სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორწლიანი განხეთქილება რით დასრულდება, ღმერთმა უწყის.
ჯერჯერობით კი არც მუჩაიძე და არც კახნიაშვილი ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ოფისს ერთმანეთის ჯიბრით არ ცლიან. ისე კი ოფისი ძმურად გაუყვიათ.
კახნიაშვილის მომხრეებს საკონფერენციო დარბაზი, ეზო და ტუალეტი დაუკავებიათ.
მუჩაიძის მომხრეებს კი მხოლოდ ოთახები „ერგოთ“. თუმცა, კახნიაშვილი „მუჩაიძისტებს“ ტუალეტში სიარულს სულაც არ უშლის და ამ ტერიტორიის „დაკარგვას“ მათვე აბრალებს:
„აქაურობა ორივე მხარეს უნდა დაეტოვებინა, ოფისი დალუქულიყო, მუჩაიძემ ეს არ გააკეთა და როცა ეზოში გასასვლელი კარის გასაღები ვთხოვეთ (ტუალეტიც ეზოშია), მანქანას გავაყოლეო, განაცხადა.
არადა, ოთახებისა და ეზოს კარის გასაღებები ერთად ჰქონდა ასხმული. რა ვქნათ, რუსთაველზე იარონო“. - გამოუყო ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების ადგილი კახნიაშვილმა.