თბილისში, იუნკრების ძვლებზე აშენებული პარლამენტის შენობის დაცლა გრძელდება და, როგორც პარლამენტის აპარატის თანამშრომლები პირად საუბრებში ამბობენ, ამ შენობაში სხდომები, სავარაუდოდ, აღარ ჩატარდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა შეიკრიბოს. შენობის დაცლას ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე აპროტესტებს. “კონსტიტუციით, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე, ძველი მოწვევის პარლამენტს უფლება არ აქვს, რომ სხდომები ქუთაისის პარლამენტში გამართოს,” _ აცხადებს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე:
_ ალბათ, გახსოვთ: ბატონმა სააკაშვილმა საქართველოს “სოციალურ რეფორმათა ლაბორატორია” უწოდა და სწორედ ამ ლაბორატორიაში ისეთი ექსპერიმენტები მიმდინარეობს, რომელთა ანალოგიც მსოფლიოში არ მოიძებნება. მხედველობაში მაქვს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორება, რომელიც ანტენების დაყადაღებით დასრულდა. სხვათა შორის, ხელისუფლების მიერ მთავარი პოლიტიკური ოპონენტის კოლოსალური თანხით დაჯარიმებამ ყველა დროის მსოფლიო რეკორდი მოხსნა.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის შენობის დაცლას, ხელისუფლება ცდილობს, რომ დედაქალაქს, სადაც მისი რეიტინგი, პრაქტიკულად, ნულია, თავი დროზე გაარიდოს.
_ ბატონო დიმიტრი, რითი ადასტურებთ, რომ “ნაციონალების” თბილისური რეიტინგი ნოლია?
_ ეს 27-მა მაისმა დაადასტურა, როცა ქუჩაში 200 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. რეგლამენტის მეოთხე პრიმა მუხლით, პარლამენტის შენობა ქუთაისში მხოლოდ არჩევნების ჩატარების და მისი შედეგების ლეგიტიმურად ცნობის შემდეგ უნდა გადავიდეს. ამიტომ, პარლამენტის შენობას სრულიად უკანონოდ ცლიან და ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებების შელახვაა _ დეპუტატებს უფლებამოსილება, რაც, პირველ რიგში, მოქალაქეების მიღებასა და გასაუბრებაში გამოიხატება, გვეზღუდება. აქედან გამომდინარე, ჩვენმა ფრაქციამ ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კაბინეტებს არ დავცლით და საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი თავის უფლებამოსილებას თუნდაც ჩვენი ფრაქციის დონეზე მანამდე გააგრძხელებს, ვიდრე უფლებამოსილება არ ამოგვეწურება.
_ არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. პარლამენტის საშემოდგომო სესია კი, სექტემბერში უნდა გაიხსნას. საინტერესოა, დეპუტატები სად შეიკრიბებიან?
_ უფლება არ აქვთ, რომ არჩევნებამდე სხდომები ქუთაისში ჩაატარონ. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ამ მოწვევის პარლამენტის ადგილსამყოფელი საქართველოს დედაქალაქი თბილისია და თუკი არჩევნებამდე პლენარულ სხდომებს ქუთაისში გამართავენ, ამით საქართველოს დედაქალაქის სტატუსს საფრთხის ქვეშ დააყენებენ.
_ ყოველივე ამის ფონზე, ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვა _ რატომ ცლიან პარლამენტის შენობას დაჩქარებული წესით? ხმა დადის, რომ პარლამენტის შენობას თითქოს უკვე ახალი მესაკუთრე ჰყავს _ ბიზნესმენი ქებურია და შენობის დაცლაც მაინ მოითხოვა...
_ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერონიკა ქობალიას ოფიციალური განმარტებით, პარლამენტის შენობა ჯერჯერობით არ გაყიდულა. მიუხედავად ამისა, რომ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ბუბა ქებურიაზე, რომელიც საფრანგეთში მცხოვრები ბიზნესმენია და რომელსაც რუსეთთან მჭიდრო კონტაქტი აქვს. სხვათა შორის, ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ვის, ვის და, ქალბატონ სალომეს ნამდვილად დაეჯერება, რადგან საფრანგეთში ბიზნეს-სამყაროსთან სერიოზული ურთიერთობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებას ამ ინფორმაციის უარყოფა არ უცდია. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანია ეჭვი, რომ ხელისუფლებამ ნახა თავისი დასაყრდენი ბიზსნესმენი, რომელიც ამ შენობას დაჩქარებული წესით ყიდულობს და, როგორც სასტუმრო “აფხაზეთიდან” გაასახლეს დევნილები, ახლაც ზუსტად ანალოგიურად იქცევიან. მერე კი, იტყვიან, ბიზნესმენი, თავისი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, შენობის დაცლას ჩქარობსო. როგორც ცნობილია, პარლამენტის შენობა 50 მილიონ ლარად შეფასდა, რომლის ნახევარიც ქებურიას მიერ გარანტირებულადაა გადახდილი, თანხის მეორე ნახევარს კი, გარკვეული პერიოდის შემდეგ ელდოებიან და ამიტომაც არ ჩქარობენ, რომ მყიდველის ვინაობა გაამჟღავნონ, მაგრამ ფაქტია: შენობა იცლება. ველაპარაკე პარლამეტის აპარატის უფროსს დავით ჯანიაშვილს, რომელიც დამპირდა, თუკი თქვენი კაბინეტის დაცლის მიზანშეწონილობაც დადგება დღის წესრიგში, წინასწარ შეგატყობინებთო. ჯერჯერობით ჩვენს ოთახებს არავინ ეხება და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ჩვენს წინააღმდეგ ასე ღიად ვეღარ წავა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქედან რომ გაგვრეკოს, ძალის გამოყენება მოუწევს!
_ ბატონო დიმა, რა ამის პასუხია და, ხიზრი ალდამოვმა ამასწინათ განაცხადა, სააკაშვილი ჩეჩენ ახალგაზრდებს რუსეთში ტერაქტების მოსაწყობად გზავნიდაო....
_ ხიზრი ალდამოვის ამ ქმედებას აშკარად ანტისახელმწიფოებრივად მივიჩნევ და მისდამი შემწყნარებლობის გრძნობა არ მიჩნდება. ალდამოვის კომენტარები ძალიან ჰგავს ქარქუსოვის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ჩვენს ხელისუფლებასთან თავის დროზე ნებით თანამშრომლობდა, შემდეგ კი, რუსეთის ფედერაციაში წაბრძანდა და იქიდან აჭიკჭიკდა. ის რუსულ “ფე-ეს-ბე”-სთან დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდა და მისი დავალებით მოქმედებდა. მაინცდამაინც, ურემი უნდა გადაბრუნდეს, რომ გზა მერე გამოჩნდეს, ანუ ასეთი პიროვნებები ქვეყნის გარეთ უნდა გავიდნენ, იქიდან გააკეთონ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომ “კა-გე-ბე”-ს აგენტები ვუწოდოთ? თუკი ადამიანს ახედებ შენს სამზარეულოში, მაშინ სახელმწიფოს წინაშე შენი წილი პასუხისმგებლობაც უნდა აიღო. ალდამოვი განცხადებებს აკეთებს არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ, ჩემი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სხვა თემაა, რა ამოძრავებს ალდამოვს _ პირადი განაწყენება თუ აგენტურულ ქსელში მონაწილეობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა პიროვნებას ხელის მიუწვდება ყველა ინფორმაციაზე, მერე, საზღვარგარეთ მიდის და იქიდან მისი ქმედება ჩვენს სახელმწიფოს ბუმერანგივით უტრიალდება, ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვაყენებ, რადგან მას ეხება დაზვერვა, კონტრდაზვერვა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
რაც შეეხება სააკაშვილის მიერ რუსეთში ტერაქტების მოწყობას, ეს არასერიოზულია. ალდამოვის ეს განცხადება ზურგში ნაჯახს ურტყამს ქართულ სახელმწიფოს!
_ ალდამოვმა ისიც თქვა, სააკაშვილმა მოკლა ჟვანია, პატარკაციშვილი და გენერალი დუმბაძე. სააკაშვილისთვის პრობლემა არც ივანიშვილის მოკვლააოო...…
_ ალდამოვის ამ განცხადების სანდოობის ხარისხი დაბალია. სხვათა შორის, ბატონ ივანიშვილზე თავდასხმის საკმაოდ სერიოზული და არგუმენტირებული ინფორმაცია თავის დროზე ვახტანგ კომახიძემ გაახმაურა...
_ ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში გადარიცხულ 80 მილიონს, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. კოალიციის ოპონენტები ამტკიცებენ, ეს ნაბიჯი ბიზნესმენმა დაზარალებული ხალხის დასახმარებლად კი არა, პირადი ინტერესების გამო გადადგა და ამით “ქართუ-ბანკს” ყადაღა მოხსნაო...
_ ეს მრავალწახნაგოვანი საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ბატონმა ბიძინამ ასეთი გადაწყვეტილება კახეთში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ მიიღო, რასაც პოლიტიკურ აქტს ვუწოდებ. ამიტომ, დაზარალებულთა კომპენსაცია უნდა გაორმაგდეს და გასამმაგდეს... დიმიტრი გვინდაძემ განაცხადა, ამ 80 მილიონის ბიუჯეტში ფორმირება 2012 წლის ბოლოს მოხდება და დღეს არსებულ მოვლენებთან ამ თანხას შეხება არ ექნებაო. ეს განცხადება, წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ხელისუფლებას ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს.
_ ივანიშვილმა განაცხადა, გავაკონტროლებთ, ეს 80 მილიონი თუ როგორ და რა მიზნებისთვის დაიხარჯებაო. ბატონო დიმა, თქვენი აზრით, კოალიციას გაკონტროლების რა მექანიზმი აქვს?
_ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს გაკონტროლების მექანიზმებზე არ უსაუბრიათ. უბრალოდ, განაცხადეს, რომ სტიქიით მიყენებულ ზიანს პარალელურ რეჟიმში დაითვლიან და ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეადარებენ, თუმცა ხელისუფლება ზარალის შესახებ მონაცემებს დღემდე მალავს... ბიუჯეტის შესახებ კანონში შესული ცვლილებებისა და დამატებების თანახმად, პრემიერ-მინისტრს შეუძლია, სარეზერვო ფონდები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მოთხოვნათა იგნორირებით განკარგოს. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებას თანხებით მანიპულირების ახალი წყარო გაუჩნდა.
_ რას გულისხმობთ?
_ თუ გლეხს სავარგულები 100%-ით გაუნადგურდა, 1500 ლარს აძლევენ, თუ ზარალი 70%-ია, მაშინ 700-800 ლარით ეხმარებიან. ყველა გლეხის მდგომარეობა ინდივიდუალურადაა შესასწავლი და ზიანის ანაზღაურებაც ამ პრინციპით უნდა მოხდეს, მაგრამ ამ სქემით, მუნიციპალიტეტები შეეცდებიან, ხელოვნურად შეამცირონ ზიანის ოდენობა და თუკი გლეხი პროტესტს გამოთქვამს, მას კომპენსაციას გაუზრდიან. ასეთი სიგნალი კახეთიდან უკვე მოდის.
_ ბატონო დიმიტრი, დამეთანხმებით, რომ ოქტომბრამდე პოლიტიკური ტემპერატურე კიდევ აიწევს და არც ქონების დაყადაღება თუ დაპატიმრებები შეწყდება...
_ ყველას, ვისაც რამე ხარვეზი აქვს, აღრიცხვაზეა აყვანილი და, ამ მინუსებიდან გამომდინარე, მათი დაშანტაჟება იწყება _ ზოგს აკავებენ, ზოგს ნარკოტიკს უდებენ... პირველ რიგში, ხელისუფლება პოლიტიკურად აქტიური ლიდერების განეიტრალებას შეეცდება. სხვათა შორის, კალაძის ანგარიშების დაყადაღება მასზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის პირდაპირი მცდელობაა.
საპატიმროებში არსებული მდგომარეობა კი, ხელისუფლებას იმის საშუალებას აძლევს, რომ ისევ დაიწყოს ძველი სქემით მუშაობა _ პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრთა ხმები მიიღოს. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საჯარო მოსამსახურეებზე _ ყველა საჯარო მოხელეს უშუალო ხელმძღვანელისგან დავალება აქვს, რომ მხარდამჭერთა 5 და 10-კაციანი სია წარადგინოს, სადაც ამ მხარდამჭერთა პირადი მონაცემებიც იქნება შეტანილი.
_ ბატონო დიმიტრი, ამბობენ, რომ ე.წ. სახელმწიფო კარდაკარმა არ გაამართლა. შესაბამისად, ცესკო-ს ამომრჩეველთა ზუსტი სია არ ექნება, რაც არჩევნების გაყალბების რისკს ზრდის...
_ მამუკა კაციტაძის კომისიამ, რომელმაც “კარდაკარის” ჩასატარებლად 11 000 ადამიანი დაასაქმა, ეს პროცესი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. ამის ნათელი მაგალითი ისაა, რომ “კარდაკარში” მონაწილე ადამიანების დიდი ნაწილი “ახალი მემარჯვენეებში” გააწევრიანეს. ამასთან, თბილისში ძალიან ბევრი მისამართი ვიცი, სადაც “კარდაკარის” წარმომადგენლები საერთოდ არ მისულან. მაგალითად, ა. ჭავჭავაძის პირველ ჩიხში “კარდაკარი” დღემდე არ გამოჩენილა. ამასთან, მაქვს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა მისამართზე ისევ არიან მიწერილი ადამიანები. არ ვიცი, თუ რას აკეთებს ბატონი კაციტაძე, რომელიც აგვისტოში აპირებს გადამოწმებული სიის “დადებას”. აქამდე ცესკო-ში 3 მილიონ 584 ათასი ამომრჩევლი იყო რეგისტრირებული და ვნახოთ, ეს ხელოვნურად გაბერილი ციფრი რამდენით შემცირდება. კარგად ვიცით, რომ ქვეყნიდან უცხოეთში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გადის. სიტუაციას ამწვავებს მინისტრ გრიგოლ ვაშაძის მიერ გამოცემული ბრძანება, რომლის მიხედვითაც, საკონსულოში რეგისტრაციის საკითხში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებს სერიოზული ბარიერები ექმნებათ _ თუკი მათ არჩევნებში მონაწილეობა უნდათ, საამისოდ საკონსულო რეგისტრაცია უნდა გაიარონ და ცნობის ასაღებად მუნიციპალიტეტებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა მიმართონ. საკითხავია, ადამიანი, რომელიც უცხოეთში არალეგალურად იმყოფება, აიღებს ცნობას, რომელიც მის უცხო ქვეყანში ყოფნას საფრთხეს შეუქმნის? ხელისუფლებამ აქაც მზაკვრული გეგმა შეიმუშავა და ჩვენი მოქალაქეების ორი მესამედის ხმების მისაკუთრებას ამ გზით აპირებს _ არალეგალთა აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციური ელექტორატია. ეს მასა ხელისუფლებას პრობლემას უქმნის. ამ დანაშაულებრივი ქმედების გამო პასუხისმგებლობას ვაკისრებ ბატონ გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც პასუხს აუცილებლად აგებს. ვაშაძე პერსონა ნონ-გრანტად უნდა გამოცხადდეს და იმ ქვეყანაში წაბრძანდეს, რომლის მოქალაქეც ათწლეულების განმავლობაში იყო. ასეთი მინისტრის ადგილი საქართველოში ნამდვილად არაა!