საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოს ორ ცარიელ საფლავში ქართველი ემიგრანტების - კალისტრატე და ნინო სალიების ნეშტები უნდა დაეკრძალათ. მაგრამ მოხდა ისე, რომ კალისტრატე სალია საქართველოში გადმოასვენეს და დიდუბის პანთონში დაკრძალეს. მისმა მოხუცმა ქვრივმაც, პარიზში მცხოვრებმა ნინო სალიამ ანდერძით მეუღლის გვერდით, დიდუბის პანთეონში დაკრძალვა ისურვა. მაგრამ მისი ფერფლი დღეს საფრანგეთის ერთ-ერთ კრემატორიუმშია გადამალული.
- ას წელს მიტანებულ ნინო სალიას მეურვედ ქართველი ემიგრანტი, შალვა თაყაიშვილი დაუდგა. მან მოხუც ქალს პარიზში, საბჭოთა კავშირის საელჩოს გვერდით მდგარი ვილა გააყიდინა და ეიფელის კოშკთან ექვსოთახიან ბინაში გადაიყვანა. კალისტრატე სალიას დანაზოგიდან სამი მილიონი ფრანკი ამ ემიგრანტის ხელში მოხვდა. როცა პარიზში მოხუცი ნინო სალიას მონახულება დავაპირე, მასთან შესვლა ძლივს მოვასწარი. მეურვე ამ შეხვედრის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
შალვა თაყაიშვილს საქართველოსთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი აქვს და ამბობს დღევანდელ ხელისუფლებას არ ვცნობო. ეს არცნობა მას აწყობს და ამით ხელოვნურ ბარიერს ქმნის - ამბობს მიგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გურამ შარაძე.
სალიების იურიდიულ მემკვიდრედ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი ითვლება. მეურვე გაუჩინარებულია. შალვა თაყაიშვილმა გაყიდა პარიზის ბინა, ლევილში აღარ ჩადის, პარიზის ქართულ ეკლესიაში, სადაც გალობდა კიდეც, აღარ ჩნდება, კვირაობით წირვასაც კი აღარ ესწრება.
- კაცმა არ იცის, სად წავიდა კალისტრატე სალიას დანაზოგი. სამი მილიონიც გაუჩინარებულია და ის დარჩენილი თანხაც, რომელიც სალიას ანგარიშზე იყო და დღეს საქართველოს კუთვნილებაა - ამბობს გურამ შარაძე, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს წესით ამ ქართველი ემიგრანტის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას აპირებს.
- რა შუაშია პოლიტიკა და ხელისუფლების ცნობა, როცა საქმე ქრისტიანულ მორალს ეხება: როდემდე უნდა იყოს ნინო სალია დაუსაფლავებელი?