სოფელ ცაიშში მომხდარი სამარცხვინო ინციდენტის შემდეგ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახლში ესტუმრა როზა წყაბელიას და პირადად მოისმინა ის პრობლემები, რაზეც ხელისუფლების ზედმეტად ლოიალური ქვეშევრდომების მიერ შეურაცხყოფილ ხანდაზმულ ქალს პრეზიდენტთან საჯარო შეხვედრაზე სურდა ლაპარაკი.
პიარტექნოლოგიური მიზანსცენა კიდევ უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, ხელისუფლებამ 15 დღით ჩაასმევინა ციხეში ორი პირი, რომლებიც „პრეზიდენტსა და გაჭირვებულ ადამიანებს შორის ჩადგნენ“, უფრო ზუსტად, ძალის გამოყენებით და მუჯლუგუნებით გაიყვანეს ხანდაზმული ქალი იმ ადგილიდან, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტის შესახვედრად შესაფერის გარემოს ამზადებდნენ - შესაფერისი პუბლიკით, რომელიც პრეზიდენტს ტაშს დაუკრავდა, ხოტბას შეასხამდა და მომავალ არჩევნებში მხარდაჭერას აღუთქვამდა.
ცაიში რა, განა ასე არ ხდება საქართველოს სხვა კუთხეებში? გაიხსენეთ, რამდენჯერ გაქვთ „სამთავრობო“ ტელევიზიებით ნანახი ეს სცენა: „მოულოდნელად“ ჩასული პრეზიდენტის „მოულოდნელი“ შეხვედრა „მოულოდნელად“ ორგანიზებულ ხალხთან, რომელთა რიგებში აშკარად ჭარბობენ ადგილობრივი ორგანოების თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები, საჯარო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები, სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი პოლიციელები და სახელმწიფო დაცვის სამსახურის მუშაკები, რომლებსაც, როგორც ამას წინათ მითხრეს, საქართველოში უკვე სახით ცნობენ.
მაგრამ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პიარტექნოლოგების რუდუნებით ნაწრთობი იდილია ცაიშში დაირღვა.
თავისუფალმა ჟურნალისტებმა მოასწრეს და გადაიღეს როზა წყაბელიაზე განხორციელებული ძალადობა. ფირზე აღბეჭდეს პრობლემებით დამძიმებული მოხუცი ქალი, რომელსაც გზადაგზა ვიღაც სულელსაც უწოდებს, და რომელიც უხეში ძალის გამოყენებით, ჯიკავ-ჯიკავით და ხელების გრეხით გაჰყავს ორ ახალგაზრდა კაცს, რათა პრეზიდენტ სააკაშვილს „მოედანი გაუსუფთაონ“ მორიგი წარმატებული შეხვედრისათვის.
24 ივლისს ამ ინციდენტმა წალეკა სოციალური ქსელები! დამთრგუნველ, ნებისმიერი ღირსეული ადამიანისათვის შეურაცხმყოფელ კადრებს განუწყვეტლად ატრიალებდნენ დამოუკიდებელი ტელეკომპანიები „მაესტრო“ და „ტვ-9“, რომელთა სიგნალების მიღება საზღვარგარეთაც არის შესაძლებელი. და როდესაც ლამის მთელი ცისქვეშეთი შეიძრა ამ სამარცხვინო ინციდენტის გამო, როზა წყაბელიას ცემის ამბავმა საქართველოს პრეზიდენტის ყურამდეც მიაღწია და იგი ძალიან, ძალიან გაბრაზდა.
„როცა თქვენი ამბავი გავიგე, მაშინვე წამოვედი. მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და დავრჩები გაჭირვებულების დამცველად საქართველოში. ვინც ჩემსა და იმ გაჭირვებულ ადამიანებს შორის ჩადგება, რომლებსაც ჩემთან მოსვლა და თავისი გაჭირვების შესახებ საუბარი სურს, პასუხს ვაგებინებთ. ეს იქნება დიდი გაკვეთილი იმისთვის, ვისაც ჩემსა და გაჭირვებულს შორის ჩადგომა სურს. ვერასდროს ვერავინ უნდა გაბედოს, რომ ჩემსა და იმ ადამიანს შორის ჩადგეს, რომელსაც უჭირს“, - განაცხადა წყაბელიასთან ბოდიშის სათქმელად მისულმა მიხეილ სააკაშვილმა.
პირადად მე საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებამ ცაიშში მისი ხელებდაგრძელებული ხელქვეითების საქციელზე მეტად გამაბრაზა! მაპატიეთ, მაგრამ რა არის ეს, თუ არა ფარისევლობა და სიყალბე იმ პოლიტიკოსისაგან, რომლის პრეზიდენტობის დროს სამართალდამცველებმა სასტიკი ძალის გამოყენებით მოკლეს სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, ზურაბ ვაზაგაშვილი და ათობით სხვა ახალგაზრდა, რომელთა დედებსაც მიხეილ სააკაშვილისაგან დღემდე არ გაუგონიათ სინანულისა და სამძიმრის სიტყვები?
„სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“, – ნათქვამია გირგვლიანის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის დასკვნაში.
სასამართლოს ამ დასკვნას რომ კითხულობ, იხსენებ, როგორ მივიდა სულ ახლახან ლამის სასოწარკვეთამდე მეგობრის გამოქომაგებისთვის თბილისის 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხული და პრეზიდენტის მიერ „ხულიგნად“ მოხსენიებული 15 წლის ბიჭი, ძალიან ძნელია ფარისევლობის გარდა რაიმე უწოდო საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებს, რომ „ჩემი მთავრობა და მე ვართ ყველაზე მთავარი დამცველი გაჭირვებულების, ვართ და ვიქნებით და ვერავინ ჩემსა და გაჭირვებულებს შორის ვერ ჩადგება“.