პოლიციამ პარლამენტთან აქციის მონაწილეების მიერ დადგმული კარვების აღება დაიწყო

პოლიციამ პარლამენტთან აქციის მონაწილეების მიერ დადგმული კარვების აღება დაიწყო

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების მიერ დადგმულ კარვებს შლიან. თავდაპირველად პოლიციის წარმომადგენლებმა შეკრებილებს კარვების აღებისკენ მოუწოდეს, თუმცა უარის მიღების შემდეგ კარვების დაშლა თვითონვე დაიწყეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პოლიცია ამ ქმედებით არღვევს კანონს და ისინი ცდილობენ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიონ. მათი თქმით, ეს არის პროვოკაცია, რომელსაც არ უნდა აყვნენ. 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 5 კარავი წუხელ დადგეს. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები 12 მაისს კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. მათ 4 მოთხოვნა აქვთ: „პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“.

უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.