"ყოველთვის, როცა წინ ოპონენტი მიზის, მის ტყავში შეძრომას ვცდილობ და მტრის ფენომენიც უცხოა ჩემთვის. სააკაშვილის ტყავში შეძვრომასაც ძალიან ვცდილობდი. 2007 წელსაც, როცა ყველაზე არაპოპულარული პერიოდი ჰქონდა, მის ტყავში შეძრომა შევძელი, მაგრამ 2008 წლიდან ეს აღარ შემიძლია!" - აცხადებს მუსკომედიის თეატრის რეჟისორი, ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორი, მეტყველების კულტურის ცნობილი პედაგოგი, ბიძინა ივანიშვილის მიერ გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული გივი ბერიკაშვილის შვილი მანანა ბერიკაშვილი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მანანა ბერიკაშვილი: "კახეთი ფიტულების მუზეუმს ჰგავს და ეს ხელისუფლება მე თუ მელოდება, აწი მიყუროს!"
"ახლახან ეთერში თქვეს, სად იყო ივანიშვილი, როცა ხელისუფლება კახეთში ჩავარდა და ხალხს ფიზიკურად ეხმარებოდაო. აბა, ხელისუფლებამ რა უნდა აკეთოს, ვინ უნდა ჩავარდეს კახეთში და პირველი რეაქცია ვინ უნდა მისცეს? ვის ეჯიბრებიან, მაინტერესებს, მე მეჯიბრებიან, მანანა ბერიკაშვილს? ჩემ პროფესიაში ყველაფერი გავაკეთე, წელგამართული ვარ, ამიტომ ამ ხელისუფლებისგან საყვედურს, გუშინ რომ მაჟორიტარად დაგასახელეს, დღეს რატომ არ გავარდი "კასკით" თავზე, ხერხით ხელში, ნიჩბით მხარზე და პოპულისტური მოქმედებები არ დაიწყეო, ვერ მივიღებ... ნიჩბის დაჭერა არ მეთაკილება, ყველაფერს გავაკეთებ როგორც შემეძლება, ოღონდ ჩუმად. ახლა ბიძინასთან ერთად მოვიარე კახეთის სოფლები და კადრში ერთგან არ ვჩანდი - რა, ყვირილი უნდა დამეწყო, არიქა, აქა ვარ-მეთქი?", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანანა ბერიკაშვილი.
"რაც დღეს ტელევიზორში ჩანს, რეალობის ნახევარიც არაა, კახეთი ფიტულების მუზეუმს ჰგავს, სტიქიას ვერსად წაუხვალ, მაგრამ ხომ არის რაღაც საშუალებები, რომ ამხელა ზარალი თავიდან აიცილო? გლეხს რომ ხილი ხეებზე ულპება, სად არის ამ დროს სახელმწიფო, რატომ არ ეხმარება, ხილს რატომ არ იბარებს, ისევ მე მიყურებს? მიყუროს აწი ამ ხელისუფლებამ! აჰ, ჩემი გასაკეთებელია არა? ვიღაცას რომ ეთქვა, პოლიტიკაში მიდიხარო, მაგრად დავცინებდი, მაგრამ რაკი ისე მიდგა საქმე რომ სოფელი ჩემი დასაცავია, დავიცავ! ყველა სახსრებით, იმ ადამიანთან ერთად, ვისიც მჯერა 100%-ით და ეს რწმენა ჰაერიდან კი არა, ბეგრაუნდიდან მოდის. თურმე სახლემწიფო ბიძინაზე მდგარა აქამდე. თავი დავანებოთ კულტურას, ხელოვნებას, ეკლესია-მონასტრებს, - პოლიციაც, ჯარიც, განათლებაც, მერხიცა და კომპიუტერიც - ყველაფერი ეს კაცი ყოფილა და ამიტომაც მჯერა მისი! ხელისუფლების მთავარი კონტრარგუმენტი ისაა, ივანიშვილი რუსეთის აგენტიაო. მაგას სირცხვილით როგორ ამბობენ, ამდენი წელი ქვეყანა აშენა, ახლა მოვა ხელისუფლებაში და დაანგრევს!?" - განაგრძობს რესპონდენტი.
"მე თქვენ გეუბნებით, მანანა ბერიკაშვილი გაიმარჯვებს გურჯაანში აუცილებლად, 100%-ით! "ოცნება" გაიმარჯვებს, ხმას აცილებლად მისცემენ ივანიშვილს. ვერ მოვიტყუები, რომ ჩემ კამპანიაში გივი ბერიკაშვილი სახელიც არ ფიგურირებს, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ კარგი არტისტია, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ზის გლეხთან, მუშასთან და დარბის წინ და უკან მათ დასახმარებლად - მე კი არასდროს არაფერში დამხმარებია მამაჩემი," - დასძენს რეჟისორი და შეკითხვას - "რას პირდებით თქვენ რაიონს და როგორ აპირებთ საარჩევნო კამპანიის წარმოებას გურჯაანში?" - პასუხობს:
"ყველაფერში დავიწყე გარკვევა - რა არის გაფუჭებული, რა როგორ უნდა გაკეთდეს. გავარკვიე, რომ ჭერმის ხევი უკავშირდება სოფელ ვაჩნაძიანს და თურმე ზარალი ნაკლები იქნებოდა, ეს ხევი რომ მოვლილი ყოფილიყო... შევხვდები გურჯაანის მთელ მოსახლეობას, ხელთ მექნება ის პროგრამა და ის პრიორიტეტები, რასაც ხალხს კოალიცია და ბიძინა ივანიშვილი სთავაზობს პირადი პასუხისმგებლობით. მოვისმენ ყველას პრობლემას, ჯერ მე თვითონ გავეცნობი კარგად და ვაცხადებ - მისასვლელი გზები და ინსტანციები არ მჭირდება, მე ვარ შუამავალი გურჯაანელ გლეხსა და ბიძინა ივანიშვილს შორის!"