ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტის ყოფილ წარმომადგენელი საქართველოში ხიზრი ალდამოვი საქართველოდან ჯერ კიდევ 2011 წელს წავიდა და ყაზახეთში ჩავიდა, საიდანაც საფრანგეთში უნდა გადასულიყო, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დააკავა. უკვე 2012 წელს ალდამოვი ჩეჩნეთში აღმოჩნდა, სადაც ჩეჩნეთის ხელმძღვანელს რამზან კადიროვს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ის მზადაა, დარჩენილი სიცოცხლე ჩეჩნეთში გაატაროს.
"ბოლო წლებში პერიოდულად ვიღებდი ინფორმაციას ჩეჩნეთის რესპუბლიკაში პოზიტიური ძვრების შესახებ. ვიცოდი, რომ აქ მშვიდობიანმა ცხოვრებამ დაისადგურა, შენდება თანამედროვე სკოლები და საავადმყოფები, ლამაზი მეჩეთები და მედრესები, სპორტული მოედნები და სტადიონები. ადამიანებს კონსტიტუციურ უფლებას არავინ უზღუდავს. მიხვდი, რომ კატეგორიულად არ ვიყავი მართალი. ჩემი გამონათქვამები რეალურად არსებულ ვითარებასთან საოცარ წინააღმდეგობაში მოდიოდა”, - განაცხადა ალდამოვმა და ამასთან, მწუხარება გამოთქვა, რომ ადრე ქართულ მედია-საშუალებებში ჩეჩნეთის ხელისუფლების მისამართით პერიოდულად კრიტიკული განცხადებებით გამოდიოდა.
ასეთი განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა თავად ალდამოვის ოჯახისთვისაც. დაახლოებით, ერთი თვის წინ, "პირWელთან" საუბარში მისი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ისიც განაცხადა, რომ ალდამოვის ჩეჩნეთში წასვლის თაობაზე ოჯახი ინფორმირებულიც არ იყო.
გუშინ კი, ხიზრი ალდამოვმა გუშინ საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტში" გამართულ პრეს-კონფერენციაზე რამდენიმე განცხადება საქართველოსთან მიმართებაშიც გააკეთა. კერძოდ, ალდამოვის მტკიცებით, პანკისის ხეობაში "ბოევიკები" დღესაც იმყოფებიან. მისივე განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩეჩენ ახალგაზრდებს რუსეთში ტერაქტების განხორციელების მიზნით, ფულს უხდიდა. ასევე, ალდამოვისვე მტკიცებით, ზურაბ ჟვანია, ბადრი პატარკაციშვილი და რომან დუმბაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მოკლეს და მასაც იგივე ბედი ელის. ამასთან, პრეს-კონფერენციაზე იჩქერიის პრეზიდენტის ყოფილმა წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ მას "საქართველოს გადასარჩენად" კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის იმედი აქვს, თუმცა ეშინია, რადგან ბიძინა ივანიშვილის მოშორება სააკაშვილისთვის პრობლემა არ იქნება".
რას შეიძლება, უკავშირდებოდეს ალდამოვის განცხადებები, რამდენად დაეჯერება მის სიტყვებს და ზოგადად, არის თუ არა ხიზრი ალდამოვი რუსეთის ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი, ამ საკითხებზე "პირWელი" ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
- საქართველოში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ყოფილი წარმომადგენლის ხიზრი ალდამოვის მტკიცებით, პანკისის ხეობაში "ბოევიკები" ახლაც იმყოფებიან და ხეობაში როგორც შევარდნაძის დროს, ისე დღესაც, ყველაფერს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები აკონტროლებენ, კონტრაბანდის ჩათვლით.. ბატონო მამუკა, რამდენად შესაძლოა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს და რამდენად სერიოზულ ბრალდებებს წარმოადგენს ალდამოვის განცხადება?
- უპირველეს ყოვლისა, მინდა, გითხრათ, რომ ჩემი ინფორმაციით, პანკისისის ხეობაში "ბოევიკები" არ იმყოფებიან. ეს ცალსახააა. რაც შეეხება კონტრაბანდას, მე არ ვიცი, რა ტიპის კონტრაბანდაზე საუბრობს ალდამოვი. თუ ის იარაღის კონტრაბანდას გულისხმობს, ჩემი ინფორმაციით, დღეს ხეობაში არც ეს კონტრაბანდა ხორციელდება. მაგრამ სხვა ტიპის კონტრაბანდაზე თუა საუბარი, მე არ ვიცი, მაგრამ თუ არის, მაშინ რას აკეთებს რუსეთის სასაზღვრო კონტინგენტი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საზღვარზე ჩიტი ვერ გადაფრინდება. ასე, რომ ეს ყველაფერი კითხვის ნიშნებს ბადებს და როგორც ჩანს, უცოდინარ ადამიანებზეა გათვლილი. როგორ შეიძლება, სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ 120 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა შეიძლება, ამ ციცაბო კლდეებზე? ეს გამორიცხულია. ეხლა რაც შეეხება იმას, სიტუაციას ვინ და როგორ აკონტროლებს პანკისის ხეობაში.. რასაკვირველია, იქ სიტუაციას ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აკონტროლებენ, კერძოდ, ადგილობრივი უშიშროების სამსახურის უფროსი, ადგილობრივი გამგებელი და ა.შ., მაგრამ მე მათ მიმართ სხვა ტიპის პრეტენზიები მაქვს, იმიტომ რომ პანკისის ხეობა საქართველოს უმნიშვნელოვანესი კუთხეა, იქ ცხოვრობს ძალიან საინტერესო ხალხი – ქისტები, თავისი უზარმაზარი ისტორიით, კულტურით და ტრადიციებით. იქ ტრადიციულ ისლამს ჰქონდა ფეხი გადგმული და ისლამი იყო კავკასიისთვის სავიზიტო ბარათი. როგორც საქართველოსთვის მართლამდიდებლობა არის სავიზიტო ბარათი ქართველებისთვის, ანალოგიური მნიშვნელობა აქვს ქისტებისთვის და ჩეჩნებისთვის კავკასიურ ისლამს, თავისი უნიკალურობით. დღეისათვის, იქ ძალიან ბევრია სალაჰიზმის მიმდევრები, რომელთაც ჩვენ ვეძახით სალაჰიტებს, ზოგი კი მალაჰიტებს ეძახის. დღეს დაპირისპირება არის ამ ორ მიმდინარეობას შორის. ჩემი შეხედულებით კი, აბსოლუტურად გაუაზრებლად, მაგრამ შეგნებულად ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები დასაყდენს ეძებენ სალაჰიტებში, რაც ჩემი ღრმა რწმენით, არასწორია..
- ბატონო მამუკა, რატომ უნდა აწყობდეს საქართველოს ხელისუფლებას ეს დაპირისპირება და რა შეიძლება, იყოს მიზანი ამ დასაყდენის ძიების?
- ვფიქრობ, ეს არაპროფესიონალიზმის ბრალია. მე მგონი, სალაჰიტებმა მოახერხეს თავის ირგვლივ ძალიან ბევრი ახალგაზრდის მოზიდვა და ტრადიციული ისლამი, ასე ვთვათ, მაინც უფრო უფროსი თაობის კუთვნილებად დარჩა. გამომდინარე აქედან, რადგან ახალგაზრდები უფრო სალაჰიზმის მიმდევრები არიან, ისინი ფიქრობენ, რომ მათზე დაყრდნობით ხეობაში სიტუაციის კონტროლი უფრო შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, ამ ფაქტს სხვა ახსნას ვერ ვუძებნი.
- ისევ პანკისის ხეობაში "ბოევიკების" ყოფნაზე ჩაგეძიებით. თქვენ აღნიშნეთ, რომ ხეობაში "ბოევიკები" არ იმყოფებიან. მაშინ რას უნდა ნიშნავდეს ხიზრი ალდამოვის აღნიშნული განცხადება და ხედავთ თუ არა მასში რუსეთის ხელისუფლების დაკვეთის კვალს?
- ვერაფრის მტკიცებას დავიწყებ, მაგრამ მეც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.. თუმცა ზოგ შემთხვევაში, ალდამოვს სერიოზული ინფორმაციაც ჰქონდა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, ინფორმაციის გაზვიადებას იმიტომ ცდილობდა, რომ მისი საუბარი საინტერესო გამხდარიყო. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყო შეკვეთილი და ბუზისგან სპილო გაეკეთებინა და ბევრად უფრო ჩაემუქებინა ფერები, ვიდრე რეალურად იყო. სხვათაშორის, უნდა გითხრათ, რომ ბევრი იმ საეჭვო ოპერაციის მონაწილე და შემსრულებელი წლების განმავლობაში, პანიკისის ხეობაში სწორედ ხიზრი ალდამოვი იყო.
- ალდამოვმა "რია ნოვოსტის" პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმაშიც დაადანაშაულა, რომ თითქოს, სააკაშვილი ჩეჩენ ახალგაზრდებს რუსეთში ტერაქტების განხორციელების მიზნით ფულს უხდიდა.. თქვენი შეფასებით, რამდენად ლოგიკურია ეს ბრალდება?
- ასეთი რამ საერთოდ ვერ წარმომიდგენია. ამის შესახებ ინფორმაციაც არ მაქვს და ლოგიკასაც ვერ ვხედავ. როცა ალდამოვი ყვება იმას, რომ ეს ყველაფერი საქართველოს სპეცსამსახურების მიერ არის გაკეთებული, ეს უბრალოდ მკრეხელობაა. ამიტომ დანარჩენის არდაჯერების უფლებას ვიტოვებ..
- ხიზრი ალდამოვი კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილსაც შეეხო და აღნიშნა, რომ "საქართველოს გადასარჩენად მას ივანიშვილის იმედი აქვს, თუმცა ეშინია, რადგან სააკაშვილისთვის ბიძინა ივანიშვილის მოშორება პრობლემა არ იქნება~.. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის ეს უფრო რუსეთის ხელისუფლების მიერ გათვლილი გზავნილი, ვიდრე პირადად ალდამოვის დამოკიდებულება ივანიშვილზე?
- ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შეფასების ნაწილში ალდამოვი უფრო "თავისუფალი ცოდნის" რეჟიმში გადავიდა, ანუ ზოგიერთი რამ თავისი მხრიდან დაამატა, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.. მაგრამ მთავარი რა არის იცით?! – მისი ამოცანა იყო საქართველოს ხელისუფლების და საერთოდ საქართველოს დისკრედიტაცია. ეს ორიენტირებულია იმ საინფორმაციო ომზე, რომელსაც რუსეთი აწარმოებს და საბოლოო მიზანია ის, რომ საქართველო გამოიყვანოს როგორც ოლიმპიადის ჩაშლის მთავარი ინიციატორი. ეს არის ძირითადი ამოცანა. ეს არ იყო ბოლო პრეს-კონფერენცია ხიზრი ალდამოვის, ეს ციკლი გაგრძელდება და ალდამოვის გამოყენება ხდება სწორედ რუსეთის ხელისუფლების მიერ, რადგან მას მსმენელი ენდობა იმ თვალსაზრისით, რომ იმ ღონისძიებებში ალდამოვი მართლა მონაწილეობდა და საბაზისო ინფორმაცია წესით უნდა ჰქონდეს. ასე ჰგონია მსმენელს და ფსიქოლოგიურად განწყობილია რომ ენდოს, რა თვალსაზრისითაც, ალდამოვი მომგებიანი ფიგურაა. ამდენად, მსგავსი პრეს-კონფერენციები მომავალშიც გაგრძელდება. ალდამოვის გარდა სხვა ადამიანებიც გამოჩნდებიან, რაც კონფრონტაციის გაღრმავებას ემსახურება. მე როგორც ვხედავ, ორივე მხარე ცდილობს სიტუაცია დაძაბოს, როგორც – ქართული, ისე – რუსული. მაგალითად, გუშინწინ, რუსებმა ღრომის ხეობაში მძიმე ტექნიკა და შესაბამისი სამხედრო დანაყოფები შეიყვანეს. ღრომის ხეობა მეჯვრისხევთან, პრაქტიკულად, ტრანსკავკასიურ ტრასასთან ახლოსაა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ცხინვალში ნებისმიერ ბავშვს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ საქართველო ომს იწყებს და ამისთვის ემზადებიან. იგივე მდგომარეობაა ეხლა, რეზერვისტების თემაც რომ ავიღოთ. ამ რეზერვისტებს თავში უდებენ იმას, რომ ისინი არიან პარტიზანები და ფსიქოლოგიურად ეს ადამიანები დარწმუნებული არიან იმაში, რომ მათ საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში, პარტიზანის მოვალეობა უნდა შეასრულონ, შიდა არეულობის შემთხვევაში კი ხელისუფლება დაიცვან.
- და ბოლო კითხვა, თქვენ აღნიშნეთ, რომ ალდამოვის გარდა სხვა ადამიანებიც გამოჩნდებიან, რაც კონფრონტაციის გაღრმავებას ემსახურება.. როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს მთავრობა, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე ისევ არ წამოეგოს?
- იცით რაშია საქმე, ეხლა პროვოკაციებზე წამოგების უფლება ნამდვილად არავის აქვს, იმიტომ რომ ძველი გამოცდილება არსებობს. მე არასდროს მითქვამს, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი იმას, რომ ქართულმა მხარემ რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგში შეგნებულად გაყო თავი, დიახ, ხაზს ვუსვამ, რომ შეგნებულად.. ეხლა საქართველოს ხელისუფლება თავს ამის უფლებას ვერ მისცემს. დღეს უკვე სხვა ტიპის მზადება მიმდინარეობს, რასაც მე, რასაკვირველია, არჩევნებს ვუკავშირებ. ისმის კითხვა – როგორ უნდა შეხვდეს ხელისუფლება არჩევნებს? ერთის მხრივ, უნდა შეხვდეს მომზადებული, რომ არჩევნები მოიგოს, მეორეს მხრივ კი, როგორ უნდა მოიქცეს, თუ არჩევნებში წააგებს?! სწორედ ეს არის ლოგიკა მთელი ამ მოქმედებისა...