიერ სატელევიზიო ეთერი მონოპოლიზირებულია, ამომრჩეველს არა აქვს ინფორმირებული და გაცნობიერებული არჩევნის გაკეთების საშუალება. სწორად გავიგე თქვენი ნათქვამი?
- დიახ, მაგრამ კიდევ დავაზუსტებ. ხელისუფლებამ თავისი ტელევიზიების მეშვეობით საზოგადოებას თავს მოახვია აზრი, რომ არსებობს ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა, და ამ გზას ჰქვია ნატო. ასეთ ვითარებაში ადამიანებმა შეიძლება უბრალოდ ირწმუნონ, რომ კიდევ უნდა მოითმინონ, კიდევ უნდა დაიცადონ და მომავალში რაღაც გამოსწორდება. სინამდვილეში ეს არის ტყუილი. ჯერ ერთი, ხელისუფლება იქეთ სულაც არ მიდის, რასაც გვეუბნება. მეორეც, ჩვენი ბედი არა ქვეყნის გარეთ, არამედ შიგნით წყდება. ჩვენი ბედი წყდება არა იმ დაპირისპრებაში, რომელიც არსებობს აშშ-სა და რუსეთს შორის, არამედ წყდება იმ დაპირისპირებაში, რომელიც რეალურად არსებობს გაჭივრებულ, დაჩაგრულ ადამიანებსა და გალაღებულ და "გაღორებულ" ხელისუფლებას შორის. ეს ის მთავარი საკითხია, რომელზეც ადამიანმა უნდა გაამახვილოს ყურადღება.
ამ თვალსაზრისით, პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენამ ვითარება რადიკალურად შეცვალა. იმ პრობლემების მოგავრება, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს აწუხებს - დასაქმება, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება თუ ღირსეული ცხოვრება, უფლებების დაცვა, ივანიშვილს გაცილებით უკეთ შეუძლია, ვიდრე დღევანდელ ხელისუფლებას. ეს საზოგადოებამ იცის, ახლა მთავარია, მან დაიჯეროს, რომ ამ არჩევნებში სწორედ ეს საკითხები წყდება და არა სხვა.
ამ არჩევნებში წყდება, იქნება თუ არა მომავალში საზოგადოება დაყოფილი უკიდურესად ღარიბ და უკიდურესად მდიდარ ადამიანებად. უთანასწორობის ის დონე, რაც ჩვენში არსებობს, უფრო ლათინური ამერიკისა და სინგაპურის მოდელის მახასიათებელია, ვიდრე - ევროპის. ეს ის რეალობაა, რომელიც დემოკრატიასთან თავსებადი სულაც არ გახლავთ. თუ ეს საზოგადოებამ გააცნობიერა და არჩევნები განვითარების მიმართულების შეცვლისთვის გამოიყენა, თანასწორობისთვის ბრძოლის ტალღაზე დემოკრატიის დამკვიდრებას მიაღწევს.