მთაწმინდაზე გია თორთლაძე იბრძოლებს

მთაწმინდაზე გია თორთლაძე იბრძოლებს

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წყალტუბოს რაიონში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად, ოტია იოსელიანის ვაჟი რამაზ იოსელიანი, ხოლო მთაწმინდის რაიონში ალპინისტი გია თორთლაძე დაასახელა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოთხშაბათს პარტიის ლიდერმა, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა.

როგორც წარდგენაზე რამაზ იოსელიანმა განაცხადა, მისი მთავარი მიზანი არსებული ხელისუფლების ანტიეროვნული ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. წყალტუბოს რაიონში იოსელიანის კონკურენტი, სახელისუფლებო ბლოკის მხარდაჭერით წარდგენილი, შს მინისტრის ძმა ლაშა ნარჩემაშვილი იქნება.

ოთხშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ალპინისტმა გია თორთლაძემ, საარჩევნო ბლოკ „ბურჯანაძე-დემოკრატებს“ უარი განუცხადა თანამშრომლობაზე და მათ ორგანიზაციაში გაერთიანდა.

თორთლაძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი რეალური ოპოზიციური ძალაა საქართველოში. რამდენიმე ხნის წინ „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ამ პარტიის წევრი ლადო ჭიპაშვილი დაასახელა, თუმცა გადაწყვეტილება გაურკვეველი მიზეზების გამო შეცვალა.