თურქეთის ელჩები ვაშინგტონსა და თელ-ავივში კონსულტაციისთვის იქნებიან გამოწვეული

თურქეთის ელჩები ვაშინგტონსა და თელ-ავივში კონსულტაციისთვის იქნებიან გამოწვეული

თურქეთმა გადაწყვეტილება მიიღო აშშ- დან და ისრაელიდან თავისი ელჩების გამოწვევაზე კონსულტაციების ჩასატარებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ღაზა-ისრაელის საზღვარზე ვითარება გამწვავდა, რის შედეგადაც 58 პალესტინელი დაიღუპა. 

„აშშ კვლავ მარტო დარჩა და ასევე დაკარგა შუამავალის როლი რეგიონში მშვიდობის დარეგულირებაში. თურქეთის ელჩები ვაშინგტონსა და თელ-ავივში გამოწვეული იქნებიან კონსულტაციისთვის“, - განაცხადა თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბექირ ბოზდაღმა. 

ასევე პალესტინელებთან სოლიდარობის ნიშნით თურქეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. 

აღსანიშნავია, რომ გუშინ იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მოწოდებით ათი ათასობით პალესტინელმა ვითარება გაამწვავა ღაზა-ისრაელის უსაფრთხოების ხაზთან. ისინი ისრაელელ ჯარისკაცებს ქვებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ და საზღვრის გადაკვეთას შეეცადნენ.