რატომ არ სთხოვენ ე.წ. სამთავრობო ტელევიზიებს გადასახადების გადახდას?

რატომ არ სთხოვენ ე.წ. სამთავრობო ტელევიზიებს გადასახადების გადახდას?

აღმასრულებელი დირექტორი არასამთავრობო ორგანიზაციისა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ეკა გიგაური ქართულ მედიაში შექმნილ ვითარებაზე გვესაუბრება:

- დღეს ქართული მედია და განსაკუთრებით სატელევიზიო სფერო, უამრავი პრობლემის წინაშე დგას. ტელესივრცეში ცხადად ჩანს, რომ ე. წ. სამთავრობო არხებს ხელისუფლება თავისი პროპაგანდისთვის იყენებს. რამდენიმე თვის წინ, როდესაც ერთ-ერთ რეგიონში, პოლიციის შენობაში ადამიანი გარდაიცვალა, ამ თემაზე სამმა ტელეარხმა - "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა", "რუსთავი 2"-მა და "იმედმა", იდენტური ტექსტი და კადრები წარუდგინეს საზოგადოებას. ცხადია, რომ სამივე ტელეარხს ერთმა ადამიანმა დაუწერა ტექსტი. ამის შემდეგ ძნელია დაგვიმტკიცონ, რომ ეს ტელეარხები არ არიან მართული. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ზოგჯერ ცდილობს, იყოს მიუკერძოებელი, მაგრამ როგორც კი დგება პოლიტიკურად კრიზისული მომენტი, მაშინვე ხდება ტენდენციური და მიკერძოებული. მაგალითად, "ქართული ოცნების" 27 მაისის აქცია "რუსთავი 2"-მა და "იმედმა" უკეთესად გააშუქეს, ვიდრე "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა". ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ცდილობდა, ქართული მედია გამჭვირვალე ყოფილიყო და საზოგადოებას სცოდნოდა, ვინ დგას ამა თუ იმ მედიასაშუალების უკან, ვინ არიან მათი მფლობელები...

- თუმცა "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" დღევანდელ მფლობელებს საზოგადოება ფიქტიურ მფლობელებად მიიჩნევს, რადგან ამ არხების მუშაობის სტილიდან გამომდინარე, ცხადად ჩანს, რომ კვლავ ხელისუფლების კალთას არიან ამოფარებულნი.
- ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებამ იცის პასუხისმგებელი პირების ვინაობა. რაც შეეხება ტელევიზიების მეორე ნაწილს - "მაესტროს", "კავკასიას" და "მე-9 არხს", მათ ოპოზიციურს კი არა, კრიტიკულად განწყობილ ტელეარხებს დავარქმევდი. მათი საინფორმაციო გამოშვებებით სრულ ინფორმაციას იღებ იმ საკითხებზე, რომლებიც დღეს საზოგადოებას აწუხებს. რაც შეეხება ტელეკომპანია "მე-9 არხს" . ვინაიდან ამ არხის მფლობელი პოლიტიკური ფიგურის მეუღლეა, მიკერძოებულობა რომ თავიდან აირიდონ, "მე-9 არხის" მენეჯმენტის ჯგუფის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ განზრახული აქვთ, შექმნან სპეციალური საბჭო, სადაც გაწევრდებიან მიუკერძოებელი ადამიანები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროს ექსპერტები. ამით ეს ტელევიზია ცდილობს, ჰქონდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც მისასალმებელია. გაზეთებში კი ყველა ინფორმაციის წაკითხვა შეიძლება, თუმცა პრესას გავრცელების მხრივ პრობლემებს უქმნიან. საზოგადოებას ახსოვს, გურიაში ბიბლიოთეკებიც კი არ იღებდნენ ჟურნალ-გაზეთებს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. სამთავრობო ტელეარხებს საკმაოდ სოლიდური სახელმწიფო დავალიანება აქვთ...
- სხვათა შორის, ძალიან მალე ეს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ინტერნეტგვერდიდან გააქრეს. ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს 5,5 მილიონი ლარი აქვს დავალიანება, "იმედს" კი - 13.9 მილიონი, ტელეკომპანიებს "თრიალეთს" და "მე-9 არხს" - 10-10 ათასი ლარი. ამან 2010 წელი გამახსენა, როდესაც ტელევიზიებს 36 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეჭრა. არადა, კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანიებს, ფაქტობრივად, დავალიანება არ ჰქონიათ. ხელისუფლება ამბობს, ბიუჯეტის დიდი ნაწილი გადასახადებით ივსება და ეს წინ გადადგმული ნაბიჯიაო. თუ ასეა, გვაინტერესებს, რატომ არ სთხოვენ ე.წ. სამთავრობო ტელევიზიებს გადასახადების გადახდას? თანაც, ეს ტელევიზიები უპირატეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე კრიტიკული ტელეარხები. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ბოლო მონაცემებით ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს 2011 წელს 39 მილიონი ლარი აქვს სუფთა მოგება, "იმედს" კი - 28 მილიონი. ასე რომ, მათთვის ძნელი არ უნდა იყოს გადასახადების გადახდა.

- ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ტელეწამყვანების ხელფასების რაოდენობა მოითხოვა, მაგრამ ამ ინფორმაციაზე უარი მიიღეს.
- (იღიმის) ამ საკითხზე, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ზუსტად დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 23 ივლისს - ნ.მ.) გავუგზავნეთ წერილი და გამოვითხოვეთ მათი ჟურნალისტების სამივლინებო თანხისა და პერსონალის ხელფასების ოდენობა, ვნახოთ, რას გვიპასუხებენ. გვაინტერესებს, წინასაარჩევნო პერიოდში მიზანმიმართულად თუ იხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები. ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, მთავარია წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობას საშუალება მიეცეს, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს პოლიტიკური კუთხით და შემდეგ გააკეთოს არჩევანი.

- ბოლო ხანს კრიტიკული ტელეარხების ჟურნალისტების დევნა ახალი მეთოდით დაიწყეს. მათ ასევე მიკროფონმომარჯვებული ადამიანები ხელს უშლიან პროფესიულ საქმიანობაში.
- მსგავსი შემთხვევა არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა. პროკურატურის ადგილზე, აუცილებლად დავინტერესდებოდი იმ ადამიანთა ჯგუფით და საქმიანობით, თანაც, ამის ამსახველი ვიდეომასალა არსებობს.

- რატომ გაათავისუფლეთ თქვენი ორგანიზაციის პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი თანამდებობიდან?
- განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ეს იყო ორგანიზაციის შიდა საკითხებთან დაკავშირებული უთანხმოება. არავითარი პოლიტიკური ან სხვა მიზეზი არ არსებობს. ორგანიზაცია ჩვეულ რეჟიმში, ძველი კურსით განაგრძობს მუშაობას.