ქართველ ახალგაზრდებს დღეს უკვე თავისუფლად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენი გასართობი რადიოსადგურები არაფრით ჩამოუვარდება არათუ ახლო საზღვარგარეთის რადიოკომპანიებს, არამედ შორეულისაც.
ევროპული ეფ ემი-ს სკალა გაინაწილეს ასევე ევროპული დასახელების რადიოსადგურებმა: პირველი რადიო (რადიო 106), ევრიკა, რადიო 105, საქართველოს ხმა და მწვანე ტალღა. მართალია, არა ევროპულ ეფ ემ-ზე, მაგრამ მაინც ჟღერს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, მუსიკალურ-საინფორმაციო რადიო 2 - დედაქალაქის ხმა. მას, სხვა რადიოსადგურებისგან განსხვავებით, მთელი საქართველოს მოსახლეობა ისმენს.
ყველაზე საინტერესოა, რა ენერგიით არიან დამუხტული და რას სთავაზობენ ეს რადიოსადგურები მსმენელებს.
ენერგიის უქონლობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ რადიო 105-ს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ცდილობს გაამხიარულოს ან ძალით გააცინოს 11-15 წლის ასაკის აუდიტორია. ამ საქმის პროფესიონალ ვეტერანად და რადიოსადგურის სექსჭურვად შეიძლება ჩაითვალოს შავი თეთრეულის მოყვარული თიკა კანდელაკი. ასეთივე პოტენციური რადიომუხტის მატარებელია რადიო 2 - დედაქალაქის ხმა. ამ მუხტის შეგრძნება ბევრს არ გაუჭირდება, როდესაც მოისმენს დედაქალაქის ხმის ქუდს, რომელიც აპოკალიფსური ჟღერადობით გვაუწყებს, რომ ეთერშია ზემოთ დასახელებული რადიო და ჩვენი არჩევანი იქნება სწორი, თუ მას მოვუსმენთ და გვთავაზობენ განსხვავებულ მუსიკალურ მასალას და კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ეთერშია დედაქალაქის ხმა. ყველა წინადადება წარმოითქმება სკეტმენისებური სისწრაფით და ამიტომ ურითმო რითმებიც ორიგინალური ქუდის შთაბეჭდილებას ტოვებს. მეტ-ნაკლები ემოციური ტვირთით მიცურავს თავის 106.4 ტალღაზე პირველი რადიოს სოულ-მელანქოლიური ხომალდი, სადაც დროდადრო შესაძლებელია მოისმინოთ ჰარდ როკი, მეტალი, ზოგჯერ გრანჟიც და, რაც მთავარია, მუსიკალური სამყაროს კურიოზი - მელოდიური რეპი.
არ არის გამორიცხული, რომ ეფ ემ-ის სკალის დათვალიერებისას წააწყდეთ მწვანე ტალღას. არ შეგეშინდეთ, თქვენი რადიომიმღები არც ფოთლებს გამოისხამს და არც პარლამენტის თავმჯდომარის ხმას დაიჭერს. ეს მხოლოდ ის რადიოა, რომელიც, რასაც უნდა, იმას ასმენინებს აუდიტორიას, ხოლო ის, რისი მოსმენაც აუდიტორიას სურს, რადიოსადგურის ფონეტიკაში არ არის. მსმენელს კი სურს: პინკ ფლოიდი, დურან დურანი, ენიგმა, ნირვანა, მაიკლ ჯექსონი და ჯიპსი კინგი.
ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფები უხვად აქვს რადიო ევრიკას, თუმცა მისი ტაქტიკა სრულებით არ არის არც 105-ისეული და არც 106-ისეული სტილი. ეს უფრო შემეცნებით-საგანმანათლებლო მიქს-შოუს ჰგავს, სადაც ყველაფერი თითქმის ყოველთვის ლუი არმსტრონგით იწყება და ქალაქური ჰანგებით და კლასიკური მუსიკით მთავრდება, თუმცა ეს არ არის მკვეთრად განსაზღვრული კურსი, რადგან ზოგჯერ შეიძლება ყური მოვკრათ მუსიკალური სამყაროს წითელ წიგნში შეტანილ ისეთ ჯიშებსა და ერთულ ეგზემპლიარებს, როგორებიც არის: რომანტიკული დისკო, ჩა-ჩა-ჩა, ჯგუფი იგლზი, თავისი სასტუმროებით ან პირადი მცველებით გონებადაკარგული უიტნი ჰიუსტონი. ეს არ ნიშნავს, რომ ევრიკის ეთერში არ არის დიპ ფორესტი, მეტალიკა ან ჩაიკოვსკი და სრულებით არ ნიშნავს, რომ რადიოსადგური მოსაწყენია. ამას ამტკიცებს მისი პოპულარული დუეტი რადიო 2-თან კროსვორდების გამოცნობის ვიქტორინაში.
მრავალტანჯული საქართველოს ხმა ბოლოს და ბოლოს დაადგა აღმავლობის გზას, მაგრამ ბევრისთვის გაურკვეველია, რატომ უნდა ერქვას რადიოსადგურს ასეთი ეროვნულ-პატრიოტული სახელი, როდესაც მისი რეპერტუარის 90%-ს რუსული ფოლკლორული პოპსა შეადგენს.
საქართველოს ხმა ნამდვილი მისწრება უნდა იყოს იმ უიმედოდ შეყვარებული მელომანებისათვის, რომლებიც შვებას ვერ პოულობენ რადიო 106-ის ცრემლიან ტალღებზე, რადგან საქართველოს ხმა ზოგჯერ ანჟელიკა ვარუმთან ერთად წკმუტუნებს, ხან შუფუტინსკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი ნოსტალგიური ტექსტებით ტირის, ზოგჯერაც ვალერი მელაძის კვნესას იმეორებს. თუმცა ეს კურიოზიც ქართული რადიოს განუმეორებლობას და მრავალფეროვნებას ამტკიცებს. მუსიკალური კომპოზიციების გარდა, ზოგიერთმა რადიოსადგურმა სცადა საავტორო და შემეცნებითი გადაცემების გაკეთება, თუმცა მათი შედეგიანობა კითხვის ქვეშ დგას. დღეისათვის ეთერში არ გადის ახალი რადიო, რომელსაც ჰქონდა იდეა ფიქსი - რაც შეიძლება მეტი საავტორო გადაცემები გაეშვა ეთერში და ამავე დროს არ ფიქრობდა მათ ხარისხზე. ბევრი გადაცემა აგებული იყო რადიოში შემთხვევით მოსული პიროვნებების ამბიციებზე და მათი ბევრი არაპროფესიული ნაშრომი რადიომსმენელების გაღიზიანებას იწვევდა.
რადიო ევრიკაც ცდილობს ამ სტილის გადაცემათა ციკლების გაშვებას. თუ რამდენჯერმე მაინც მოგისმენიათ გადაცემა „მოდით ვისაუბროთ“, დაგრჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ წამყვანი დაჟინებით ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ ის ჭკვიანია, ხოლო თქვენ კი - ბრიყვი პაციენტი, რომელიც ვალდებულია დაეთანხმოს წამყვანის აზრს, თუ სურს ჭეშმარიტების აღქმა. გადაცემის წამყვანის ამ მიდრეკილებამ აპოგეას მიაღწია რელიგიის თემაზე საუბრისას, როდესაც მან თითქმის მიწასთან გაასწორა რადიომსმენელები საკუთარი პოსტულატებით: „ვინც ამბობს, რომ იცის, იმან არაფერი იცის“ და მისნაირები. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული რადიოსადგურები ჩამოყალიბების ეტაპზეა და ხარვეზები ეპატიებათ. ამასთანავე მათი მოსმენა აუდიტორიას ჯერჯერობით ართობს.