რვაწლიანი ტრაგიკომიკური ფარსი ანუ ჩვენ ნელ-ნელა ყველაფერს გავაკეთებთ

რვაწლიანი ტრაგიკომიკური ფარსი ანუ ჩვენ ნელ-ნელა ყველაფერს გავაკეთებთ

ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანია, შეხვედრები, პროგრამები, 4 წლის შემდეგ გახსენებული მოსახლეობის ინტერესები და შესრულებული და შეუსრულებელი დაპირებები.
წინასაარჩევნო "ბრძოლა წესების გარეშე" დაიწყო.

ტელევიზორიდან მომზირალ, ყველასთვის "მიუწვდომელ" "ნაციონალ" ლიდერებს ახლა ჯერ დაუსრულებელ ან გაყიდვის პროცესში მყოფ საკანონმდებლო ორგანოში კი არა რეგიონების ყველაზე მივიწყებულ სოფლებში გადაეყრებით. მოვიწყებული-თქო ვახსენე და გამახსენდა, რომ ეს "მივიწყებული სოფლები" დღეს ყველაზე მნიშვნელოვან და პოლიტიკური ცენტრის ადგილებად გადაიქცა. ადრე თუ რაიონებისა და სოფლების მოსახლეობა საკუთარ დეპუტატებსაც არ ახსენდებოდათ, ახლა მათთან საკუთარი ფეხით ჩადიან პარლამენტის ე.წ "ფეისები", თავმჯდომარე და მინისტრებიც კი. მუშაობა ძალიან აქტიურად და მრავალი მიმართულებით მიმდინარეობს. დაპირებები გაცვეთილი, თუმცა მრავალფეროვანია და აქტუალობას დღემდე მყარად ინარჩუნებს. მერე რა თუ პარლამენტის თავმჯდომარე ჭიათურის რაიონის სოფელ "მანდაეთის" მცხოვრებლებთან შეხვედრაზე ერთი ერთში იმეორებს იმას, რაზეც 9 წლის წინათ იქ ჩასულმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა. მართალია, ამ წლების განმავლობაში ხალხი ისევ უწყლოდაა, სიმინდი დასაფქვავად 4 და 5 სოფლის მოშორებით დააქვთ, გზაც არაა, სოციალური დახმარებებიც ჩამოერთვათ, მაგრამ კაცი იმედით ცოცხლობსო ნათქვამია და არც ბატონი თავმჯდომარე უტეხავს გულს მათ. იქნება, აბა რას ვიზამთ, აქამდე სახელმწიფოს საფუძველს ვაშენებდით და ახლა მაგ პრობლემებს მივხედავთო.

ხალხის "დაიმედებაში" ბაქრაძეს არც სხვა ლიდერები ჩამორჩნენ. კახეთში მყოფმა ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის დაცვის მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოსახლეობას სესხების გადავადება, ფულადი კომპენსაცია და ვენახის შეწამვლაში ფიზიკური დახმარებაც კი შესთავაზა. ფულადმა კომპენსაციამ რომელიც 1500 ლარით განისაზღვრა, არც მეტი არც ნაკლები, ოჯახის მთელი წლის მოსავლის ფული უნდა აანაზღაუროს. მოსავალივით, რამდენიმე ათასი არაა, მაგრამ ალბათ საცხოვრებლად მეორე მოსავლის აღებამდე საკმარისია (ყოველ შემთხვევაში ალბათ ასე ფიქრობენ "ნაცები" ). ახლა ჭიაბერაშვილი, თურმე უნივერსიტეტებს დაელაპარაკება და სტუდენტური სესხებიც გადავადდება. დარიგდება საკვები პროდუქტიც...

"ყველაფერი იქნება ხალხო. ფქვილი იქნება, ზეთი იქნება, შაქარი იქნება... " დააიმედა მინისტრმა მოსახლეობა და "ჩვეული რუდუნებით" განაგრძო ხალხზე ზრუნვა. ბაქრაძის თქმისა არ იყოს, "ჩვენ ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვსო". ხალხს ალბათ სჯერა ამის, თუმცა ნაკლები რწმენა აქვს იმ სახელმწიფო საფუძვლების, რომელზეც ბაქრაძე იმერლებს ესაუბრა. შეხვედრით იმაზე იმედგაცრუებული აღმოჩნდა მოსახლეობა, ვიდრე ამას უმრავლესობა მოიაზრებდა. სანამ ბაქრაძე 4 წლიანი სამოქმედო გეგმის წარმოჩენა- გაპიარებით იყო დაკავებული, ხალხი მისთვის საკუთარი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ცდილობდა. ქვეყნის საფუძველზე მოლაპარაკე ბაქრაძე, ალბათ ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რომ ლამის ვირტუალურ დონეზე არსებული "ძლიერი სახელმწიფოს" მაგივრად სოფლის ღარიბი მოსახლეობა იმ პრობლემების მოგვარების გზებზე ფიქრობს, რასაც ამაოდ მოელოდა 8 წელი. ჭიათურაში მრავლად აღმოჩნდნენ ადგილობრივი მცხოვრებნი, რომლებიც დღემდე ათასჯერ გაპიარებულ გადაღეჭილი 20 ლარიანი ენერგო ვაუჩერების მოლოდინში არიან და რომლებიც, როგორც თვითონ აცხადებენ, მათხოვრის მდგომარეობაში ჩააყენა ხელისუფლებამ. 

"სამი თვე გავიდა წყალი არ არის სოფელში", " მე არაფრის იმედი არ მაქვს", "თუ დეიწყებთ რამის გაკეთებას, ბოლომდე მაინც არ მიიყვანთ", "ქე ვიცი მე თქვენი დაპირებები", "სად იყავით აქამდე"... ამ განაწყენებული ტექსტებით ჭიათურელი მოსახლეობა შეუსრულებელ დაპირებებზე პასუხს პარლამენტის თავმჯდომარისგან ითხოვდა, თუმცა როგორც ყოველთვის, დარჩა კრიტიკა " ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა".

გამეორება ცოდნის დედააო და დაპირებებს იმეორებენ საჩხერეშიც. საჩხერის გამგებელი ზურაბ ცერცვაძე მოსახლეობას გაცვეთილ სამოქმედო გეგმას უზიარებდა და დეტალურად ყვებოდა რას, როდის დაურიგებენ მოსახლეობას. (მოსახლეობაზე ეს დარიგება- დასაჩუქრება, ჩვენში დარჩეს და ოპოზიციის მხრიდან აღიქმება მოსყიდვად, თორე ხელისუფლების მხრიდან ეს "ხალხზე ზრუნვის" ნათელი გამოხატულებაა). ცერცვაძემ ამ დაწერილ-გაწერილი გეგმის წარმოჩენას მეტ-ნაკლებად გაართვა თავი, თუმცა ვერ იფიქრებდა ალბათ თუ ხალხი უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამოღებას ასე ხმამაღლა გაბედავდა და მას სახალხოდ ჰკითხავდნენ: "რატომ ათავისუფლებენ ადამიანებს სამსახურებიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო? რატომ მოგვიხსნეს გაჭირვებულ ხალხს სოციალური დახმარებები? სტუდენტური დასაქმებისას რა პრინციპით შეარჩიეთ ახალგაზრდები?" ასეთი კითხვებით დახვდა მოსახლეობა გამგებელს და დარჩნენ კიდეც ასე უვადოდ პასუხგაუცემელი. 

პასუხგაუცემელი, დაუსჯელი და დაუნახავია, რეგიონებში პოლიტიკური ზეწოლის ფაქტებიც, ის ფაქტი რომ ბიზნესმენისა და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის, ლევან ბაკურიძის მარჯვენა ხელი, ბათუმის, ბონის აგრარული ბაზრობის მთავარი კონტროლიორი მალხაზ კონცელიძე, უკანონო გარიგების დადებას ცდილობდა "თავისუფალი საქართველოს" წევრთან.

პარტია "თავისუფალი საქართველოს"-ს აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელ, მერაბ ღოღობერიძეს, კონცელიძე კონკრეტული ოპოზიციური ჯგუფის წინააღმდეგ ცრუ განცხადებების გავრცელებას თხოვდა. 200 ლარად შეფასებული ტყუილების გავრცების მცდელობის ფაქტით დღემდე არავინ დაინტერესებულა.
ოპოზიციონერების მოსყიდვა-დაშინების საქმეში აჭარელ "ნაციონალებს" არც კახეთში ჩამორჩნენ.

სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ იანაგაში მცხოვრები აკაკი ტალიაშვილი უბნის რწმუნებულს ზეწოლაში ადანაშაულებს.
ტალიაშვილის განცხადებით, უბნის რწმუნებული გიორგი ბეგიაშვილი მას "ქართული ოცნებიდან" წასვლას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით დაემუქრა.
თუმცა პროტესტი ბევრს ვერაფერს ცვლის, კარგად აპრობირებულმა მეთოდმა ძაღლის ყეფისა და ქარავანის შესახებ უკვე ღრმად გაიდგა ფესვები საქართველოს ხელისუფლებაში.

წინასაარჩევნოდ დარიგებული შხამქიმიკატები, გაკეთებული სახურავები, დარიგებული საკვები და საწვავი. "ნაციონალები" საარჩევნო ციებ-ცხელების პროცესში მრავალჯერ გაცხადებულ გეგმებს თავიდან ადგენენ, მოსახლეობას კი ისევ პოლიტიკური დეჟა ვუ აქვს. ხელისუფლების შემართება პრობლემების აღმოსაფხვრელად თუ რვაწლიანი ტრაგიკომიკული ფარსის დასასრულის დასაწყისი, საზოგადოება კითხვებზე პასუხს ოქტომბერში მიიღებს.