ჩვენი მიზანია, რომ ნატოს სამიტზე საქართველოს პროგრესი შესაბამისად აღინიშნოს

ჩვენი მიზანია, რომ ნატოს სამიტზე საქართველოს პროგრესი შესაბამისად აღინიშნოს

უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა იყო საკმაოდ დატვირთული, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ნატო-ს სამიტი. 

„დღევანდელ სხდომაზე ნატო-ს სამიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე გვქონდა საუბარი. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს პროგრესი ამ გზაზე შესაბამისად აღინიშნოს. საუბარი იყო თუ როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშვნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ მაქსიმალურად დაგვაახლოვოს ნატო-სთან, რაც არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ამისთვის არსებობს რამდენიმე ვერსია და ამ ვერსიებზე გვქონდა საუბარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მისივე თქმით, უშიშროების საბჭოზე ასევე იყო საუბარი რეგიონში არსებულ დღევანდელ სურათზე, შესაბამის საფრთხეებზე, რუსეთის ოკუპაციაზე და რეგიონში მიმდინარე სხვა მოვლენებზე. 

„მოვისმინეთ შესაბამისი უწყებების ინფორმაცია და ვიმსჯელეთ საქართველომ რა ნაბიჯები უნდა გადადგას უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა პრემიერმა. 

მისი ინფორმაციით, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, თავდაცვის რეფორმაა. „საუბარი შეეხო თავდაცვის რეფორმის მიმდინარეობას. მინისტრმა შესაბამისი ინფორმაცია წარმოადგინა. განვიხილეთ რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა აშშ-სთან უახლოეს მომავალში დაიწყება და ვისაუბრეთ ამ პროგრამაზეც“, - განაცხადა პრემიერმა.