სააკაშვილს ჯაშუშობა დააბრალეს

სააკაშვილს ჯაშუშობა დააბრალეს

საპარლამენტო ფრაქცია „აღორძინების“ წევრმა სანდრო ბრეგაძემ „ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული“ განცხადება უწოდა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, რომელმაც აჭარის ავტონომიის მეთაურს ასლან აბაშიძეს რუსეთის ინტერესების სამსახურში დასდო ბრალი.

როგორც პარასკევს, პარლამენტის სხდომაზე სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილს ამ განცხადების გაკეთება „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა დაავალეს, რათა საქართველოსთვის რთულ პერიოდში ასლან აბაშიძეზე შეტევა განეხორციელებინა“.

„აღორძინება“ უფლებას იტოვებს, რომ გარკვეული საპროტესტო განცხადებით მიმართოს პარლამენტს, ასევე ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ლუსტრაცია, თუ ვინ ვისი აგენტია“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ამავე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ გაკვირვება გამოთქვა ბრეგაძის გამოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ასლან აბაშიძე არ თვლის უცხო ქვეყნის ჯარებად ბათუმში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზას, რომელიც პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებით, საქართველოდან უნდა გავიდეს.