ესაა უმდაბლესი, უხარისხო შოუ ერთი მიზნით - დასჯა ახალგაზრდობის, ვისაც მოსწონს კლუბური გართობა, - ასე ეხმაურება „ევროული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გუშინ თბილისში, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას.
როგორც გიგი უგულავა აცხადებს, ნარკოტრეფიკს, ნარკორეალიზაციას ასე არ ებრძვიან.
„თუ შსს სამი თვეა აკვირდება, შეეძლო სახლში ან დღისით აეყვანათ, ვინც ასაყვანია. ესაა უმდაბლესი, უხარისხო შოუ ერთი მიზნით - დასჯა ახალგაზრდობის, ვისაც მოსწონს კლუბური გართობა. ესაა შეტევა ცხოვრების წესსა და ადამიანის თავისუფალ არჩევანზე - კანონის ფარგლებში, იცხოვრო შენი სურვილის მიხედვით. ასე ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებთ და მხოლოდ გავაღმავებთ. ესაა სირცხვილი ჩადენილი სახელმწიფოს სახელით“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
ამასთან, „ევროული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და მას საგამოძიებო უწყების აღიარებას უწოდებს.
„თუ ჩანაწერები გაქვს, უდანაშაულო ხალხს რისთვის აგდებ საფრთხეში? ჯამში, გუშინ კლუბებში მინიმუმ 5000 კაცი იყო, მათ შორის უამრავი ტურისტი. დაჭერილია 8, ანუ 0.001%. შსს-ს ხელმძღვანელობავ, თუ აცნობიერებთ, რომ დანაშაულებივი არაკომპეტენტურობა ჩაიდინეთ. ეს 8 პირი სხვაგან, მშვიდად აგეყვანათ და მერე ვიდეოები გეჩვენებინათ ხალხისთვის (რასაც ალბათ, დღეს საღამოს ვიხილავთ). ნათელია ამ მასკარადის მიზეზი - კლუბი ბერასი არაა. ის 8 პირი ქუჩაში რომ აგეყვანათ, ვერ მიაღწევდით მაგ მიზანს? მაგრამ მიზეზი კიდევ უფრო ღრმაა - „ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკური ცვედნობა. „კლუბები = სიკვდილს" - ამ კლიშეს გაჩენა გსურთ, რადგან იცით რომ საქმეს თავს ვერ გაართმევთ. ამიტომ ამკვიდრებთ -"ჩვენ არაფერ შუაში ვართ, კლუბები არიან სატნები". პირველივე დღიდან ასე იქცევით - ოპოზიცია გისმენდათ, ნახმარ შპრიცებს ოპონენტები ყრიდნენ სადარბაზოებში, მოსახლეობის გაღატაკებაში ბანკები არიან დამნაშავეები, ლარის ვარდნა უკრაინის ბრალია და ასე შემდეგ. პოლიტიკური ცვედნობა არის ტოტალური პასუხისმგებლობის არ და ვერ აღება იმაზე, რაც კანონით გავალია. ამიტომ არის საზოგადოებისთვის საშიში ივანიშვილის რეჟიმი, ამიტომ არსებობს გამოთქმა - თევზი თავიდან ლპება. შმორის სუნი დგას ფარაონის მამულებში“, - განაცხადა გიგი უგულავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.