ნუკრი ქანთარია - "სააკაშვილი უკვე წარსულია, ქართველი ხალხის ცუდი სიზმარი... არავითარი რეპრესიული მანქანა არ უნდა არსებობდეს - პოლიტიკური წმენდის წინააღმდეგი ვარ!"
"ნაციონალებს და და ხელისუფლებას ძალიან უნდოდათ კულმინაცია გადმოეტანათ ივლის-აგვისტოში, მაქსიმალურად ეცადნენ პროვოკაციების მეშვეობით ბიძინა ივანიშვილი წონსაწორობიდან გამოეყვანათ. უამრავი ხაფანგი დაგვიგო ხელისუფლებამ. ბრძოლა მიდის და აშკარაა, რომ ჩვენ უპირატესობაში ვართ. სადაც "ქართულმა ოცნებამ" აქციები ჩაატარა, იქ მდგომარეობა რადიკალურადაა შეცვლილი...", - აცხადებს "ქართული აკადემიის" ერთ-ერთი ლიდერი ნუკრი ქანთარია გაზეთ "ახალი თაობისთვის"მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნუკრი ქანთარია: "პოლიცია გრძნობს, რომ ხელისუფლების დღეები დათვლილია" / ბოკერია საეჭვოდაა გაჩუმებული.
"მერაბიშვილის პრემიერად გადაყვანა იმაზე მიანიშნებს, რომ პოლიცია პირდაპირ სააკაშვილს დაექვემდებარება - ყველამ იცის, რომ სისასტიკით გამორჩეული ბაჩო ახალაია, პირდაპირ ემორჩილება სააკაშვილს. მერაბიშვილს მართლა ჰქონდა სისტემის შიგნით ავტორიტეტი. ყველაფერი ბუნებრივად მიდის - მერაბიშვილმა მხარდამჭერები დაკარგა, მან მუშაობა ისეთ ფლანგზე დაიწო, რომელიც მისთვის უცხოა და მისი საქციელი ზოგჯერ პაროდიასაც იწვევს... რაც შეეხება ბაჩო ახალაიას მხრიდან პოლიციის მაღალჩინოსანთა დათხოვნას, წესით დაპირისპირება უნდა იყოს - ჩანს, ეს განწყობა, რომ პოლიცია უკნმაყოფილოა ახალაიას მინისტრობით, კიდევ წამოვიდა ხალხი პოლიციის რიგებიდან. ბუნებრივია, მუშაობს კოალიციის მხრიდან გაგზავნილი მესიჯები, რომ პროფესიონალები უპრობლემოდ გააგრძელებენ მუშაობას პოლიციის რიგებში, რომ პოლიცია გათავისუფლდება და პოლიტიზებული აღარ იქნება და მიხედავს თავის საქმეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნუკრი ქანთარია.
"პოლიციელები ფიქრობენ, რატომ წავიდეთ ასეთ სისასტიკეზე, ჯობია დროებით სამსახური დავტოვოთო. აქციებზე დავაფიქსირე, რომ პოლიციელებიც, რომლებიც მანქანებით მოშორებით იდგნენ, სიამოვნებით უსმენდნენ ბიძინა ივანიშვილს. რა თქმა უნდა, პოლიცია გრძნობს, რომ ამათი საქმე ცუდად მიდის. პოლიციელები სიმართლის მხარეს დადგებიან. სხვათა შორის, მერაბიშვილმა ძალიან თავშეკავებული განცხადება გააკეთა ივანიშვილთან მიმართებაში. თქვა, რომ ის პოლიტიკოს ივანიშვილს არ იცნობს - მას შეეძლო ეთქვა ივანიშვილზე, რომ რუსული პროექტია და ა.შ. - როგორც მისი თანაგუნდელები აცხადებენ, მაგრამ ამაზე არ წავიდა. მერაბიშვილი რურუაზე ვაჟკაცურად მოიქცა, რომელმაც უმადურება გამოავლინა და განაცხადა: რაც ივანიშვილმა გააკეთა, უხარისხოაო...", - განაგრძობს რესპონდენტი.
"დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებიდან გარკვეული წარმომადგენლები მოხვდებიან პასუხისგებაში - ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. ამაში პრინციპული ვიქნები, რომ თითოეულის ბედი გადაწყვიტოს სასამართლომ. ვისაც რაღაც წაართვეს, მას უფლება ექნება იჩივლოს და სამართალს მიაღწიოს. იმ საქმეებზე შეძლებენ ადამიანები სარჩელის შეტანას, ვინც ფიქრობს, რომ მათ მიმართ უსამართლო განაჩენი დადგა. ამ ხელისუფლების წარმომადგენლები მოხვდებიან დამნაშავის სკამზე, რადგან ბევრი დანაშაული აქვთ ჩადენილი არამხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, ანუ მიმაჩნია, რომ დაზარალებულებს უნდა მიეცეთ უფლება საკუთარი უფლებების აღდგენის და არავითარი რეპრესიული მანქანა არ უნდა არსებობდეს. მე პოლიტიკური წმენდის წინააღმდეგი ვარ", - დასძენს ნუკრი ქანთარია და შეკითხვას - "პოლიტიკოსების ნაწილი მიჩნევს, რომ სააკაშვილს უნდა სამოქალაქო დაპირისპირება, რათა დევნილი ხელისუფლების სახელით სხვა ქვეყანაში მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი", - პასუხობს:
"რატომღაც მეეჭვება, რომ ასეთ ნაბიჯზე წავიდეს. არა მგონია, ვინმემ შეიფაროს სააკაშვილი, ის უარეს დღეში ჩავარდება, მრთლა დევნილის სტატუსით რომ იყოს. თუმცა, როგორ იმოქმედებს ძნელი გასათვლელია. ერთი ცხადია, სააკაშვილი უკვე წარსულია, ქართველი ხალხისთვის არის ცუდი სიზმარი".