ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლერი ხაბელოვი გვესაუბრება.
- ბატონო ლერი, რატომ გადაწყვიტეთ აქტიურად ჩართულიყავით პოლიტიკაში?
- ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში მუშაობისას არ მოგვცეს საშუალება, ჩვენი საქმე გვეკეთებინა, იმხანად ბადრი პატარკაციშვილის მოადგილე ვიყავი... ადამიანები თანამდებობებზე არა პროფესიონალიზმის, არამედ პარტიული, ხელისუფლებისადმი ერთგულების მიხედვით ინიშნებოდნენ. ამიტომ გადავწყვიტე, ხმა ამემაღლებინა იმის წინააღმდეგ, რაც სპორტსა და, საერთოდ, ქვეყანაში ხდებოდა. დღეს ქვეყანაში ცვლილებების დრო მოვიდა, ახალი სისხლია საჭირო... ქარელის რაიონს, მის პრობლემებს კარგად ვიცნობ, ისტორიული სოფელი ყინწვისი ჩემი დედულეთია.
- დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო სპორტული სამყაროს წარმომადგენლები ბარიკადის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ.
- ვერ ვიტყოდი, რომ თვითონ ცნობილ სპორტსმენებს შორის არის დაპირისპირება. სპორტულ სამყაროს ატერორებენ, აშანტაჟებენ და თუ სპორტსმენი ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქციებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, პრობლემები შეექმნება, - ვერ მიიღებს მონაწილეობას შეჯიბრებაში, არ მისცემენ ხელფასს და ა. შ. სინამდვილეში სპორტის წარმომადგენლებს ისეთივე განწყობა აქვთ, როგორიც მთლიანად საზოგადოებას.
- როგორ შეაფასებთ ქართულ-ოსურ ურთიერთობებს და როგორ გესახებათ გამოსავალი ამ რთული სიტუაციიდან?
- დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, რომელსაც მე "ომის პარტიას" ვუწოდებ, ყველანაირ მოლაპარაკებაზე, ურთიერთობის აღდგენაზე ლაპარაკი ზედმეტია, ამ ხელისუფლებამ არა მარტო ოს ხალხთან, ქართველებთანაც ამოწურა დიალოგის რესურსი. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი ქართველი და ოსი ხალხები, მათი წარმომადგენლები შეძლებენ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას, საერთო ენის თანდათან გამონახვას.
- საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ერგნეთის ბაზრობის აღდგენის თაობაზე.
- ერგნეთის ბაზრობა ნამდვილად უწყობდა ხელს ქართველ და ოს ხალხებს შორის ურთიერთობას. მთელი შიდა ქართლის რეგიონი იყო ჩაბმული ამ საქმიანობაში. იმ პერიოდში ხელისუფლების მაღალჩინოსნებს პირდაპირ ვეუბნებოდი, რომ ერგნეთის ბაზრობის დახურვა დაუშვებელი იყო, მაგრამ ვერაფერი გავაგებინე. განსაკუთრებით აქტიურობდნენ იმჟამინდელი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები - დარწმუნებულები იყვნენ, რომ რევოლუციურ ტალღაზე მოსულებს ყველაფრის უფლება ჰქონდათ, მათ ბაზრობა ე. წ. სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე დახურეს, ამბობდნენ, კოკოითის შემოსავლის წყარო გადავუკეტეთო, მაშინვე ჰქონდათ დაგეგმილი ცხინვალში სიტუაციის შეცვლა, მაგრამ ასე არ მოხდა და ბოლოს, მთელმა მსოფლიომ ნახა, სად მივედით.
- გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან წასვლის შემდეგ თქვენ ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში მოღვაწეობდით, სადაც არაერთი ქართველი ცხოვრობს.
- სხვაგან, ფაქტობრივად, არსად მიცხოვრია, ყოველთვის აქ ვიყავი. რაც შეეხება ჩრდილოეთ ოსეთს, მის დედაქალაქში დღეს ათი ათასი ქართველი ცხოვრობს და მათ ეთნიკური ნიშნით არავინ დევნის; ასე იყო ყველაზე რთულ - 1990-იან და 2008 წლებშიც.
- როგორც ვიცი, პრობლემები შეგექმნათ ბიზნესსაქმიანობაში...
- 1997 წელს სააქციო საზოგადოება "ავიასერვისი-2000"-მა, რომლის მთავარი მეწილე ვიყავი, მთავრობასთან ერთად ხელშეკრულების საფუძველზე, 25-წლიანი იჯარით აიღო აეროპორტის ტერიტორიაზე 2 ჰექტარი მიწა. ინვესტიციების 95 პროცენტი მე მეკუთვნოდა, მთავრობას - მხოლოდ 5%. სააკაშვილის ხელისუფლებამ კი ეს ტერიტორია, პირდაპირ თურქებს გადასცა, რისი უფლებაც არ ჰქონდა, ცხადია, არც ზარალი ამინაზღაურეს... რაც მალე მიხვდება ეს ხელისუფლება რომ დროა, პოლიტიკური ასპარეზი დაუთმოს სხვა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საქმით, და არა სიტყვით შეუძლია ქვეყნის პრობლემების მოგვარება, მით უკეთესი. მათი ლიმიტი ამოიწურა, ხომ არ შეიძლება 50 წლის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში?!