კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მასზე დაკისრებული ჯარიმა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხა. თუმცა როგორც იგი აცხადებს, ჯარიმის გადახდა კახეთში მომხდარი სტიქიის გამო გადაწყვიტა და ხელისუფლება დაავალდებულა თანხა დაზარალებულ მოსახლეობას მოახმაროს.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათი გადასაწყვეტია, ბიუჯეტში ჩარიცხული ფული რას მოხმარდება. ჯარიმის გადახდის შემდეგ ავტომატურად მოეხსნა ყადაღა "ქართუ ბანკს", "პროგრეს ბანკსა" და "ქართუ ჯგუფს". იძულებითი მართვა შეწყდა. ახლა მხოლოდ იურიდიული პროცედურებია დარჩენილი, რომელიც 24 საათში უნდა დასრულდეს.
იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს ნაბიჯი პიარისთვის განკუთვნილი და აპირებს თუ არა ხელისუფლება მისი მითითებით თანხის განკარგვას, ამის შესახებ "რეზონანსი" ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს ესაუბრა.
იურისტ არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მითითებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისთანავე იძულებითი მართვა და ყადაღის მოხსნა მოხდა, მაგრამ დარჩენილია იურიდიული პროცედურები, რისთვისაც ხელისუფლებას 24 საათი აქვს.
"ყადაღა ფაქტობრივად შეწყვეტილია. ახლა საუბარია იმაზე, რომ იურიდიული გაფორმება შედგეს. რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს აქტის საფუძველზე მოხდეს იძულებითი მართვის შეწყვეტა და ძალაუფლების ჩამორთმევა იძულებითი მმართველისათვის.
"არავითარი დრო ამას არ სჭირდება. სასამართლოს მხრიდან განსახილველი აქ არაფერია. როცა აღსრულების ეროვნული ბიურო შედის შუამდგომლობით სასამართლოში და მოთხოვნა შესრულებულია, იმის უფლებაც კი არ არსებობს, რომ პროცედურის ვადები გაჭიანურდეს", - ამბობს კბილაშვილი. თუმცა არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ გასაღიზიანებლად პროცედურები გაწელოს. "შესაძლოა, ასეთი დაბრკოლებაც შეიქმნას, მაგრამ ეს კანონის გარეთ იქნება და არა კანონიერად. მე ვერ ვხედავ მიზეზს და გონივრულ საფუძველს, რომ ეს ვადები გაზარდოს. თუმცა შესაძლოა ვადა დამატებითი გაღიზიანებისთვის გაწელონ. სხვა რამე საფუძველი აქ არ არსებობს", - აცხადებს იურისტი.
მისივე თქმით, იძულებითი მმართველის გათავისუფლებისთანავე ძველი მმართველის აღდგენა უნდა მოხდეს.
"მას შემდეგ, რაც სასამართლო შეწყვეტს დანიშნული დროებითი მმართველის უფლებამოსილებას, ავტომატურად მოხდება ძველი მმართველის აღდგენა", - ამბობს ის.
"ქართუ ბანკის" მმართველი ნოდარ ჯავახიშვილი "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ დროებითმა მმართველმა თანხის ჩარიცხვისთანავე თანამდებობა დატოვა და პოსტს ის უბრუნდება.
"დროებითმა მმართველმა თანამდებობა დატოვა და სტატუსი ოფიციალურად აღმიდგინეს. ხვალ ჩემს სტატუსს საჯარო რეესტრში დავარეგისტრირებთ და ამის შემდეგ უკვე სრულუფლებიანი მმართველი ვიქნები", - გვითხრა ჯავახიშვილმა.
არის თუ არა ამ ეტაპზე ბანკში პრობლემები, ჯავახიშვილს ამის თქმა უჭირს.
"პრობლემურ სიტუაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს, ამის გასარკვევად უკვე გვიანია. რამდენიმე დღეში მეცოდინება ამის შესახებ და კონკრეტულ კითხვებზე პასუხს გაგცემთ", - გვითხრა ჯავახიშვილმა.
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ივანიშვილის ნაბიჯი მისასალმებელია და მოსალოდნელიც იყო, რომ ის ჯარიმას გადაიხდიდა, რადგან მას ბანკები პოლიტიკური საქმიანობისთვის სჭირდება - ამ სიტუაციაში კი მათი გამოყენება შეუძლებელი იყო.
თუმცა ის უკანონოს და უსაფუძვლოს უწოდებს ივანიშვილის მოთხოვნას, რომ ჯარიმის თანხა ხელისუფლებამ აუცილებლად სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას უნდა მოახმაროს.
"სრულიად უსაფუძვლოა ივანიშვილისგან იმის მოთხოვნა, რომ ბიუჯეტში მის მიერ გადარიცხული ჯარიმა მოსახლეობის დასახმარებლად გამოიყოს. ხელისუფლების გადასაწყვეტია, ეს თანხა სოციალურ პროგრამებს მოხმარდება თუ სხვა რამეს.
"ეს იგივეა, მანქანის გამო ადამიანი დააჯარიმონ და მძღოლმა გამოაცხადოს, ჯარიმას გადავიხდი, მაგრამ ის თანხა ბებიაჩემის მკურნალობას უნდა მოხმარდესო.
"სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, მოეთხოვება პასუხისმგებლობა პირველ რიგში სტიქიური უბედურებით დაზარალებულებს დაეხმაროს და მოახდინოს მიყენებული ზარალის ლიკვიდაცია, მაგრამ ამას ხელისუფლება წყვეტს. დაჯარიმებულის გადასაწყვეტი ეს ნამდვილად არ არის.
"მაგრამ თუ მას სურს, რომ დამატებით ჩარიცხოს თანხა დაზარალებულების დასახმარებლად, მაშინ სპეციალურ შტაბებს დაუკავშირდეს. თუმცა, თუ უნდა ჩათვალოს, რომ თითქოს ის არის ხელისუფალი ამ ქვეყანაში, ნურას უკაცრავად. ასეთი რამ ფეოდალიზმის პერიოდშიც არ ხდებოდა. მის მშობლიურ საფრანგეთში შუა საუკუნეებიდან ირჩეოდა, რა არის კერძო საკუთრება და რა სახელმწიფო", - ამბობს დარჩიაშვილი. არის თუ არა ივანიშვილის მიერ ჯარიმის გადახდა უკანდახეული ნაბიჯი, დარჩიაშვილი არ ამბობს და აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი მან ბანკების დასაბრუნებლად გადადგა.
"ფაქტია, რომ მას ბანკზე ყადაღის მოხსნა უნდოდა, ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი. როგორც ჩანს, ისევ გააგრძელებს პოლიტიკაში უკანონოდ თანხის შემოტანას, მაგრამ ამ შემთხევაში ისევ დაჯარიმდება და ხელახლა დადგება პრობლემის წინაშე.
"თუ უნდა ვინმეს ჰუმანიტარულად დაეხმაროს, ეს თავადვე მოახერხოს და არა სახელმწიფოსთვის დავალებების მიცემის ხარჯზე. პროგრამირებული ნაბიჯები მერე გადადგას ხელისუფლებაში როცა მოვა, მანამდე ჩვენ არ გვჭირდება მისი სწავლება რაში რა დავხარჯოთ", - ამბობს დარჩიაშვილი.
რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა ჯარიმის გადახდა და იყო თუ არა ეს ნაბიჯი პიარისთვის გათვლილი, ჩვენთან საუბარში "არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელი კახი კახიშვილი ამბობს: "ამით ივანიშვილმა რამდენიმე კურდღელი მოკლა. ერთი ის, რომ ისევ თავისი მმართველი შეიყვანა ბანკში. ამასთანავე ხალხს ჩაუნერგა, რომ ფული მათ დასახმარებლად გადარიცხა და დააყენა ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ თანხა სტიქიით დაზარალებულ რეგიონს მოახმაროს.
"ასეთი ფინანსების მქონე პოლიტიკოსის მხრიდან ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო. თანხა რომ არ გადაერიცხა, ხელისუფლება ზარალის ანაზღაურებაში ხალხს ბოლომდე ვერ დაეხმარებოდა და მოსახლეობა ხელისუფლების უკმაყოფილო დარჩებოდა, რაც თავისთავად ივანიშვილისთვის პოლიტიკურად უფრო სასარგებლო უნდა ყოფილიყო.
"მაგრამ როგორც ჩანს, მან პოლიტიკურ ამბიციაზე მაღლა მან მოსახლეობის ინტერესები დააყენა", - ამბობს კახიშვილი.
მისივე თქმით, ივანიშვილის განცხადება, რომ თანხის მონიტორინგს შეძლებს, წარმოუდგენელია.
"ვფიქრობ, ამას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოახერხებს. 8 წლის განმავლობაში ვერც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია ვერ ვარკვევთ, თუნდაც თბილისის ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობას. ამ ხელისუფლების პირობებში ამას ვერ გააკონტროლებს". რამდენად გამოიყენებს ამ ნაბიჯს პიარისთვის ივანიშვილი, კახიშვილის თქმით, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.
"ხალხი სულ იქნება იმის მოლოდინში, რომ ფულის გადარიცხვის შემდეგ ხელისუფლების მიერ დაანონსებული დახმარება უნდა გაიზარდოს. თუმცა ივანიშვილის ეს განცხადება იმოქმედებს თუ არა ხალხის აზრზე და არჩევნებზე, წინასწარ ამის თქმა ძნელია.
"ერთი შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებაში მუდმივად იქნება კითხვა, რაში დახარჯა ხელისუფლებამ ივანიშვილის მიერ მათთვის გადარიცხული 80 მილიონი. ხელისუფლება კი მათ ვერ აუხსნის, რომ ეს ჯარიმა იყო", - ამბობს კახიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის აქციების 100% "ქართუ ჯგუფში", აქციების 100% სს "ქართუ ბანკში", აგრეთვე აქციების 21.7% სს "პროგრეს ბანკში" 26 ივნისს დაყადაღდა. 12 ივლისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს" ბანკის აქციების მმართველად ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა დაინიშნა. თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ ბანკებს ყადაღაც მოეხსნათ და იძულებითი აღსრულებაც შეწყდა.