"ჩვენი ხელისუფლების ცუდი საქციელი იმით კი არ არის განსაკუთრებული, რომ ეს მხოლოდ ცუდი საქციელია, მიუღებელია ან გაუგონარი და მსგავსად აქამდე არავის უმოქმედია - სახელმწიფო მოხელეები შეიძლება ან კარგად იქცეოდნენ, ან ცუდად, მაგრამ ცუდ საქციელსაც თავისი ფორმა აქვს. ჩვენს შემთხვევაში, მკითხველმა ჟარგონი მაპატიოს და, ეს ცუდი საქციელი "ბაცნობის" დონეზეა დასული. კაცობრიობას ასეთი დანაშაული გაუგია და უნახავს კიდეც, მაგრამ ის არ უნახავს, რომ ასეთ დანაშაულს სჩადიოდნენ ასეთი სტატუსის მქონე ადამიანები - პრეზიდენტები, მინისტრები, პრემიერები, სახელმწიფო სტრუქტურის მაღალჩინოსნები. აქ ისეთი დისონანსი ჩნდება, შეფასება ძნელდება", - აცხადებს ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით `სამწუხაროა, როცა სახელმწიფოს მოხელეთა საქციელი `ბაცნობაა~.
"აქ სამწუხარო სხვა რამ არის - როცა შენი სახელმწიფოს მოხელეთა საქციელი "ბაცნობაა", ეს ქვეყნისა და მოსახლეობის სახეზეც მეტყველებს. არის რაღაცები, რის შესახებაც საუბარი სირცხვილია, რადგან "ბაცნობის" დონეზე კეთდება. ისიც საგულისხმოა, რომ ივანიშვილის მასშტაბის ფონზე ყველაფერი უარეს "ბაცნობად" მოჩანს. პირველივე ქმედებიდან ყველაფერი "ბაცნობა" იყო - მოქალაქეობის შეჩერება, ბანკის ინკასატორების დაყაჩაღება... ყველაზე ცუდი შექმნილ ვითარებაში იცით, რა არის? როგორც ჩანს, მავანთათვის მთავარი ხელისუფლებაში დარჩენაა და რა სტატუსით დარჩებიან, მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მათთვის პრობლემას არც ის წარმოადგენს, რა ტიპის ქვეყნის მმართველები იქნებიან. ნუ გვეგონება, რომ ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აუტანელი და გაუსაძლისი იქნება ტოტალიტარული ქვეყნის არსებობა კავკასიაში. სააკაშვილი კი არა, აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტი კაციჭამია იყო და სანამ დიპლომატების ჭამაზე არ გადავიდა, მის არსებობას მისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ დიდად არავინ შეუწუხებია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილი.
"არ შეუწუხებია იმიტომ, რომ ამას ქვეყნის შიგნით ეგუებოდნენ. საქართველოს ხელისუფლებაც თავისი აშკარა ხელების გადაგრეხის პოლიტიკით აცხადებს, - აი, ასეთი ტიპები ვართ. ასეთია ჩვენი ქვეყანა და ამას ეგუება ჩვენი ხალხიც - ხან ვიღაცას შევუვარდებით და დავაწიოკებთ, ხან ანტენას წავართმევთ, ხან ბიზნესსა და ანგარიშებს დავუყადაღებთ, ხან კონტროლის პალატაში დავიბარებთ, გავაშიშვლებთ და დავკითხავთ. პარალელურად ქვეყნის აყვავებასა და კეთილდღეობაზე ვილაპარაკებთ და ყველა ბედნიერი იქნებაო - ეს ტენდენციაა სახიფათო და საშიში. ამის ნათელ მაგალითად ჰილარი კლინტონისთვის საქართველოს პასპორტის გადაცემაც გამოდგება. ჩემი აზრით, ეს იყო შეჯამება იმ სტატუსისა, რისი მოპოვებაც ხელისუფლებამ სურს - ანგლობის ქვეყნის სტატუსი, უშინაარსო ანგლობისა და ხუმრობისა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"პასპორტის გადაცემის მომენტში იცინოდა სააკაშვილიც და კლინტონიც. ეს ყველაფერი შეურაცხმყოფელი იყო - ერთისთვის კუთვნილი მოქალაქეობის წართმევის ფონზე, უმნიშვნელო დეტალის სახით მეორეს ამ მოქალაქეობას ჩუქნიდნენ. შეურაცხმყოფელი იყო სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისითაც. "ასეთი ტიპები ვართ, ზოგს ვართმევთ, ზოგს ვჩუქნით და სიტუაციასაც ვაკონტროლებთ. თუ შეიძლება, დაგვანებეთ თავი და გვაცალეთ ცხოვრება, ბიძინა ივანიშვილს პასპორტს არ მივცემთო" - ასეთი იყო ხელისუფლების მისიის ერთგვარი გაცხადება ამ თემაზე თავისი კონსტიტუციური ცვლილებების გათვალისწინებით. შეერთებული შტატებისთვის, ევროპისთვის დემოკრატია მისაღებია იმდენად, რამდენადაც ეს ამ ქვეყნის ხალხს ენდომება. ჩვენი არჩევანი დღეს არა პარლამენტის წევრების დასადგენად არის მნიშვნელოვანი, არამედ ზოგადად, მსოფლიოში საქართველოს სტატუსის განსასაზღვრად: ვიქნებით დასავლეთის პარტნიორი არაცივილიზებული, თუ დასავლეთის პარტნიორი ცივილიზებული ქვეყანა. თავისუფლად შეიძლება იყო ან ერთი, ან მეორე - თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში ამის მაგალითიც მრავლად არსებობს", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
"დასავლეთი არ გვაყენებს ასეთი მკაცრი არჩევანის წინაშე - ან იყავით ცივილიზებული ქვეყანა და იყავით ჩვენი პარტნიორი, ან თუ იქნებით ბოროტად მოხორხოცე ხულიგნები, რომლებიც ერთმანეთს ბანკებს უქურდავენ და მოქალაქეობას ართმევენ, არ დაგელაპარაკებითო. უბრალოდ, ჩვენ არ უნდა გვინდოდეს ასეთ ქვეყანაში ცხოვრება და მაშინ იქნება ცივილიზებული მსოფლიოს დამოკიდებულებაც სხვაგვარი. დღეს საქართველოში ორი ძირითადი პოლიტიკური ბანაკია და ორივე დასავლურ ორიენტაციას აღიარებს. უბრალოდ, ერთი დასავლეთს ეუბნება, ჩვენ ვიქნებით თქვენი არაცივილიზებული პარტნიორები, ვინაიდან, ჩვენ, ხალხიან-მთავრობიანად, ასეთები ვართ და თავს ასე ვგრძნობთ კარგად; მეორე ბანაკი ამბობს, რომ არა, ჩვენ უნდა ვიყოთ თქვენი ცივილიზებული პარტნიორები, რაც გულისხმობს თამაშს დემოკრატიის ყველა წესის დაცვით", - დასძენს ფილოსოფოსი.
"დასავლეთმა ბევრი არაფერი იცის ჩვენ შესახებ. ამიტომ ადვილია დღეს დასავლეთის დარწმუნება იმაში, რომ ჩვენ არაცივილიზებული ერი ვართ, რომელსაც თავში წაარტყამ, წამოარტყამ, რაღაცას აჩუქებ, დატუქსავ, მოეფერები და გააკეთებინებ, რასაც გინდა. "გვაცალეთ რა, ჩვენთვის ცხოვრება, ნუ აგვირევთ დაწყობილ "დღის რეჟიმს" - ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ დასავლეთი ამაში დაარწმუნოს. დაარწმუნოს, რომ მათი პარტნიორები ვიქნებით, საგარეო პოლიტიკაში მათ ხაზს გავატარებთ, რადგან რუსეთი არ მოგვწონს და ევროპასთან გვინდა, მაგრამ ქვეყნის შიგნით ყოფაზე თავი დაგვანებონ. მთელი ბრძოლა სწორედ ამისთვის მიდის. არ უნდა გვეგონოს, რომ ხელისუფლებას თავისი ნაბიჯების - ანტენებთან, ბანკთან თუ აბსურდულ დაყადაღებებთან მიმართებაში - რცხვენია და ცდილობს, ეს დასავლეთში არ გახმაურდეს. პირიქით, ისე აკეთებენ, რომ ხალხის ნაწილად გამოჩნდნენ - ხალხისა, რომელსაც პრეტენზიები მათ ანგლობაზე არ აქვს და რომლისთვისაც ასეთი ხელისუფლების მორჩილება ჩვეულებრივი ამბავია - ასეთი ყოფა გვაქვს და ასეთ ყოფას ვეგუებით. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, რომ არც დასავლეთის შერცხვება ვინმეს და არც დასავლეთში გაუკვირდებათ რამე", - განმარტავს გიორგი მარგველაშვილი.
"ჩვენ, ხალხს, უნდა შეგვრცხვეს იმის, რომ აქ შეიძლება ანტენა და პულტი დააყადაღონ, შეიძლება კერძო ბანკი ან ტელევიზია ხელისუფლებამ თავისი შეხედულებისამებრ დახუროს, მიითვისოს ან გაასხვისოს. თითოეული ჩვენგანი უნდა ვამბობდეთ პირველ რიგში საკუთარ თავთან, რომ არ ვართ ასეთი არაცივილიზებული ერი, ჩვენი კულტურითა და ისტორიით, ასეთ თავგასულობას რომ შევეგუოთ. სამწუხაროდ, ჩვენთან ჩამოყალიბდა ტენდენცია, რომ თუ რაღაც არის დანაშაულის შემცველი, არასწორი ან აღმაშფოთებელი ხელისუფლების ქმედებაში, ეს დასავლეთს უნდა შევჩივლოთ და გამოსწორებაზეც მან უნდა იზრუნოს. უნდა გვრცხვენოდეს ყველაფერ იმის შესახებ უცხოელთან ლაპარაკი, რაც ჩვენს თავს ხდება. დემოკრატია არ არის დაფუძნებული იმაზე, რომ რომელიღაცა საერთაშორისო დამკვირვებელი მოვა შენს უბანში, შენს სოფელში და გაგათავისუფლებს. არსი დემოკრატიისა იმაში მდგომარეობს, რომ თვითონ გიღირდეს ან არ გიღირდეს თავისუფლების მოპოვება და თუ ქვეყნის მოსახლეობის 99,9%-ში აღშფოთებასა და სირცხვილს არ იწვევს ის, რომ თეფშებსა და პულტებს აყადაღებენ, გამოდის, რომ მართალი ყოფილა ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, დეკლარირებულად დაანახოს მსოფლიოს - ასეთი უვარგისები ვართ და მიგვიღეთ ისეთები, როგორიც ვართო", - დაასკვნის რესპონდენტი და შეკითხვას - "ბოლო დროს რეგიონებში პრეზიდენტის საჯარო შეხვედრებისას საინტერესო ტენდენცია იკვეთება, აღარ დომინირებს მადლიერებით გამსჭვალულ მოქალაქეთა სახეები - ხან აივნიდან ეძახიან, რომ უკანონობა აწუხებთ, ხან სთავაზობენ, მათ ხუთი წლის ბავშვს ჰკითხოს, სკვერი ურჩევნია თუ სახურავიანი სახლი..." - პასუხობს:
"ბევრი თვალსაზრისით ქართული პოლიტიკა მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა. როდესაც საარჩევნო კამპანია გადავიდა რეგიონებში ბევრად უფრო კონკრეტული და პირდაპირი გახდა. ერთი მხრივ, გვაქვს ნაციონალური მოძრაობის დაპირება, რომ თურმე სოფელს უნდა დაეხმარონ და რომ თურმე საქართველო აგრარული ქვეყანა ყოფილა და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, სხვათა შორის, ბიზნესის საჯარო მასტერკლასი ჩაატარა და გვიჩვენა, როგორ შეიძლება აქციო ერთი დოლარი სამ დოლარად: ხელისუფლებისთვის 80 მილიონის გადარიცხვით მან ჯარიმაც გადაიხადა, სტიქიით დაზარალებულებსაც დაეხმარა, ბანკიც დაიბრუნა და ხელისუფლებაც არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდო - ახლა თუ იმ ფულს სტიქიით დაზარალებულებს არ მოახმარენ, ხალხის ფულის აშკარა მითვისებაში ჩაეთვლებათ, თუ მოახმარენ კიდევ, თავისდა უნებურად, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიის მონაწილენი გახდებიან. ამ კომბინაციის შემდეგ, ალბათ აღარავის გაუჩნდება კითხვა ივანიშვილზე, ამ კაცმა მილიარდები როგორ იშოვაო. ასე რომ, სიტუაცია უფრო და უფრო საინტერესო და სხვათა შორის, პოლიტიკისთვის გამაჯანსაღებელიც ხდება. მთავარია, შეწყდეს ძალისმიერი მეთოდების გამოყენება ხელისუფლების მხრიდან - ასეთი პოლიტიკა ძალიან სახიფათოა და არცთუ კარგი შედეგების მომტანი იქნება პირველ რიგში თვითონ ხელისუფლებისთვის".