რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოჩნდა ბანერები წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას", სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები არიან გამოსახული, დამკვეთი წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ბიზნესმენი, ალექსანდრე მეგუთნიშვილია.
"ეგ ბანერები ჩემი ინიციატივით შეიქმნა, რომ ხალხს არ დავიწყებოდა, რა ხდებოდა 2012 წლამდე. სამწუხაროდ, ქართველებს მოკლე მეხსიერება გვაქვს... მტერსაც არ ვუსურვებ იმის გამოცდას, რაც მე შემამთხვია წინა ხელისუფლებამ.
გლდანის ციხეში ვიყავი 5 თვე. ხუთ თვეში ხუთჯერ არ მძინებია. შემოდიოდა ღამის 3 საათზე ციხეში პირადად ლორთქიფანიძე, ავყვადი მუხაძის კაბინეტში და მეუბნებოდდნენ, რომ 8 "პრადო" უნდა მეყიდა. რვა კამერა შემიცვალეს, ყველაზე მეტ დროს ვატარებდი "ფუქსებში" და კარანტინებში, ცემას ვეღარც ვითვლიდი, მუქარა, გინება, დაშინება იყო ჩემი ოჯახის მიმართ.
იმის მერე მშობლები ნერვიულობით დაავადმყოფდნენ, მე დიაბეტი დამემართა. 5 თვის თავზე გამომიყვანეს ციხიდან, მაყიდინეს მანქანები, საერთო ჯამში 120 000 დოლარამდე დამახარჯინეს, ბიუჯეტში ცალკე შემატანინეს თანხა. ვიდრე მანქანები არ მაყიდინეს, იქამდე სასამართლო არ ტარდებოდა, მომისაჯეს წელიწადნახევარი პირობითი და თანხა შემატანინეს ბიუჯეტში. იმის მერე რომ დამიძახებდნენ და მეტყოდნენ თეთრი შავია? შავს ვამბობდი, ტერორში ვცხოვრობდით მთელი ოჯახი, რასაც უნდოდათ, იმას გვაკეთებინებდნენ მთელი ორი წელი.
მე განა "ოცნებით" კმაყოფილი ვარ, მაგრამ ნაცმოძრაობის მოსვლა და ჩემი დაჭერა თუ დახვრეტა ერთი იქნება" , - განუცხადა "კვირის პალიტრას" მეგუთნიშვილმა.