ოპოზიციურ პარტიათა გუშინდელი აქცია, რომლითაც მათ სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ მოაწყვეს დემარში, საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა და ტრადიციული გაწევ-გამოწევაც მინიატურულ ჩარჩოში მოთავსდა.
საამისოდ, ვიღაცამ ადრიანად დაიჭირა თადარიგი და და სამუშაოდ შემართული მღებრიშვილი თითქმის უსაქმოდ დატოვა. თუმცა. იხტიბარგაუტეხელმა „სპეცმა“ საჩვენებელი გამოსვლა მაინც მოაწყო: კანცელარიის წინ შეკრებილი დემონსტრანტები ქვემოთკენ ჩაანაცვლა, აქაოდა, აქ მზეს, პროტესტი ჩრდილში გამოხატოთ სჯობსო.
მანამდე, პოლიციელებმა ლუიზა შაკიაშვილი და იზოლდა ცომაია უმღებრიშვილოდ ააორთქლეს „საშიში ზონიდან“. გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარებული ქალბატონების ბედმა დანარჩენ მომიტინგეებს, როგორც ჩანს, ენთუზიაზმი შესამჩნევად დაუქვეითა. მაგრამ მიზანს ისინი მაინც მიღწეულად თვლიან.
„ჩვენ ცალსახა და ნათელი ინფორმაცია მივაწოდეთ მოწინააღმდეგეს იმის შესახებ, რომ მათი ტერორიზმის არ გვეშინია. განსაკუთრებული აგრესია არ გამოუხატავთ, მხოლოდ სახლში წასვლა გვირჩიეს“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნოდარ ნათაძემ, რომელიც მთლიანად გამორიცხავს აქციის კავშირს არჩევნებთან.
მიტინგი, ფაქტობრივად, ვაჟა ადამიასადმი სოლიდარობის გამოხატულებასაც წარმოადგენდა, რომლის პროტესტს მთავრობისთვის ძილი, ჯერჯერობით, მაინცდამაინც არ დაუფრთხია.
ხალვათი შეკრების მეთვალყურე თემურ მღებრიშვილი შაკიაშვილის „გატაცების“ ფაქტს არ დაუდარდიანებია: „რა ვიცი, სად არის, გაზაფხულია, იქნებ ვინმე სიყვარულით გაგიჟებულმა აიღო თავზე ხელი და მოიტაცაო“, - რომანტიკული ვერსიით ამშვიდებდა იგი საზოგადოებას.