ხუმრობა „საქართველოში ერთ დანჯღრეულ მამაკაცზე 10 ლამაზმანი მოდის“, რეალობასთან ახლოს დგას. მამაკაცების დეფიციტი, სტატისტიკოსების თქმით, საქართველოში წარმოებული ომების გამო უკვე თვალში საცემია. კორპორაცია MS-ის დაოჯახების ცენტრის ხელმძღვანელის, ბესიკ სილიკაშვილის განცხადებით, დაოჯახების მსურველთა მხოლოდ 27% მოდის მამაკაცებზე. მამაკაცთა უმრავლესობა “ფრენდგიოლებს“ ეძებს.
დაოჯახების მსურველმა აუცილებელია (ანონიმურობა გარანტირებულია) შეავსოს ანკეტა, სადაც დაწვრილებით აღწერს ავტობიოგრაფიას, ხასიათს, უნარ-ჩვევებს, იმასაც, თუ როგორი პარტნიორის გაცნობა სურს და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი. ცენტრის კლიენტ ქალთა ასაკი 25-30 წელია, მამაკაცთა - 30-35. ქალები მხოლოდ და მხოლოდ თბილისელებზე „ნადირობენ“, მამაკაცებისთვის კი არა აქვს მნიშვნელობა, სადაური იქნება პარტნიორი. მთავარია, საცოლე „ოჯახის ქალი“ იყოს. ქართველ მამაკაცთა უმრავლესობა ოჯახისქალში კი კარგი კერძების დამმზადებელსა და ერთგულ ქალს გულისხმობს.
საკუთარ თავზე ამომწურავი ინფორმაციის შედგენის შემდეგ ფსიქოლოგთა დახმარებით შეირჩევა სასურველი პარტნიორი. შემდეგ ხდება ერთმანეთის „შორიდან შეთვალიერება“ ისე, რომ ერთ-ერთმა არ იცის ეს ამბავი.
დაოჯახების ცენტრი გარეგნული მოწონების შემთხვევაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს კაფე-ბარში წყვილის შეხვედრას. თუ მათ ერთმანეთი მოეწონათ, გამოდის, რომ კორპორაცია „აი-ემ-ბის“ თავისი მისია შეუსრულებია.
ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ისინი ოჯახის შექმნის შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში იღებენ „შეფობას“ ახლად დაქორწინებულებზე და ცდილობენ, დაასაქმონ ისინი.
„ჩვენთან მოსულ მამაკაცთა უმრავლესობა უმუშევარია. ქალების პირველი მოთხოვნა კი ის არის, რომ ეკონომიურად დამოუკიდებელ და ასე თუ ისე უზრუნველყოფილ მამაკაცს გაჰყვნენ ცოლად. ქორწინებიდან ხუთი თვის შემდეგ, როცა დავრწმუნდებით, რომ ნორმალური, მყარი ოჯახი შეიქმნა, კრედიტის აღების საშუალებასაც მივცემთ“, - ამბობს სილიკაშვილი.
ჯერჯერობით რეალობა ასეთია: ცენტრში გამოცხადებულ მამაკაცთა 70% ე.წ. „გიოლფრენდის“, ანუ მეგობარი ქალის საძებრად იყო მისული და არა საცოლისა. ქალთაგან „ბოიფრენდის“ ყოლის სურვილი ორმა გამოთქვა.