ივანიშვილი - სააკაშვილი: 80 მილიონი ლარი - 2 ლიტრი ზეთი

ივანიშვილი - სააკაშვილი: 80 მილიონი ლარი - 2 ლიტრი ზეთი

ხელისუფლების მიერ სახელდახელოდ წარმოდგენილი მთავრობის სამოქმედო 4-წლიანი გეგმა ის-ის იყო მთავარი ოპონენტის ივანიშვილის საბოლოოდ დაჩრდილვას აპირებდა, რომ კახეთში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებას ქიში დაუსვა. პოლიტიკურ დაფაზე სხვადასხვა პაიკების შეწირვა იმით დასრულდა, რომ სახელისუფლებო თავსატეხი - კახეთში მომხდარი სტიქიური უბედურება, ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ოსტატურად გამოიყენა. გამოიყენა არა ძალთა ბალანსის, არამედ გარკვეული უპირატესობის მოსაპოვებლად. ამჟამად ანგარიში ასე გამოიყურება: 80 მილიონი ლარი - 2 ლიტრი ზეთი.
აუდიტის სამსახურის მიერ ივანიშვილისთვის დაკისრებული 74,325,065.65 ლარი და აღსრულების საფასური 5,202,754.60 ლარი - გადახდილია. ეს ფაქტი ხელისუფლებისთვის მიყენებული ყველაზე დიდი დარტყმაა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ. ახლა უკვე ძნელი იქნება იმაზე საუბარი, რომ ივანიშვილი კანონს ეურჩება, თუ არაფერს ვიტყვით იმის შესახებ, რომ "დროებითი მმართველი" - ბატონი უგულავაც მოკლე დროში ვერც კი მოასწრებდა ბოლომდე შესრულებინა ის დავალება, რომლითაც იგი "ქართუს" სამართავად მიავლინეს.

ხელისუფლების წარმომადგენელების განცხადება, იმის შესახებ, რომ "სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რაში დაიხარჯება ბიძინა ივანიშვილის მიერ გადახდილი ჯარიმა", პერსპექტივაში კვლავ ხელისუფლების წინააღმდეგ იმუშავებს. მიზეზი მარტივია, ივანიშვილმა ერთი გასროლით ორზე მეტი კურდღელი მოკლა და მმართველი გუნდის პიარტექნოლოგებს "რამსები აურია".

დიახ, კანონი ავალდებულეებდა ივანიშვილს აუდიტის სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას (რამდენად სამართლიანია კანონი და შესაბამისი გადაწყვეტილება, ეს ცალკე განხილვის საგანია), მაგრამ მისი განცხადება უკანონო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შესახებ ხელისუფლების წისქვილზე ასხმადა წყალს. სწორედ ამ ვითარებაში, ივანიშვილი "ემორჩილება" კანონის მოთხოვნას და: 1. "ბრუნდება" სამართლებლივ სივრცეში; 2. იბრუნებს დაყადაღებულ ქონებას; 3. კახეთში აგზავნის მიზობრივ მესიჯს, რომ თავად ეხმარება მათ და მოითხოვს, ათჯერ გაიზარდოს საკომპენსაციო თანხები; არის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომელიც მორალურ და ზნეობრივ კრიტერიუმებს განეკუთვნება.

განსაკუთრებით ყურადსაღებია მესამე პოზიცია. 15 ათას ლარს ხელისუფლება დაზარალებულებს რომ არ მისცემს, ეს თვალნათელია. შესაბამისად საკმარსია ივანიშვილმა განაცხადოს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი სრულად აუნაზაღაურებს დაზარალებულებს ზიანს და ხელისუფლება გულგრილობაშიც დაადანაშაულოს, რომ მართლაც ფუჭი აღმოჩნდება მთავრობის წევრების მიერ ივლის-აგვისტოში კახეთში გატარებული "შვებულება".

ამ ფონზე ყურადღებას იპყრობს ხელისუფლების მიერ ბოლო დღეებში გადადგმული ნაბიჯები. კახეთში მოხდარმა სტიქიურმა უბედურებამ, ხელისუფლება აიძულა მთელი ძალები ამ მიმართულებით გადაესროლა. თუმცა იმასაც შეეცადა, რომ პიარტქნოლოგიური მეთოდოლოგიის საფუძველზე სათავისოდ შეეფუთა დაზარალებულთა მოფერება, გამხნევება და დახმარება. მაგრამ თუ რეალურად შევაფასებთ, ამ მოცემულობას, ეს შესაძლოა, თავად ხელისუფლებისთვის აღმოჩნდეს საზიანო. ერთი მარტივი მიზეზის გამო - საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უამრავ ადამიანს გაუჭირდა ბოლო წლების განმავლობაში და მათი უმეტესობა მხოლოდ იმით დააკმაყოფილეს, რომ ნაციონალური არხებზე ხელისუფლების ჩინოსნებმა ანტურაჟად გამოიყენეს. სამოქალაქო სოლიდარობა ერთია, მაგრამ შენი მოძმის თანაბარხვედრად ან უფრო მეტად როცა გიჭირს მაშინ იმაზეც ფიქრობ შენთვის რატომ ვერ მოიცალა ვერავინ. მერე არც უსამართლობაზე აპელირებაა ძნელი და ამ შემთხვეევაში ეგოიზმი არაფერ შუაშია. ალბათ ხელისუფლებაშიც მიხვდნეენ ამას, მაგრამ წალენჯიხაში წყალდიდობისგან დაზარალებულ ოჯახში საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობას ნამდვილად აკლდა რეჟისორის ხელი და ყველაფერი ძალიან ხელოვნურად და უგემოვნოდ გამოჩნდა.

რაც შეეხება ცაიშში მომხდარ ინცინდენტს, აქ რა თქმა უნდა, თვითშემოქმედებამ თუ აოპოგეას არა გარკვეულ პიკს მიაღწია, რომელმაც პრეზიდენტს საბოდიშოდ გაუხადა საქმე. თუმცა ეს ფაქტიც პიარისთვის იქნა გამოყენებული და ისევ ღიმილი მოჰგვარა საზოგადოებას, თუნდაც იმიტომ რომ საქართველოს პრეზიდენტი არ "შეშფოთდა" და არ "დაგმო" კარალეთის და კახეთის ინცინდენტები, უფრო მეტიც ყურიც კი არ აუწია " ამ "ინცინდენტების" გამპრავებელ პალიკო კუბლაშვილს.

"მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები საქართველოში გაჭირვებულების დამცველი. თქვენს თანასოფლელებს, რომლებმაც შეურაცხყოფა მოგაყენეს, უკვე დიდი ხანია პასუხი ვაგებინე. ეს იქნება გაკვეთილი ყველასთვის, ვინც ჩადგება ჩემსა და იმ ადამიანს შორის, ვისაც უჭირს, რაღაცის თქმა უნდა თავის მიერ არჩეულ პრეზიდენტთან", - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქე როზა წყაბელიას.

აქ მხოლოდ ერთი რეპლიკა გინდა რომ წამოისროლო - ყველასი არა ბატონო პრეზიდენტო! თქვენი დაცვისა თუ "ადმინისტრაციული რესურსების", "ადმინისტრაციული რესურსების რესურსების" მიერ გვერდჩალურჯებული არაერთი ადამიანი ახსოვს "ისტორიას". (ისე უხეირო "პირდაპირი ჩართვები" წალენჯიხიდან და ცაიშიდან ალბათ კახეთში გადაღლილობის მიზეზი უნდა იყოს).

მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი ფაქტორი, რომელიც ცაიშის ინცინდენტს უკავშირდება. ხომ ცხადია, რომ "შავ საქმეებს" მუდამ წვრილფეხობა და ვაიენთუზიასტები აკეთებენ. ცაიშის ინცინდენტის გამო დაკავებულნი და დასჯილნიც, რომ დავალებას ასრულებდნენ ესეც ცხადია. ახლა მათ "ვირის აბანოში" საცივი და ელარჯიც რომ აჭამონ ყოველ კვებაზე, "თანამოძმეებს" ცხადად ესმით რომ ისევე შეიძლება დაისაჯონ დავალების შეუსრულებლობისთვის, როგორც შესრულებისთვის. მოკლედ ალბათ უპრიანი იქნება ამ ადამიანების სვეე-ბედი "პეპელას" შევადაროთ. ისე რა საინტერესოდ ჟღერს არა ორი დირექტივა - "პეპლებმა" ოცნება არ გააბედონ!" და "პეპლებს" ერიდეთ, "პეპლებს!"

იმ ქიშს, კი რომელიც ახლა ივანიშვილმა ხელისუფლებას დაუსვა "პეპელის" შეწირვა ნაღდად არ უშველის. მართალია პეპელაც პაიკის არ იყოს "პ"-ზე იწყება, მაგრამ პაიკივით ლაზიერში არ იცვლება.

ახლა ხელისუფლების სვლაა...

თუმცა ერთი რამ უდავოა, საქართველოში პოლიტიკური დიდოსტატის ტიტულის მფლობელი მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.