მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თავმჯდომარეობით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეტ რუდი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თედო ჯაფარიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჯენერ ედელმანი, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჩინჩალაძე.
ფონდის პროექტები და ადმინისტრირება სრულად დაფინანსებულია აშშ-ის მთავრობის მიერ და მას მართავს ღია კონკურსით შერჩეული, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიერ დამტკიცებული აღმასრულებელი დირექტორი და მენეჯმენტის გუნდი.
სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის უწყვეტი, სტრატეგიული დახმარების მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის გუნდს წარმატებული მუშაობისთვის.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებულ 140 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტის გრანტს - კომპაქტს. კომპაქტი არის აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის ხელმოწერილი საგრანტო შეთანხმება და 2013-2019 წლებში საქართველოში ხორციელდება პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით.
„მეორე კომპაქტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება საქართველოს 1.7 მილიონი მოქალაქის ცხოვრება ხარისხიანი განათლების დონის ამაღლების და ადამიანური კაპიტალის განვითარების გზით, რაც დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
კომპაქტის განხორციელების შედეგად „მე ვხედავ არა მხოლოდ ახლად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებსა, არამედ ქვეყნის ტრანსფორმაციასა და შთამბეჭდავ ცვლილებებს, რომელსაც საზოგადოება განიცდის დღეს საქართველოში. ეს ძალიან დიდი შედეგია“, - სხდომაზე განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მუშაობის შეფასებისას.