"ტყუილი არ მიყვარს - რომ ვიძახი ვერასოდეს მნახავთ ხელისუფლებაში-მეთქი, დამიჯერეთ, გულწრფელი ვარ, ჩემთვის პრინციპებია მნიშვნელოვანი. შემოთავაზება იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა არ იცოდა, რომ ეს არის ჩემი პრინციპი, არ შეიძლება ჩემი მთავრობაში ყოფნა. ბატონ ბიძინას რომ შევხვდი, ავუხსენი, ბევრი ვისაუბრეთ, რაღაც კონკრეტულ საკითხებზე ვიკამათეთ კიდეც და ერთმანეთს ტკბილად დავშორდით", - აცხადებს "სახალხო კრების" წევრი გია ბურჯანაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რაზე ისაუბრეს და რა შესთავაზა ბიძინა ივანიშვილმა "სახალხო კრების" ლიდერ გია ბურჯანაძეს?!
"ლუკა კურტანიძესა და სოსო ჯაჭვლიანს არ დაუტოვებიათ "სახალხო კრება". კრება საარჩევნო სუბიექტი არ არის, კრების სახელით ვერავინ მივიღებდით მონაწილეობას არჩევნებში. შესაბამისად, მათ "ოცნებიდან" უნდა ეყარათ კენჭი. რამდენადაც ვიცი, კრებიდან დაახლოებით 10-კაციან სიაზე იყო საუბარი. მერე რა მოხდა, არ ვიცი. მაგალითად, გურამ ფირცხალავაზეც იყო საუბარი, მაგრამ გურამმა ძალიან მძიმე ოპერაცია გაიკეთა, არ ვიცი, რამდენად შეძლებს, იყოს აქტიური მაჟორიტარობის კანდიდატი... აღმასრულებელი საბჭოდან ქალბატონი ნონა და მე პრინციპულად უარს ვაცხადებთ მაჟორიტარობის კანდიდატობაზე - პრეტენზია კი არ გვაქვს "ქართულ ოცნებასთან", საერთოდ არ გვინდა ხელისუფლებაში ყოფნა, მიგვაჩნია, რომ გარედან უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ. სხვათა შორის, მე და ბატონმა ბიძინამ ვისაუბრეთ, რომ "ქართული ოცნების" ახდენა ოქტომბერში კი არ იქნება, ახდენის პროცესი ოქტომბერში შეიძლება, უბრალოდ, დაიწყოს. უნდა დაიწყოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობა ამ არჩევნებში ნაციონალებისა და მათი სატელიტების დამარცხებით, სადაც, ჩვენნაირი ხალხი, რომლებიც არ არიან ხელისუფლებაში და არც იქნებიან, გარედან მეტად დავეხმარებით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ბურჯანაძე.
"რეალ-ტივი" გადაირია, როცა სვანეთში ბიძინა ივანიშვილის გვერდით დამინახა... ძალიან ხშირად დავდიოდი სვანეთში, სამწუხაროდ, ბოლო12 წელია არ ვყოფილვარ, მეგობრებს გავყევი "კვირიკობაზე" ეს ისეთი დრეასაწაულია, რომ ქართველი ერთხელ მაინც უნდა დაესწროს ამ დღესასწაულს, გაიზიაროს ეს დიდი მადლი. რაც ხელისუფლებამ სვანეთში გააკეთა, ეს იყო საშინელება. გამოიყვანა სვანეთში აბსოლუტურად დეგრადირებული ადამიანები - არ ვიცი, ამ ხალხს რამდენი გადაუხადეს. წარმოიდგინეთ, ჯერ ახვიდე სვანეთში, მერე "კვირიკობაზე" "მიშა-მიშა" იყვირო და მეგრულად უძახო ივანიშვილსL "წადი ბიძინა!" ეს არის საშინელება. ეგრევე მივხვდით, რომ ისინი არ იყვნენ სვანები, სვანი ამას არ იკადრებს. გარდა ამისა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ვერავინ იცნო ეს ხალხი - მიშას დაქირავებულ ხალხს ორი ღამე ავტობუსში მშივრებს ეძინათ. მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატის ვიტია ჯაფარიძის დამ საჭმელი გაუტანა, შეეცოდა ეს უბედური ხალხი, რომლებსაც ავტობუსში ეძინათ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"იმდენად ამაზრზენად იქცეოდნენ ეს დეგრადირებული მეგრელები, მესტიელი ახალგაზრდა ბიჭებისგან აგრესია წამოვიდა - ეს ყველაფერი გათვლილი ჰქონდა ხელისუფლებას, რათა მომხდარიყო დაპირისპირება. სამღვდელოება ჩადგა მათ შუაში. ხომ შეიძლებოდა ვინმე გადარეულიყო და რაღაც უბედურება მომხდარიყო. თურმე წინა დღეებში სპეცრაზმი ჰყოლიათ აყვანილი, 300 შეიარაღებული კაცი და სვანი ახალგაზრდობის დაჭერა უნდოდათ. კარგი, ხელისუფლება ვიცით ვინც არის - ესენი არიან 20-30-იანი წლების ბოლშევიკები, მაგრამ ეს ხალხი ხელს რომ აწერს ამ სიბინძურეზე და "მიშა-მიშას" საძახებლად მიდის სვანეთში, მეგრული აქცენტით კი ბიძინას უკიჟინებენ, განა რა გადაგიხადეს ამდენი? კვირიკეს სალოცავზე როგორ ამოდიხარ ამ განწყობით, რომ ობსტრუქცია მოაწყო. მოგეხსენებათ, ყველა გვარის წარმომადგენელი ვალდებულია, "კვირიკობა" დღეს ამოვიდეს ეკლესიაში. ეს დღი თითოეული სვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ დროს ხელისუფლება ობსტრუქციის მოსაწყობად ხელისუფლება უშვებს აბსოლუტურად დეგრადირებულ ადამიანებს", - დასძენს გია ბურჯანაძე.
"ჩვენ როცა ხელისუფლება ასე გვექცეოდა, ზოგიერთმა ოპოზიციამ კინაღამ მტრად გამოგვაცხადა. კაი, მაშინ არ დაგვიჯერეს, მაგრამ ახლა ხომ საკუთარ თავზე იწვნია ყველამ ყველაფერი, ამიტომ საზოგადოებამ უნდა მოინდომოს, რომ ბოლშევიზმი დამთავრდეს საქართველოში. მთელი მოსახლეობა უნდა გამოვიდეს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ოღონდ ნაციონალებს და მათ სატელიტ პარტიებს, როგორიცაა "ქრისტისნ-დემოკრატები" და ვიღაცები უნდა უთხრან არა", - აცხადებს "სახალხო კრების" ლიდერი და შეკითხვას - "საბოლოოდ ნინო ბურჯანაძე მიიღებს თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას?" - პასუხობს:
"ჯერ არჩევნებამდე კიდევ დროა, გამორიცხავთ მიშა სააკაშვილმა რომ თქვას - რა საჭიროა არჩევნები, ხალხი ისედაც ბედნიერიაო! რა გიკვირთ, წაგებულ ომზე თქვა, მოვიგეო. რა, გაგიკვირდებათ, მიშამ რომ ეს არჩევნები ჩაშალოს? მიმაჩნია, რომ ნინო ბურჯანაძე, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკოსია და ასევე ბიძინა ივანიშვილი,რომელსაც აქვს ნდობის უდიდესი რესურსი - ეს ორი ძლიერი პიროვნება ერთმანეთს აქამდეც უნდა შეხვედროდა. გავრცელდა ხმები, თითქოს ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ ეს არის ცრუ ინფორმაცია. თუმცა დარწმუნებული ვარ შეხვედრა შედგება, რასაც აუცილებლად მოჰყვება შედეგი".