საქართველოს გენერალური პროკურატურა ბადრი პატარკაციშვილს რუსეთის გენერალურ პროკურატურას არ გადასცემს.
ნუგზარ გაბრიჩიძის განცხადებით, ასეთი მოთხოვნა მის უწყებას მოსკოვიდან არც მიუღია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბადრი პატარკაციშვილი საქართველოს მოქალაქეა და ამის დამადასტურებელი პასპორტი მას მოსკოვში საქართველოს საელჩოში აქვს მიღებული.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი პატარკაციშვილის გადაცემას საქართველოსგან ოფიციალურად მოითხოვს, მისადმი წაყენებული ბრალდებების მიუხედავად, ქართული მხარე საქართველოს მოქალაქეს რუსეთს არ გადასცემს“, - განაცხადა გაბრიჩიძემ
ამავე დროს, თუ რუსეთი პატარკაციშვილის დანაშაულის ფაქტებს წარმოადგენს, საქართველოს გენ-პროკურატურა საქმეს ადგილზე გამოიძიებს და მას როგორც საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს კანონებით საქართველოშივე გავასამართლებთ.
ამავე დროს, გუშინ რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ვლადიმერ კოლესნიკოვმა ბორის ბერეზოვსკის ორ პარტნიორს ბადრი პატარკაციშვილს და კომპანიის „ლოგოვაზის“ ყოფილ ხელმძღვანელს იული დუბოვს ბრალდებები წაუყენა.
კოლესნიკოვის მტკიცებით, მათ წინააღმდეგ დაუსწრებლად 2002 წლის 6 აგვისტოს „ავტოვაზზე“ ავტომანქანების დატაცებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.
„ლოგოვაზის“ დირექტორს, ბორის ბერეზოვსკისა და მის მოადგილეს, ბადრი პატარკაციშვილს 1994-95 წლებში „ავტოვაზიდან“ 60 მლრდ არადენომინირებული რუბლის ღირებულების 2033 ავტომანქანის დატაცება ედებოდა ბრალად.