საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის კარდაკარის შედეგით გადამოწმებული სიების მიხედვით, მილიონამდე ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას სავარაუდოდ ვერ მიიღებს. სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ კარდაკარის პრინციპით 3.483.142 ამომრჩეველი შეამოწმა, აქედან ზუსტი მონაცემები 2.160.608 ამომრჩეველთან მიმართებაში დაფიქსირდა.
პირად მონაცემებში დაზუსტებები 39.426 ამომრჩეველთან გაკეთდა. გარდაცვლილი იყო - 25.949 ამომრჩეველი, გამოტოვებული - 72, საზღვარგარეთ იმყოფება - 291.471, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია - 132.156, შიდა მიგრაციაშია - 649.839 და კონტაქტი ვერ დამყარდა - 183.621 ამომრჩეველთან.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამ მონაცემებიდან გამომდინარე მიიჩნევენ, რომ მილიონი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. პოლიტოლოგების აზრით კი, ციფრები რეალურთან მიახლოებული არ არის.
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ გამოქვეყნებული ციფრები საგანგაშო მაჩვენებელს აღნიშნავს.
"სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მუშაობის შედეგები დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია. სამმილიონნახევარი ამომრჩევლიდან მხოლოდ 2 200 000-ის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.
"200 000-მდე ამომრჩევლის იდენტიფიცირება ვერ ხდება, 300 000-მდე ამომრჩეველი კი უცხოეთშია. ეს რიცხვები დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია. კომისიის მიერ დადებული ციფრები რეალობასთან ძალიან ახლოსაა. ამომრჩევლების დიდი რაოდენობა ამ ციფრებიდან გამომდინარე არჩევნებში მონაწილეობას სავარაუდოდ ვერ მიიღებს. შესაბამისად, მოგვიწევს იმაზე ფიქრი, რა უნდა ვუყოთ მიგრაციაში მყოფ ადამიანებს, როგორ მიიღონ მათ არჩევნებში მონაწილეობა.
"შიდა მიგრაციაში მყოფი ადამიანების უმრავლესობა არჩევნების დღეს რეგისტრირებულ უბანზე სავარაუდოდ არ მივა, იგივე შემიძლია გითხრათ, ემიგრაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებითაც. მათი უმრავლესობა საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფება, შესაბამისად, საკონსულოში აღრიცხვას ვერ გაივლის და არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს", - ამბობს ვეფხვაძე.
მისივე თქმით, შესაძლოა ხელისუფლებამ რამე მაქინაცია ჩაატაროს და ამომრჩევლებს უბნებზე გადამოწმებული სიები არ დახვდეთ.
"მთავარი ის არის, როცა უბანზე ამომრჩევლები მივლენ, ის სია დახვდეთ, რომელიც ჩვენ ჩავასწორეთ. იმისგან არა ვართ დაცულები, რომ არჩევნებზე სხვა სია არ დახვდებათ. ამის პრეცედენტები არის ხოლმე. მთავარია, ხელისუფლების პოლიტიკური ნება იყოს, რომ ეს გასწორებული სია უბნებზე მივიდეს. საბოლოო სია უბანზე არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მიდის, მთავარი მაქინაციები ამ დროს ხდება, როდესაც გადამოწმება უკვე შეუძლებელია", - ამბობს ვეფხვაძე. პოლიტიკოსის თქმით, "ამომრჩეველთა ლიგისა" და "ქართული ოცნების" ქმედებები უხერხული იყო.
"რაც "ამომრჩეველთა ლიგამ და "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, სულ ცოტა უხერხული იყო. პირველი იმიტომ, რომ ძველი სია აიღეს, წავიდნენ, შეამოწმეს და უზუსტობები რომ აღმოაჩინეს მერე იძახდნენ, ნახეთ რამდენი შეცდომა აღმოვაჩინეთო. მეორე ის არის, რომ ამით პროვოცირება არ უნდა მოახდინო. ამომრჩეველს აფრთხობ და ნიჰილიზმს აჩენ, ეუბნები, რაც არ უნდა მოხდეს, არჩევნებს მაინც გააყალბებენო.
"ან ის რას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სახელმწიფო დაზუსტების კომისიაშიც იყვნენ და პარალელურად ამ კომისიის უნდობლობის გამო თავად აწარმოებდნენ კარდაკარს. თუ სახელმწიფო დაზუსტების კომისიის სიებზე პასუხისმგებლობას არ იღებდნენ კოალიციიდან, "მრეწველები" ჩვენს კომისიაში რატომ იყვნენ? თუ მათთვის ეს კომისია მისაღები იყო, მაშინ პარალელური კარდაკარების ჩატარება არაკოლეგიალური და შეურაცხმყოფელი გამოდის თვითონ "მრეწველების" მიმართ", - ამბობს ვეფხვაძე.
საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ სიებში ცდომილება შესაძლოა 5.3% იყოს.
"ეს ცდომილებაც მათთან კონტაქტის ვერ დამყარების გამო წარმოიშვა. დანარჩენი ციფრები მაქსიმალურად ზუსტია. კარდაკარი საყოველთაო იყო, შესაბამისად, ჩვენი 11 097 რეგისტრატორი უბანში, ოლქში, ქალაქში და სოფელში მოძრაობდნენ.
"თუ ვინმეს აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ გამოტოვებულია რომელიმე საცხოვრებელი ადგილი, შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენ ამას აუცილებლად გადავამოწმებთ. ადრე როდესაც კარდაკარები ტარდებოდა, ერთი კომისია ამოწმებდა, ჩასწორებები კი მეორეს უნდა გაეკეთებინა, რომელიც არ აკეთებდა. ახლა კარდაკარს ვინც აწარმოებს, ჩასწორებებსაც ის აკეთებს და პასუხისმგებლობასაც თავად იღებს.
"ყველა ის უზუსტობა, რომელიც ჩვენ მიერ აღინუსხა, სიაში სრულად აისახება. ჩვენი მხრიდან, სამუშაოები დარჩენილი აღარ არის. დღეს კარდაკარის მონაცემებს სახელმწიფო უწყებებიდან მიღებულ ინფორმაციასთან შევაერთებთ და საბოლოო შედეგებს ცესკო-ს გადავცემთ. მაგრამ იმისათვის, რომ სიის გასაჯაროების შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს დარჩეთ დრო რამე უზუსტობების ჩასასწორებლად, ერთთვიანი ვადა კიდევ გვაქვს.
"ჩვენმა კომისიამ საქართველოს პარლამენტს თავიდანვე მიმართა საკანონმდებლო ინიციატივით და მიიღო კიდეც უფლება, რომ არჩევნებამდე 16 დღით ადრე, როდესაც წყდება ამომრჩეველთა სიაში დაზუსტებებისა და შესწორებების შეტანა, შემდეგ პერიოდშიც განვახორციელოთ სიაზე მონიტორინგი და მათ შორის არჩევნების დღესაც საარჩევნო უბანზე.
"თუ რამე უზუსტობას აღმოვაჩენთ, ჩათვალეთ, რომ ჩვენი მხრიდან ძალიან მყისიერი და მწვავე რეაქცია იქნება. თუმცა გამოვრიცხავ, ჩვენ მიერ დაზუსტებულ სიას ვინმეს მხრიდან რამე შეეხოს. ასევე გამოვრიცხავ, რომ გადამოწმებული სია ცესკოს მიერ უბანზე არ მოხვდეს", - ამბობს კაციტაძე.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მონაცემები "მოკრძალებულია და რეალობასთან ახლოს არ არის".
"ვფიქრობ, ის რიცხვები, რომელიც საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიამ დადო, მოკრძალებულია. რეალური ციფრები გაცილებით დიდი უნდა იყოს. კომისიის მონაცემებით, საზღვარგარეთ მყოფი ადამიანების რიცხვი 292 ათასამდეა, თუმცა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება. ასევე შემიძლია გითხრათ შიდამიგრაციაში მყოფ ადამიანებთან დაკავშირებითაც", - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, სიების დაზუსტების კომისიის წარმომადგენლებს ყველა ოჯახის აღწერა არ ჩაუტარებიათ.
"მეც მსმენია იმის შესახებ, რომ ბევრ საცხოვრებელ კორპუსში არ ყოფილან. აქედან გამომდინარე, ზუსტ მონაცემებს ვერ დადებდნენ.
"მარტო ერთი სიით მსჯელობა ძნელია, სასურველია შედარებები გაკეთდეს. სხვა კომისიები რამდენ ცდომილებას აღმოაჩენენ და საბოლოო სიაც მათი გათვალისწინებით შეჯერდეს. სია დამაკმაყოფილებლად მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც მის ფორმირებაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ერთნაირ შედეგებს დადებენ, კომისიები კი სხვადასხვა პარტიებით და ორგანიზაციის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული", - ამბობს საყვარელიძე.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ მუშაობა აპრილის ბოლოს დაიწყო. პარალელურად კარდაკარს კოალიცია "ქართული ოცნება" და "ამომრჩეველთა ლიგაც" ატარებს, მათი მონაცემები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.